ახალი Jeep Grand Cherokee-ს პლატფორმა შესაძლოა, იტალიურმა კონცერნმა Fiat მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. უპირველეს ყოვლისა, საუბარია Alfa Romeo და Maserati-ს კროსოვერების წარმოებაზე.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა აუტომოტივი კონცერნ Fiat-ის აღმასრულებელ დირექტორზე სერჯიო მარკიონეზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ახალი Grand Cherokee-ს პლატფორმა არასათანადოდ იყო შეფასებული, არადა მას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.
თუ "ალფას" მიერ კროსოვერების წარმოების დაწყებაზე უკვე დიდი ხანია ხმები დადის, "მაცერატის" გეგმებზე, აქამდე სიტყვაც კი არ თქმულა.
Maserati-ს ისტორიაში პირველი კროსოვერი 12-18 თვის განმავლობაში გამოჩნდება. მოსალოდნელია, რომ სიახლეს Ferrari-ს აგრეგატებით აღჭურვავენ. ხოლო რაც შეეხება Alfa Romeo-ს, მის სამოდელო ხაზში ერთდროულად ორი კროსოვერი გამოჩნდება. შედარებით კომპაქტური ვერსიის წარმოებას კომპანიაში დაახლოებით ორ წელიწადში დაიწყებენ, ხოლო საშუალო ზომის მოდელს 2014 წლამდე არ უნდა ველოდოთ. აღსანიშნავია, რომ ორივე ვერსიის წარმოება აშშ-ში კონცერნ Chrysler-ის ქარხანაში იგეგმება, თუმცა ის მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ Alfa Romeo-ს მარკით გაიყიდება.
კოკა კვირკველია
რადიო "პალიტრა"