ხანტი-მანსის ავტონომიური ოლქის რუსი სენატორის, პუტინისტ ედუარდ ისაკოვის ქალიშვილი, დიანა ისაკოვა, რომელმაც დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, საქართველოშია.
"ახლა საქართველოში ვარ, აქ თავს დაცულად ვგრძნობ. "ინსტაგრამის" საშუალებით არაფერი გამიზიარებია იმის შესახებ, რაც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში დამემართა. ბევრი რამ მოხდა. აქციას ვაწყობდი, როდესაც პოლიციამ დამაკავა. სოჭიდან წამოვედი, ბევრი ვიმოგზაურე, ვესაუბრე ხალხს, ოპოზიციონერებს, დავემშვიდობე ნათესავებს ციმბირში. საქართველოში მოგზაურობა დავგეგმე და ბოლოს ეს მოხდა“, - დაწერა ისაკოვამ "ინსტაგრამზე".
18 აგვისტოს 25 წლის დიანა ისაკოვამ განაცხადა, რომ ის ტოვებდა რუსეთს და მზად იყო ესაუბრა ომისადმი მის დამოკიდებულებაზე. 19 აგვისტოს გამოქვეყნდა მისი ინტერვიუები BBC-სთან და Meduza-სთან, რომელშიც ამბობდა, რომ რამდენიმე წელია, რაც ოპოზიციური შეხედულებები აქვს და ამის გამო, მამასთან არაერთხელ მოუვიდა კონფლიქტი, მათ შორის ლგბტ უფლებებისადმი დამოკიდებულების გამოც.
მარტში ქალი სოჭში ომის საწინააღმდეგო პატარა აქციაზე გამოჩნდა, აპრილში კი საკუთარი ანტისაომარი აქცია გამართა, სადაც დააკავეს.
მამამ, როგორც ინტერვიუდან ირკვევა, მისი დაკავების შესახებ ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ვალენტინა მატვიენკოსგან შეიტყო. თავად სენატორმა BBC-ს განუცხადა, რომ მატვიენკომ სთხოვა მას "დალაპარაკებოდა თავის ქალიშვილს, აეხსნა მისთვის მიზეზები, რამაც გამოიწვია უკრაინაში სპეციალური ოპერაციის საჭიროება". საუბარი იმით დასრულდა, რომ ისაკოვმა, დიანას თქმით, უთხრა, რომ ის მისი ქალიშვილი აღარ იყო.
დიანას ინტერვიუს კომენტირებისას, ფედერაციის საბჭოს წევრმა ედუარდ ისაკოვმა შვილს "მოღალატე“ უწოდა. სენატორმა დაწერა, რომ მისმა ქალიშვილმა "გაყიდა მამა, ოჯახი, სამშობლო".
"ძნელია სიტყვების პოვნა, როცა შენი ქალიშვილი მოღალატე აღმოჩნდება“, - წერს ისაკოვი.
ისაკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიანა პირველი ქორწინებიდან შეეძინა და "სამი წლის ასაკიდან მას არ გაუზრდია..."
"იმ მომენტიდან, როცა გავიგე, რომ მას ანტირუსული პოზიცია ჰქონდა, ჩვენ არ ვურთიერთობთ, არ ვაძლევ მას საცხოვრებელს“, - წერს ისაკოვი.
ისაკოვი დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და კანადის სანქციების სიაშია. ის აქტიურად უჭერს მხარს ომს.
იხილეთ ასევე: