რა არის ნარკოტიკების მოხმარება: ავადმყოფობა თუ კრიმინალური საქმიანობა? ექსპერტები, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემით ბრძოლა უმწვავეს პრობლემასთან, რომელიც ადრე თუ გვიან, კაცობრიობას გადაშენებას უქადის, გაიოლდება... "ჰუმანური ნარკოპოლიტიკა - საზოგადოების შეკვეთა", - ამ სლოგანით წარიმართა კონფერენცია, რომელიც სასტუმრო "ვერე-პალასში" გაიმართა და რომელსაც ამ პრობლემაზე მომუშავე მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დეპუტატები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ვენის დეკლარაციაში (2010 წლის 22 ივლისი) შავით თეთრზე წერია: "დღეს არსებული უამრავი ფაქტით დასტურდება, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებებთან მიმართებაში სამართლებრივი იძულების ზომებმა ვერ უზრუნველყო დასახული მიზნების მიღწევა. ამის გათვალისწინებით, საყოველთაოდ უნდა ვაღიაროთ ასეთი იძულების პოლიტიკის უარყოფითი და ზიანის მომტანი შედეგები და ვიზრუნოთ მათ გამოსწორებაზე".
ამ მეტად მტკივნეულ პრობლემაზე გვესაუბრებიან ზემოაღნიშნული კონფერენციის ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალი ვექტორის" ხელმძღვანელი, კოკა ლაბარტყავა და არასამთავრობო ორგანიზაციის, "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" წარმომადგენელი ალექსი შოშიკელაშვილი.
კოკა ლაბარტყავა: - ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს შიდსის, ნარკომანიის პრობლემებზე, წარმოვადგენთ ნარკოტიკების მომხმარებელთა ინტერესებს, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღიურად ვურთიერთობთ ამ ადამიანებთან, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. შექმნილი რთული ვითარება განპირობებულია იმ სახელმწიფო პოლიტიკითაც, რომელიც დღეს ხორციელდება, და ძირითადად, დამსჯელ ღონისძიებებს ეფუძნება. და ეს მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით (რომლებსაც ჩვენი სახელმწიფოც მხარს უჭერს) ნარკოპრობლემის გადაჭრას მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომა სჭირდება.
ამა წლის 22 ივლისს ავსტრიაში გაიმართა შიდსის საერთაშორისო კონფერენცია, სადაც მიიღეს ვენის დეკლარაცია, რომელსაც მხარი დაუჭირეს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა (ელისაბედ) რულოვსმა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გიორგობიანმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა.
დეკლარაცია სახელმწიფოებს აძლევს მითითებებს, რეკომენდაციებს, რომ ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა მეცნიერულად დასაბუთებული და არა - რეპრესიაზე დაფუძნებული მეთოდებით გადაწყვიტონ; აუცილებელია ნარკოტიკის მოხმარებისა და ფლობის დეკრიმინალიზაცია. ამ დეკლარაციის მიღების შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მაღალი ტრიბუნიდან სპეციალურმა მომხსენებელმა ანანდ გროვერმა, პირველად ნარკოპოლიტიკისა და გაეროს ისტორიაში, განაცხადა, რომ აუცილებელია ნარკომანიით დაავადებულ პირთა უფლებების დაცვა, ნარკოტიკების მოხმარებისა და ფლობის დეკრიმინალიზაცია და დეპენალიზაცია; საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს ნარკოტიკების კონტროლის არსებული სისტემის არაეფექტიანობა, გავატაროთ რეფორმები. სახელმწიფოებმა, მთავრობებმა უნდა განახორციელონ ზიანის შემცირების პროგრამები და პოლიტიკა. თუმცა, საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო იღებს საერთაშორისო ვალდებულებებს ჰუმანური ნარკოპოლიტიკის გატარების თაობაზე, სრულებით საპირისპირო ნაბიჯები იდგმება, კანონმდებლობა უცვლელია.
ჯერ კიდევ 2008 წლის დეკემბერში, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ - ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივის პაკეტი ნარკოკანონმდებლობის შესახებ, 58 ათასი მოქალაქის ხელმოწერით და მიუხედავად საკითხის აქტუალობისა, პარლამენტს, ამ ინიციატივის განხილვა არც კი დაუწყია.
- რამდენი ნარკომანია დღეს საქართველოში? ხშირად სრულებით განსხვავებული მონაცემები ქვეყნდება...
- ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ექსპერტების მონაცემებით, ქვეყანაში 40 ათასი ნარკოტიკების პრობლემური მომხმარებელია. აშშ-ის სახელმწიფო დეაპარტამენტის სტატისტიკით კი, ჩვენთან 250 ათასიდან 350 ათასამდე ნარკოტიკების მომხმარებელია და მათ შორის - 80 ათასი პრობლემური მომხმარებელი.
- ჩვენი საზოგადოება, საზოგადოებრივი აზრით, თუ არის მზად იმისთვის, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი ავადმყოფად მიიჩნიოს?
- ნარკომანია ქრონიკური დაავადებაა, რომელსაც მთელი ცხოვრება თან სდევს მწვავე და რემისიის პერიოდების მონაცვლეობა, მას მკურნალობა ესაჭიროება, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა, დაპატიმრება შედეგს არ იძლევა, რისი თვალნათელი მაგალითიც ჩვენი დღევანდელობაა.
ალექსი შოშიკელაშვილი:
- ნარკომანიაზე საუბარს ჩვენში არსებული სტიგმის გამო, როგორც საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკოსები თავს არიდებენ. ამ ფონზე აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება ზიანის შემცირების ქსელის მუშაობაზე. რას ნიშნავს, როცა ამდენი ხნის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანო არც კი გამოხატავს პოზიციას ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე? თუმცა, ფაქტი, რომ ამ კანონის განხილვა არც კი დაწყებულა, უკვე პოზიციაა, - დეპუტატებს, პოლიტიკოსებს სურთ წარმოჩინდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, როგორც დემოკრატიული, ჰუმანური ღირებულებების დამცველები, მეორე მხრივ კი, არსებულ პოლიტიკურ კონიუნქტურას უწევენ ანგარიშს, რადგან საქართველოში ნარკოპოლიტიკა დიდ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, ნარკომომხმარებლები მთლიანად არიან მოქცეულნი პოლიტიკური კონტროლის ქვეშ და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით, მათ სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებენ.
R