სალომე ზურაბიშვილი გაერო-ში მიდის

სალომე ზურაბიშვილი გაერო-ში მიდის

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი ლიდერი საერთაშორისო მისიაში გაერო-ს მოთხოვნით მიემგზავრება, მაგრამ არა როგორც საქართველოს წარმომადგენელი.

სავარაუდოდ, სწორედ ამ თემაზე გაკეთდება საგანგებო განცხადება დღეისთვის დაგეგმილ ბრიფინგზე. სალომე ზურაბიშვილი განცხადებას 18.00 საათზე გააკეთებს.

სალომე ზურაბიშვილი ქართულ საზოგადოებას 2003 წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააცნო - სწორედ 2003-2004 წლებში ზურაბიშვილი საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო საქართველოში.

2004 წლის მარტში კი, მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. 20 მარტს პრეზიდენტმა მას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, თუმცა საფრანგეთის პასპორტიც შეუნარჩუნდა.

პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნის თაობაზე 8-10 მარტს, საფრანგეთში ვიზიტს მოჰყვა. სააკაშვილის განცხადებით, მან ეს საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ დე ვილეპინთან განიხილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად სალომე ზურაბიშვილი 2005 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა. მისი თანამდებობიდან გათავისუფლება საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა იგი 19 ოქტომბერს დაითხოვა.

20 ოქტომბერს კი, უკვე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, თბილისში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ყველაზე მასშტაბური აქციის გამართვა შეძლო, სადაც საზოგადოებას საქართველოში დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერის დაწყების შესახებ აცნობა.

იპოდრომზე შეკრებილ მრავალრიცხოვან მოსახლეობას მიმართა მან ცნობილი ფრაზით - "საქართველოში ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან".

2006 წელს სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტია "საქართველოს გზა" ჩამოაყალიბა.

ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოჩენამდე ზურაბიშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა რომში, ვაშინგტონში ვენაში, ჩადის რესპუბლიკაში, ბრიუსელსა და პარიზში, საფრანგეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 1977-1980 წლებში, გაერო-ში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივანი იყო.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ქართველი ემიგრანტის ოჯახში დაიბადა, არის ცნობილი ქართველი მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე