ავტორი:

"ინსინიეს შესაცვლელად არ მოვსულვარ, მოვედი, რომ დიდი ფეხბურთი ვითამაშო... ჩემპიონობა? - მზად ვარ" - ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენცია და ოფიციალური პრეზენტაცია იტალიურ მედიასთან

"ინსინიეს შესაცვლელად არ მოვსულვარ, მოვედი, რომ დიდი ფეხბურთი ვითამაშო... ჩემპიონობა? - მზად ვარ" - ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენცია და ოფიციალური პრეზენტაცია იტალიურ მედიასთან

ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას დღეა. 14 ივლისს სადებიუტო თამაშში ორი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა, დღეს კი მედიის წინაშე წარსდგა და ამით ჟურნალისტებთან მისი ოფიციალური პრეზენტაცია შედგა. ხვიჩას იტალიური თავგადასავალი ენთუზიაზმით და უკვე წარმატებით დაიწყო.

მას იტალიაში ლორენცო ინსინიეს მემკვიდრედ მოიხსენიებენ, თუმცა თვითონ თქვა, რომ "ნაპოლიში" არა ინსინიეს შესაცვლელად, არამედ დიდი ფეხბურთის სათამაშოდაა.

"ითამაშო "ნაპოლიში", ეს დიდი სტიმულია. მე დიდ გუნდში ვარ და ვარ იმისთვის, რომ საუკეთესო შესაძლებლობები წარმოვაჩინო. ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ როცა ნაპოლიმ დამირეკა, ბევრი არ მიფიქრია სანამ "დიახს" ვიტყოდი. ვგრძნობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ყველა ღონეს გამოვიყენებ, რომ მოვიგო ყველაფერი, რაც შესაძლებელია“, - თქვა კვარაცხელიამ.

  • მანვე აღნიშნა, რომ უკვე დაიწყო იტალიურის სწავლა. ასევე ისაუბრა მწვრთნელზე, ლუჩიანო სპალეტიზე და თქვა, რომ გუნდში მეგობრული გარემოა და თანაგუნდელებისგან ბევრს სწავლობს.

"სპალეტი ნეაპოლში ჩამოსვლამდე გავიცანი, ის ფანტასტიკური ადამიანია და უკვე ბევრი ვისწავლე მისგან“, - ამბობს ფეხბურთელი.

ხვიჩა აღნიშნავს, რომ მისთვის შთამაგონებელი კრიშტიანუ რონალდუა. მისივე თქმით, მისი საყვარელი ციფრია 7, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ 77 იყო დარჩენილი და ამიტომაც ამ ნომრით თამაშობს, ხვიჩას თქმით, ეს ორმაგ იღბალს მოუტანს.

"სანამ აქ ჩამოვიდოდი, მითხრეს, რომ ნეაპოლი ლამაზი ქალაქია. სინამდვილეში, მე აქამდე ასეთი ლამაზი ქალაქი არასდროს მინახავს. ასევე მითხრეს, რომ აქ შესანიშნავი გულშემატკივრები არიან, რომლებიც გცნობენ. ეს სასიამოვნოა. აქ ყოფნა ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა და ასევე ჩემი ქვეყნისთვის, სტიმულია ასევე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისთვის.

ჩემპიონობა? მზად ვარ", - აღნიშნა ქართველმა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე. ნახეთ ასევე: მაისურზე დავიწერ ჩემს გვარს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ "კვარა" დამიძახოთ

ნახეთ ვიდეო პრესკონფერენციიდან: