დაპირისპირება გიგანტებს შორის და საქართველოს ორაზროვანი მდგომარეობა

დაპირისპირება გიგანტებს შორის და საქართველოს ორაზროვანი მდგომარეობა

"ამერიკა ირანზე თავდასხმისთვის ემზადება. ამ საკითხთან დაკავშირებით თეთრ სახლსა და პენტაგონს შორის საგანგებო კონსულტაციები მიმდინარეობს", "პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე სამხედრო ზეწოლის ესკალაციის განხორციელების შესახებ განკარგულება უკვე გასცა". "ამერიკისა და "ნატოს" ფართომასშტაბიანი სამხედრო ძალები ირანის შეიარაღებული ძალების სრულ განადგურებას გეგმავენ" - ასეთი ცნობები დასავლურმა მედიამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ირანზე ზეწოლის გაძლიერება სთხოვა. ბაიდენმა კი საჯაროდ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ობამა არ დაუშვებს, ირანმა ბირთვული არსენალი აწარმოოს და თუ პრობლემა მშვიდობიანი გზით არ მოგვარდება, საქმეში შეიარაღებული ძალები ჩაებმებიან...

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა და ისრაელმა ირანს მოუწოდეს, შეეწყვიტა ბირთვული პროგრამა, რომელიც, მათი თქმით, ბირთვული იარაღის შექმნას ისახავს მიზნად. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, წლეულს ივნისში, გაეროს უშიშროების საბჭომ 1929-ე რეზოლუციით, ირანს დამატებითი ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები დაუწესა. ირანმა არაერთგზის უარყო ბრალდება ბირთვული იარაღის შექმნასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მისი ატომური პროგრამა მშვიდობიან მიზანს ემსახურება: სულ ახლახან ქალაქ ბუშერში პირველი ატომური ელექტროსადგური გაიხსნა, პრეზიდენტმა მახმუდ ახმადინეჯადმა კი პირობა დადო, რომ მალე ირანის ტერიტორიაზე ურანის გადამმუშავებელი 10 ქარხანა აშენდება.

ბაიდენის ინიციატივას შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი არ ეთანხმება. ის მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ-ეკონომიკური სანქციები, ადრე თუ გვიან, შედეგს მაინც გამოიღებს და ირანის ბირთვული პროგრამა შეწყდება. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ირანს ეხება, მოვლენების განვითარების რამდენიმე ვარიანტს უნდა ელოდო და შესაბამისი სამოქმედო გეგმებიც წინასწარ უნდა გქონდეს მომზადებული.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია - მაშინ, როდესაც ამერიკა-ირანის ურთიერთობები უკიდურესად იძაბება, თეირანთან თანამშრომლობას რუსეთი და საქართველო ეტანებიან. პრემიერი პუტინი და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლავროვი საჯაროდ უჭერენ მხარს ირანის ბირთვულ პროგრამას, რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია "როსატომის" ხელმძღვანელი სერგეი კირიენკო ბუშერში, ატომური ელექტროსადგურის ამუშავებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე ჩადის. ირანის საინფორმაციო სააგენტო "პრეს ტვ"-ს ინფორმაციით, ირანის ბირთვულ პროგრამას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც. შეგახსენებთ იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოსა და ირანს შორის უვიზო რეჟიმი უკვე ოფიციალურად გაფორმდა. რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს ამერიკის ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილება ირანთან დაკავშირებით და რა გავლენას იქონიებს საქართველოზე ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავება? - ამის შესახებ ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, კახა გოგოლაშვილი გვესაუბრება.

- ბატონო კახა, როგორ ფიქრობთ - ობამას ადმინისტრაციის მიერ ირანის მისამართით გაკეთებული განცხადებები შელახული იმიჯის აღდგენისა და პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მიზნითაა გაკეთებული თუ ირანსა და ამერიკას შორის ომის დაწყების საფრთხე რეალურია?

- ვაშინგტონში საკმაოდ დიდი ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თუ ირანი სანქციებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის მიუხედავად, მაინც გააგრძელებდა ბირთვული იარაღის შექმნას, აშშ სამხედრო ძალას გამოიყენებდა ატომური ელექტროსადგურების გასანადგურებლად. თეთრი სახლი ამ გადაწყვეტილების შესახებ დროდადრო, ომახიან განცხადებებს აკეთებს. ჩემი აზრით, ამერიკელ მაღალჩინოსანთა მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკური სარჩული უდევს საფუძვლად.

სენატის არჩევნებში "დემოკრატების" დამარცხებამ და "რესპუბლიკელების" გამარჯვებამ ცხადყო, რომ მოსახლეობის უმრავლესობა "დემოკრატი" ობამას დამთმობ პოლიტიკურ კურსს არ იწონებს და ხისტი საგარეო პოლიტიკის მომხრეა (როგორც მოგეხსენებათ, "რესპუბლიკელები" ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე ხშირად აკეთებენ აქცენტს). ე.ი. სენატის არჩევნების შედეგმა ობამას ადმინისტრაციის რიტორიკა შეცვალა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვაშინგტონი საგარეო პოლიტიკას მნიშვნელოვნად შეცვლის. მე იმასაც ვფიქრობ, რომ ობამა ამერიკული ბიზნესისთვისაც ახალი გზების ძიებას დაიწყებს. ალბათ სწორედ ამით იყო განპირობებული ინდოეთში ობამას გამგზავრება.

- ობამას ადმინისტრაციას სწორედ "რესპუბლიკელები" აკრიტიკებდნენ რუსეთის მიმართ წარმოებული ლოიალური პოლიტიკის გამოც. თუ ოფიციალური მოსკოვის მიერ ირანის ბირთვული პროგრამის მხარდაჭერასაც გავითვალისწინებთ, ხომ არ არის შესაძლებელი, ვაშინგტონმა მოსკოვის მიმართაც შეიცვალოს პოზიცია?

- მედვედევმა უკვე დაუშვა შეცდომა, როდესაც კურილიის კუნძულების გამო იაპონიასთან ურთიერთობა გაამწვავა. გამორიცხული არ არის, რომ იგივე შეცდომა დაუშვას ირანთან მიმართებითაც. რუსეთი ცდილობს, ირანის წინაშე თავისი საქციელის რეაბილიტაცია მოახდინოს.

- რას გულისხმობთ - ირანისთვის სანქციების დაწესების საკითხში აშშ-ს მხარი რომ დაუჭირა?

- დიახ. მაშინ მოსკოვმა თეირანი სერიოზულად გაანაწყენა. რუსეთის ამ ნაბიჯის მიუხედავად, ჩემი აზრით, ვაშინგტონი მაინც მოერიდება კრემლთან ურთიერთობის დაძაბვას, იმიტომ, რომ ძალიან სჭირდება რუსეთის დახმარება ავღანეთში. თეთრი სახლი უკვე დიდი ხანია, ცდილობს, ჩააბას მოსკოვი ავღანეთის კონფლიქტში. გარდა იმისა, რომ ვაშინგტონს რუსული სამხედრო ძალის გამოყენება უნდა, ასევე სურს, პაკისტანის ნაცვლად, რუსეთი გამოიყენოს თავისი სამხედრო ძალების მომარაგებისთვის. პაკისტანის გზა სულ უფრო და უფრო სახიფათო ხდება და მის ერთადერთ ალტერნატივად, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რჩება. ამერიკისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის სათავეში რესპუბლიკური პარტიაც რომ იყოს, რუსეთთან ურთიერთობას მაინც არ გაამწვავებდა, ყოველ შეთხვევაში - ამ ეტაპზე მაინც.

- არც იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეცდომებს ისევ დაუშვებს?

- რუსეთი უეჭველად დაუშვებს შეცდომებს და თეთრი სახლის მცდელობის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, რუსულ-ამერიკული ურთიერთობები მაინც არ აეწყობა, იმიტომ, რომ ამ ქვეყნების პრიორიტეტები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური ისლამი რუსეთისთვისაც ისეთსავე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, როგორსაც ამერიკისთვის, ისინი ერთმანეთთან მაინც ვერ მორიგდებიან. მაგრამ ვიდრე ეს საბოლოოდ გაირკვევა, ბევრი დრო გავა. ისე, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა მალევე გადადგას ამერიკის საწინააღმდეგოდ მიმართული კიდევ რამდენიმე ნაბიჯი, თუ ის პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას შეძლებს ისეთ პერსპექტიულ ქვეყნებთან, როგორებიცაა ჩინეთი და ინდოეთი.

- როგორ ფიქრობთ - რუსეთს იაპონიასთან სიტუაციის გამწვავება რისთვის სჭირდებოდა?

- ჩემი აზრით, ჩინეთის გულის მოსაგებად. ჩინეთი და იაპონია დიდი ხანია, ერთმანეთს დაუძინებელ მტრებად მიიჩნევენ. იაპონიასთან კარგ ურთიერთობაში მყოფი ქვეყანა ჩინეთისთვის არასდროს იქნება მისაღები პარტნიორად. შესაძლოა, იაპონიასთან ურთიერთობის დაძაბვამ რუსეთს ჩინეთთან ურთიერთობისას დიპლომატიური გამარჯვება მოუტანოს.

- საქართველოს რისთვის სჭირდება მისი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის მტერთან ანუ ირანთან ურთიერთობის დათბობა?

- საქართველოსთვის ირანი ისეთსავე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, როგორსაც რუსეთი. ჩვენ არაფერში გვჭირდება, რომ მეზობლად კიდევ ერთი მტრულად განწყობილი უზარმაზარი ქვეყანა გვყავდეს. მერწმუნეთ, ირანსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. მე არც ის მგონია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობა შეერთებულ შტატებს გააღიზიანებს. ვაშინგტონმა შესანიშნავად იცის, რომ საქართველო არასდროს გახდება იმ ბანაკის წევრი, რომელშიც ირანი ან, თუ გნებავთ, რუსეთია. არა მგონია, საქართველოს უწყინარი სურვილი - ირანთან ეკონომიკური ურთიერთობის მოწესრიგება და დაბალანსებული პოლიტიკა - ამერიკის გაღიზიანების მიზეზი გახდეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ირანთან მეგობრული ურთიერთობა დავამყაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, ამერიკაზე გამწარებულმა ირანმა საქართველოს დასჯა გადაწყვიტოს.

- იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებს, ჩვენ, ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, შევძლებთ, ამ კონფლიქტისთვის არ დავზარალდეთ?

- მართლაც, არ გვაძლევს ხელს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ომის დაწყება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, თუ რაიმე შესაძლებლობა და რესურსი გვაქვს, ეს ომი რეგიონს თავიდან ავაცილოთ.

- ჩვენ რა შეგვიძლია, ბატონო კახა?

- მართალი ხართ, ჩვენი ქვეყნის გავლენა და შესაძლებლობები ძალზე მცირეა, მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ. ამით იმას მაინც მივაღწევთ, რომ ირანის დარტყმის ობიექტად არ ვიქცევით. საგარეო მდგომარეობის თვალსაზრისით, ძალზე რთული მომენტი გვიდგას, მაგრამ იმედი მაქვს, თავს გავართმევთ.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე