ავტორი:

რუსმა მსახიობებმა ჩულპან ხამატოვამ და ანატოლი ბელიმ რიგაში გამოსვლა დაიწყეს ფრაზით: "დიდება უკრაინას!" - აღშფოთებული რუსები მათ "მაწანწალა მსახიობებად" მოიხსენიებენ

რუსმა მსახიობებმა ჩულპან ხამატოვამ და ანატოლი ბელიმ რიგაში გამოსვლა დაიწყეს ფრაზით: "დიდება უკრაინას!" - აღშფოთებული რუსები მათ "მაწანწალა მსახიობებად" მოიხსენიებენ

პროკრემლისტური მედია არ წყვეტს იმ ცნობილი ადამიანების კრიტიკას, ვინც რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააპროტესტა. მეორე დღეა რუსული გამოცემები წერენ ცნობილი მსახიობების, ჩულპან ხამატოვასა და ანატოლი ბელის შესახებ, რომლებიც ამ ცოტა ხნის წინ, რიგაში მაყურებლის წინაშე წარდგნენ.

როგორც მედიის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მათ თავიანთი გამოსვლა დაიწყეს ფრაზით: "დიდება უკრაინას!" ამან პუტინის რეჟიმის მხარდამჭერები კიდევ ერთხელ აღაშფოთა. ისინი წერენ, რომ ხამატოვას და ბელის გამოსვლა ლატვიელი მაყურებლის წინაშე არაფრით გამორჩეული და წარუმატებელი იყო. ზოგიერთი უფრო შორს მიდის და მსახიობებს "მოღალატეებად" მოიხსენიებს.

შეგახსენებთ, ომის დაწყების შემდეგ, როგორც ხამატოვამ, ისე ბელიმ რუსეთი დატოვეს. მსახიობი ქალი ლატვიაში გადავიდა საცხოვრებლად, ბელმა კი, როგორც რუსული მედია წერდა, სამსახურის შეთავაზება ისრაელიდან მიიღო. ამჟამად ისინი ლატვიაში ერთად მართავენ წარმოდგენებს.

ომის დაწყებიდან მალევე ჩულპან ხამატოვამ თავის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და განაცხადა:

"ომს სხვას ვერაფერს დავარქმევ. მე არაფერი დამიშავებია, უბრალოდ, ვამბობ, რომ ომი არ მინდა. მშვიდობა მინდა. მე ვიცი, რომ არ ვარ მოღალატე. ზუსტად ვიცი, რომ მოღალატე არ ვარ. მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო... მაგრამ სხვის მწუხარებას, ტკივილს, ტრაგედიას, ჰუმანიტარულ კატასტროფას ვერ ვუწოდებ იმას, რაც ვიღაცას პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ომს სხვა სიტყვებს ვერ დავარქმევ. მეშინია რუსეთში დაბრუნების. მეშინია, არ დავკარგო ჩემი სინდისი და საკუთარი თავი..."

მსახიობების რუსეთიდან წასვლის შემდეგ რუსული მედია მათ წინააღმდეგ დროდადრო პირდაპირ შტურმს აწყობს და მათ "მაწანწალა მსახიობებს" უწოდებს.

იხილეთ ასევე: