გინეკოლოგიური პრობლემები და ნაადრევი კლიმაქსი

გინეკოლოგიური პრობლემები და ნაადრევი კლიმაქსი

თანამედროვე ქალების უმეტესობას გინეკოლოგიური პრობლემები აწუხებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ახალგაზრდა ქალების 60%-ზე მეტს სასქესო სხვადასხვა გინეკოლოგიური დარღვევა აღენიშნება.

ყველაზე ხშირად რა ჩივილებით მიმართავენ ქალები ექიმს? გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი ლელა რუხაძე:

- ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები გინეკოლოგიურ დაავადებათა 60-65%-ს შეადგენს. ანთებითი პროცესის გამომწვევი შეიძლება იყოს ბაქტერია, ვირუსი, მიკოპლაზმა, სოკო კანდიდა, ქლამიდია, ვაგინალური ტრიქომონა, ტუბერკულოზის ჩხირი და სხვა.

ანთებითი პროცესის ჩამოყალიბება დამოკიდებულია გამომწვევი მიკროორგანიზმის აქტივობასა და თვისებებზე, ორგანიზმის ზოგად იმუნოლოგიურ მდგომარეობაზე. სასქესო ორგანოებში არსებობს ფიზიოლოგიური ბარიერული სისტემები, რომელთა წყალობითაც დაავადების გამომწვევი მიკრობები ყოველთვის ვერ ხვდებიან სასქესო სისტემაში, მაგრამ ზოგჯერ მიკრობები სასქესო ორგანოებში აღწევენ.

ანთებითი პროცესი მიმდინარეობის მიხედვით შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. პროცესი შეიძლება განვითარდეს გარეთა სასქესო ორგანოებზე და გავრცელდეს შიგნით, მენჯის ღრუს ორგანოებზე. ინფექციას ხშირად შერეული ხასიათიც აქვს.

- ასეთ შემთხვევაში როგორი ჩივილებით მიმართავენ ექიმს ქალბატონები?

- ჩივილები ასეთია: გარეთა სასქესო ორგანიების შეშუპება, წვა, ქავილი, გამონადენი, შარდვის გაძნელება, ტკივილები მუცლისა და წელის არეში. მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურაც. ანამნეზის შეკრებისას მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, რა ჩივილები აქვს პაციენტს, ჰქონდა თუ არა მსგავსი ჩივილები ადრე და სხვა.

მნიშვნელოვანია ასევე შეფასდეს B, C ჰეპატიტებითა და შიდსით ინფიცირების რისკი, რადგან ის ჩივილები, რომლებითაც ქალმა ექიმს მიმართა, შეიძლება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შედეგი იყოს. ზემოთ ჩამოთვლილმა მიკროორგანიზმებმა შესაძლოა გამოიწვიოს გარეთა სასქესო ორგანოების, საშვილოსნოს ყელის არხის,  საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის, საკვერცხეების, ფალოპის მილების მძიმე ანთებითი პროცესების განვითარება და ქალის რეპროდუქციული ფუნქციის (შვილოსნობის) დარღვევა. ამას ხელს უწყობს ასევე ხშირი და გართულებული აბორტები. ამიტომ ამგვარი ჩივილების შემთხვევაში ქალმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და შესაბამისი გამოკვლევები ჩაიტაროს.

- შეიძლება თუ არა, ანთებითი ცვლილებები ხელოვნურმა აბორტმა გამოიწვიოს?

- შესაძლებელია, აბორტს ინფექციის შეჭრა და სალპინგოოფორიტის ჩამოყალიბება მოჰყვეს. გარდა ამისა, ის შეიძლება იქცეს ისეთ მძიმე გართულებათა მიზეზად, როგორიც არის ანთებითი და შეხორცებითი პროცესები მცირე მენჯის ღრუში, ფალოპის მილების დახშობა. ამგვარი გართულებები საკმაოდ ხშირია და ეს ყველა ქალს უნდა ახსოვდეს.

- ბუნებრივ აბორტს რა იწვევს?

- ბუნებრივ აბორტს არაერთი მიზეზი აქვს: მწვავე ინფექციური დაავადებები, რომლებსაც ახასიათებს ორგანიზმის ინტოქსიკაცია, მაღალი ტემპერატურა, ასევე - საშვილოსნოს ქრონიკული ანთებითი პროცესები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ვირუსული პათოლოგიები, შინაგანი სეკრეციის დაავადებები, ჰორმონული დარღვევები, ჰემატოლოგიური კონფლიქტი დედასა და ნაყოფს შორის, ორსულთა ტოქსიკოზი, თირკმლის, ღვიძლის, გულის დაავადებები, რომლებიც ხასიათდება სისხლის მიმოქცევის მოშლით, ძლიერი ფსიქიკური ტრავმა, ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა, რადიოაქტიური გამოსხივება.

- შეიძლება თუ არა კონტრაცეპტივების სპონტანური მიღება?

- ორალური კონტრაცეფცია არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, მაგრამ ნებისმიერი ასეთი პრეპარატი ქალმა ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოს,  ყველა მათგანი ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. კონტრაცეპტივებს ნაკლოვანებებიც აქვთ. მაგალითად, ისინი ქალს არ იცავენ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებისგან. 35 წელს გადაცილებული მწეველი ქალები დგანან ინფარქტის, ინსულტისა და სისხლის შედედების სხვა პრობლემების წინაშე, ამიტომ ამ დროს კონტრაცეპტივის მიღება არასასურველია, რადგან ის თრომბის წარმოშობის დამატებით რისკს ქმნის. ასევე თრომბის წარმოშობის რისკი ემუქრებათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს. ამიტომ ნებისმიერი კონტრაცეპტივის მიღება გამოკვლევების საფუძველზე უნდა ხდებოდეს.

- რას გვეტყოდით მენოპაუზაზე, ქალის ცხოვრების ეს პერიოდი ყოველთვის რთულად მიმდინარეობს?

- მენოპაუზა, ანუ კლიმაქსი არის  მენსტრუალური ციკლის მყარი შეწყვეტა. ამ დროს საკვერცხეების ფუნქცია თანდათან სუსტდება და წყდება. ფოლიკულური აპარატი, პრაქტიკულად, წყვეტს ესტროგენების გამომუშავებას და სრულფასოვანი კვერცხუჯრედების მარაგი ილევა. ქალების უმეტესობას კლიმაქსური პერიოდი საშუალოდ 45-50 წლის ასაკში აღენიშნება. ეს ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესია.

ზოგიერთ ქალს კლიმაქსი პათოლოგიური გამოვლინების გარეშე აქვს, ზოგჯერ კი თავს იჩენს ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ალები, შემცივნება, ოფლიანობა, ტაქიკარდია, თავის ტკივილი, თავბრუ, აგრეთვე ფსიქოლოგიური დარღვევები - აგზნება, უძილობა, შიში, მეხსიერების დაქვეითება. მაგრამ აქ საგანგაშო არაფერია, ეს სიმპტომები მხოლოდ ამძიმებს კლიმაქსის ბუნებრივ მიმდინარეობას. ამიტომ ქალბატონებმა ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღონ სპეციალური პრეპარატები, რომელიც ამ პერიოდის გადატანაში დაეხმარებათ.

- არცთუ იშვიათია ნაადრევი კლიმაქსი. რა იწვევს მას?

- ნაადრევ კლიმაქსზე იმ შემთხვევაში ვლაპარაკობთ, როდესაც მენოპაუზა უვითარდებათ 40 წლამდე ასაკის ქალებს, რომლებსაც ადრე ნორმალური მენსტრუალური და რეპროდუქციული ფუნქცია ჰქონდათ. ნაადრევი კლიმაქსისას ვითარდება საკვერცხეების უკმარისობა, სასქესო ჰორმონების მკვეთრი შემცირება... ნაადრევ კლიმაქსსაც ისეთივე კლინიკური სურათი აქვს, როგორიც კლიმაქტერიულ სინდრომს.

ნაადრევი კლიმაქსის ჩამოყალიბებაში მთავარ როლს ასრულებს ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა, მემკვიდრეობითი ან არასასურველი ფაქტორების ზეგავლენა, გენიტალიური და ექსტრაგენიტალიური დაავადებები. იმ პაციენტებს, რომლებსაც მენოპაუზა სწრაფად, წინასწარი დარღვევების გარეშე ჩამოუყალიბდათ, აღენიშნებათ კლიმაქტერიული სინდრომის მძიმე ფორმა - თმისა და ფრჩხილების სიმშრალე, კუნთების, სახსრების ტკივილი, არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, ტკივილი გულის არეში, თავბრუ, ყურების ხმაური, ალები, თავის ტკივილი, ფსიქოემოციური დარღვევები.

ამიტომ ქალს ამ შემთხვევაში სჭირდება ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქალმა ექიმს ნებისმიერი გინეკოლოგიური პრობლემის დროს უნდა მიმართოს, რადგან უმნიშვნელო დარღვევაც კი, თუ წლობით უყურადღებოდ დავტოვეთ, შესაძლოა გართულდეს.

ექიმი გვირჩევს

ქალურ ანთებით დაავადებებს თავი რომ ავარიდოთ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ:

1. დაიცავით პირადი ჰიგიენა. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ მენსტრუაციის დროს.

2. ეცადეთ, არ გაცივდეთ, არ დაჯდეთ ცივ ქვასა თუ კიბეზე. არ გაჩერდეთ ნესტიან გარემოში, სიცივეში დაითბილეთ ფეხები.

3. უყურადღებოდ არ დატოვოთ არც ერთი საეჭვო ნიშანი. დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს, ჩაიტარეთ გამოკვლევა და კვალიფიციური მკურნალობა.

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი