ავტორი:

"მე ვიცე-პოლკოვნიკს ჩემი ქვეყანა ბრალს მიყენებს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში" - რა თქვა სოსო გოგაშვილმა სასამართლო სხდომაზე და რატომ დაიხურა პროცესი

"მე ვიცე-პოლკოვნიკს ჩემი ქვეყანა ბრალს მიყენებს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში" - რა თქვა სოსო გოგაშვილმა სასამართლო სხდომაზე და რატომ დაიხურა პროცესი

სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილიმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, რომ დაკავების მომენტში მის მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა და ადგილი ჰქონდა მისი ოჯახის წევრების წამებას.

მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე გოგაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ.

  • "ჩემ მიმართ იყო არასათანადო, არაადამიანური მოპყრობა, ჩემი ოჯახის წევრების წამება, არასრულწლოვანი ბავშების უდიდესი სტრესის ქვეშ ყოფნა, 4 საათი სასწრაფო არ გამომიძახეს და მომექცნენ როგორც უკანასკნელ ტერორისტს. არ დამარეკინეს ადვოკატთან, ყველა ტელეფონი ჩამომართვეს. ბოლო შეურაცხყოფა რაც ვიგრძენი, იყო ის, რომ ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა აქ რომ მომიყვანეს... კრიმინალებთან ერთად სოროში ვიყავი, სადაც არც ჰაერი იყო, კედლებზე ეწერა "ჟიზნ ვარამ“ და რაღაც უბედურებები. ასე არ უნდა ხდებოდეს. ადამიანებს, სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ. თქვენ [ბრალდების მხარეს] უნდა გრცხვენოდეთ, იმის ნაცვლად, რომ მე მიცავდეთ, ჩემთან ერთად იღებდეთ ინფორმაციას ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებზე, არც კი აღნიშნავთ იმ გარემოებებს, რაც ჩემ წინააღმდეგ განხორციელდა“,- განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

"იდიოტის ნაცვლად ვიხმარ სიტყვა "იმნაირს“. ეს იმნაირი ხალხი იმნაირად დაგეგმილი სპეცოპერაციით ამას ახორციელებენ ჩემზე, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის მიმართ, რომელმაც ამ ქვეყანაში ტერორისტებს მუსრი გაავლო - ეს არასწორი მოქმედებაა, ეს ჩემი შეურაცხყოფაა, ეს ქვეყნის შეურაცხყოფაა, - თქვა გოგაშვილმა სასამართლო პროცესზე.

სოსო გოგაშვილმა სასამართლო პროცესზე მისი დაკავების სპეცოპერაციის დეტალები აღწერა.

"დღეს ისტორიული ფაქტის მომსწრე ვართ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკს პასუხისგებაში აძლევს სუს-ი და ბრალდებას უყენებს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების, ოღონდ რუსეთის სპეცსამსახურების, აგენტების ჩივილის შედეგად და ამაში უნდათ, რომ სასამართლო ჩართონ და სასამართლოს დისკრედიტაცია მოახდინონ.

მე ვიცე-პოლკოვნიკს ჩემი ქვეყანა ბრალს მიყენებს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში,“ - განაცხადა სოსო გოგაშვილმა პროცესზე.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი, მის მიერ დაკავების დეტალებზე საუბრის შემდეგ, დაიხურა.

სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებას გოგაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან შეძახილები - "სირცხვილია“ და "გრცხვენოდეთ“ მოჰყვა.

პროკურორის, მაია სილაგაძის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მასალები გრიფით საიდუმლო დოკუმენტებს და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, შესაბამისად, სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო. თავის მხრივ, გოგაშვილის ადვოკატები ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ და პროცესის არა სრულად, არამედ ნაწილობრივ დახურვა მოითხოვეს.

"ვიცოდით, რომ პროკურატურას ექნებოდა საფუძველი დაეხურა პროცესი. თუმცა, საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს საქმის ნაწილობრივ დახურვასაც და როდესაც პერსონალური, ან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არ იქნება, ასეთ შემთხვევაში არის შესაძლებლობა ნაწილობრივ დაიხუროს ეს პროცესი”, - აღნიშნა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს, ბრალდების მხარე კი - პატიმრობას.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

იხილეთ ასევე: