ავტორი:

"იყო შემთხვევები, როცა უკრაინელებად ასაღებდნენ თავს, ერთხელ იმდენად აგრესიულები გახდნენ, ხელითაც გამოიწიეს" - ვიზა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და რუსული აგრესია ბარ "დედაენის" წინააღმდეგ

"იყო შემთხვევები, როცა უკრაინელებად ასაღებდნენ თავს, ერთხელ იმდენად აგრესიულები გახდნენ, ხელითაც გამოიწიეს" - ვიზა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და რუსული აგრესია ბარ "დედაენის" წინააღმდეგ

გუშინ, თბილისში მდებარე "დედაენის ბარის“ მფლობელმა დათა ლაფაურმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ ბარის საიტზე რუსების მხრიდან კიბერშეტევა განხორციელდა.

ოკუპანტების გაღიზიანების მიზეზი ოკუპაციის კითხვარი გახდა, რომლის შევსებასაც აპრილიდან ბარში შესულ რუსეთის მოქალაქეებს სთხოვენ. ამ კითხვარის შევსება ერთგვარი "ვიზაა“ რუსეთის მოქალაქისთვის, რომ ბარში მოხვდეს, თუმცა, როგორც ირკვევა, მათი ნახევარი მის შევსებაზე უარს აცხადებს.

ოკუპაციის კითხვარის შევსებისას რუსეთის მოქალაქემ ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი:

1. პუტინისთვის ხმა მიმიცია, ის დიქტატორია

2. ვგმობ რუსეთის აგრესიას უკრაინაში

3. საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ

4. მომწონს ფრაზა „Russkii Voennii Karabl, Idi Na X*i“

5. დიდება უკრაინას

მას შემდეგ, რაც ბარის მფლობელმა სოციალურ ქსელში კიბერთავდასხმის შესახებ დაწერა, ბართან უამრავი ადამიანი მივიდა, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ შორის იყვნენ ცნობილი სახეებიც და პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი. ბევრი მათგანი წერდა, რომ "დედაენის ბარში“ პირველად იყვნენ და ძალიან მოეწონათ გარემო, რომელიც ადგილზე დახვდათ.

Ambebi.ge-სთან საუბრისას დათა ლაფაური ამბობს, რომ ძალიან მადლიერია გუშინდელი დღით, როდესაც ადგილზე ბევრი მოქალაქე მივიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა ბარს. რაც შეეხება ოკუპაციის კითხვარს, მისი შევსება რუსეთის მოქალაქეებისთვის ბარში მოსახვედრად აპრილიდან გახდა სავალდებულო.

- აპრილიდან გვაქვს ეს კითხვარი, მის შევსებას კი მხოლოდ მათ ვთხოვთ, ვინც რუსეთის მოქალაქეა. ვიღაცას შეიძლება მოვეტყუებინეთ კიდეც, მაგრამ კართან ვეკითხებოდით, იყვნენ თუ არა ისინი რუსეთის მოქალაქეები. ზოგადად ჩვენი ბარი უფრო ქართველ მომხმარებელზეა გათვლილი, მაგრამ ტურისტებიც ხშირად გვსტუმრობენ, მათ შორის რუსებიც. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ძალიან მოიმატა ქალაქში რუსებმა და მათ შორის ბარშიც.

ჩვენს კარამდე მოსული რუსეთის მოქალაქეების ნახევარი უარს ამბობს კითხვარის შევსებასა და რუსული ოკუპაციის აღიარებაზე, შესაბამისად, უკან ბრუნდებიან, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც აქეთ მადლობა გადაგვიხადეს. მენიუ მხოლოდ ქართულად და ინგლისურად გვაქვს, ამაზეც ყოფილა უკმაყოფილება, მაგრამ ეს უფრო მანამდე, ვიდრე სავიზო აპლიკაციის შევსებას მოვითხოვდით.

- როგორ შეაფასებდით გუშინდელ დღეს?

- ჩვენთვის ძალიან ძვირფასი იყო ამდენი მხარდამჭერის ნახვა, გულანთებული, კეთილი ადამიანების, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ. ზოგმა მთელი დღე გაატარა ბარში, რათა მხარდაჭერა ეჩვენებინათ.

დათა ამბობს, რომ კიბერთავდასხმის ფაქტზე სამართალდამცავების მხრიდან ამ ეტაპზე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. ბარი აგრძელებს მუშაობს ოკუპანტების გარეშე.

სესილი ბუთხუზი, სამი წელია რაც „დედაენის ბარის“ მენეჯერი და ბარმენია. ამბობს, რომ ბართან მოსულ რუს სტუმრებს არ მოსწონთ უკრაინის დროშები და კართან გაკეთებული წარწერა Русский военный корабль, иди на хуй... იხსენებს შემთხვევას, როდესაც მისი ფიზიკური შეურაცხყოფაც კი სცადეს...

- უკრაინაში რუსეთის შეჭრის და აქ ჩამოსული რუსი "ლტოლვილების" შემდეგ გავაკეთეთ ვიზები, რამდენჯერმე იყო შემთხვევა როცა იტყუებოდნენ და უკრაინელებად ასაღებდნენ თავს და ერთხელ იმდენად აგრესიულები გახდნენ, ხელითაც გამოიწიეს ჩემზე, როდესაც შენიშვნა მივეცი, რომ ბარის ინვენტარის დაზიანება და გატეხვა არ შეიძლებოდა.

კითხვარი, რომლის შევსებასაც ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს სთხოვენ

ოკუპაციის ვიზების გამო ძალიან ბევრი არ შემოდის, არ მოსწონთ უკრანის დროშები, არ მოსწონთ კართან გაკეთებული წარწერა "რუსკი კარაბლის" მიმართულებაზე და ვერ ხვდებიან, რატომ უნდა ვითხოვთ იმის დადასტურებას, რომ რუსეთი ოკუპანტია, პუტინმა დაიწყო ომი, ყირიმი უკრაინაა და აფხაზეთი/სამაჩაბლო კი საქართველო, რატომ არ ვემსახურებით რუსულად...

ბევრი ბრაზდება ძალიან და არ შემოდიან შიგნით, არ ავსებენ ამ კითხვარს, რომელშიც, უბრალოდ, ფაქტებია მოყვანილი, რომელსაც, როგორც წესი, ყველა რეჟიმს გამოქცეული "ლტოლვილი" უნდა ეთანხმებოდეს.

ჩემი პირადი პოზიცია მარტივია, არ უნდა ჰქონდეთ კომფორტი ამ ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, არ უნდა ველაპარაკოთ მათ ენაზე და უნდა ყოველ ნაბიჯზე შევახსენოთ, რისი გადატანა მოგვიწია და გვიწევს მათი ქვეყნის გამო და რამდენმა ქართველმა დაკარგა სიცოცხლე და სახლები რუსების გამო...

გუშინ პირდაპირ გვიწერდნენ, - უკრაინის შემდეგ თქვენი ჯერიაო... ასევე წერდნენ: ფხაზეთი რუსეთია, საქართველოც რუსეთის ნაწილი გახდება და რომ თურმე დროა რუსული ვისწავლოთ და პატივი ვცეთ მათ, რომ მოგვანატრებენ 2008 წელს... როგორ გადაგვწვავენ, გვცემენ და მჟავას შემოგვასხავენ ბარის თანამშრომლებს ამის გამო...

იხილეთ ასევე: