ავტორი:

"საოცარი გოგო იყო თინა, კეთილი, მხიარული... მაყვლის კრეფის დროს ჩვენი სოფლის მინდვრებიდან გაჰყვნენ გზას და ავლევში ასე მოხვდნენ" - რას ჰყვება ქმრის მიერ მოკლული ქალის მეგობარი

"საოცარი გოგო იყო თინა, კეთილი, მხიარული... მაყვლის კრეფის დროს ჩვენი სოფლის მინდვრებიდან გაჰყვნენ გზას და ავლევში ასე მოხვდნენ" - რას ჰყვება ქმრის მიერ მოკლული ქალის მეგობარი

ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ავლევში გუშინ საზარელი მკვლელობა მოხდა. 29 წლის ქალი მეუღლემ გაგუდა. უცნობია, რა გახდა დანაშაულის მოტივი. გარდაცვლილი ქალის მამის თქმით, ცოლ-ქმარი მაყვლის საკრეფად იყვნენ წასულები სოფელ ავლევში. ბრალდებულმა თანასოფლელ ბიჭებს თავად გაუმხილა, რომ მკვლელობა ჩაიდინა, რის შემდეგაც ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია და ის დააკავა.

სასტიკად მოკლული ქალი თინა ჩოჩნიძეა, რომელიც ხაშურიდან, სოფელ ვაყადან იყო.

როგორც მისი მეგობარი გვიყვება, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

"საოცარი გოგო იყო თინა... თბილი, კეთილი, მხიარული. ჩემი სოფლიდან იყო, ვაყედან. მაყვლის კრეფის დროს ჩვენი სოფლის მინდვრებიდან გაჰყვნენ გზას და ავლევში ასე მოხვდნენ. მის ქმარს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. შვილი არ დარჩენიათ, რამდენადაც ვიცი." - ამბობს ambebi.ge -სთან ნიკა მოსიაშვილი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ "ფეისბუქში" შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

"ვაჰ, რა უბედურებაა, რა გვჭირს?! ეს გოგო ჩემი თანასოფლელია, ქმარმა იმსხვერპლა. ჩვენი საზოგადოების სენი გახდა ეს საშინელი ქცევა. როგორ ზრდით ბიჭებს? რა ჯანდაბას ასწავლით? რას ეუბნებით, რომ ადამიანი მხოლოდ კაცია? ისევ თქვენ დალევთ მერე ქალების სადღეგრძელოს. ფუ, რანაირი ხალხი ხართ. ძალიან კეთილი და ძალიან თბილი გოგო იყო თინი" - დაწერა ნიკა მოსიაშვილმა.

რაც შეეხება სამართალდამცავი უწყებების პოზიციას, საქართველოს პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 აგვისტოს, 34 წლის ბრალდებულმა 29 წლის მეუღლე ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით დაახრჩო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებული ნაცნობი ქალი - თ.ჩ. გაგუდა. პოლიციამ თ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გარდა ამისა, დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.

იხილეთ ასევე: