ავტორი:

"ამ მოკლე დროში ამდენს არავინ მოელოდა... ამას ჰქვია რუსეთის ფრონტის კასკადური ჩამოშლა" - რა ხდება ფრონტის ხაზზე: უკრაინული გენშტაბის მიერ ჩაფიქრებული დიდი სამხედრო ეშმაკობა

"ამ მოკლე დროში ამდენს არავინ მოელოდა... ამას ჰქვია რუსეთის ფრონტის კასკადური ჩამოშლა" - რა ხდება ფრონტის ხაზზე: უკრაინული გენშტაბის მიერ ჩაფიქრებული დიდი სამხედრო ეშმაკობა

უკრაინელების წამოწყებულმა ფართომასშტაბიანმა კონტრიერიშებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა. უკრაინის სამხედრო ძალებმა უდიდესი ტერიტორიის, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქის გათავისუფლება მოახერხეს.

"ამ მოკლე დროში არავინ მოელოდა იმას, რომ უკრაინა ხარკოვის ამდენ დასახლებულ პუნქტს გაათავისუფლებდა. ამას ჰქვია რუსეთის ფრონტის კასკადური ჩამოშლა. არაა გამორიცხული, იგივე კასკადური ჩამოშლა მოხდეს ხერსონსა და ზაპოროჟიეში, რაც უკრაინისთვის დიდი წარმატება იქნება. ახლა მთავარია, უკრაინამ ფრონტის სხვადასხვა ხაზებზე მეტ-ნაკლებად შეძლოს შეტევების ტემპის შენარჩუნება - ყველა მხრიდან თუ იქნება შეტევები, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ვეღარ შეძლებს თავისი ძალების აქეთ-იქეთ გადასროლას და დიდი ქალაქების აღებას“, - გვეუბნება სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, რომელიც ambebi.ge-სთან რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობასა და დაპირისპირებული ძალების შანსებს აფასებს.

- აგვისტოს ბოლოსკენ უკრაინის არმიამ წამოიწყო კონტრიერიშები ფრონტის სამხრეთ უბანზე, ხერსონის მიმართულებით. ყველა მიიჩნევდა, რომ ეს კონტრშეტევების ძირითადი მიმართულება იყო, რაც განპირობებული იყო იმით, რომ რუსი ოკუპანტები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, ხერსონში და მის რაიონში იმყოფებიან. უკრაინელებმა მათ 4 ძირითადი ხიდი აუფეთქეს - ერთი სარკინიგზო, 3 - საავტომობილო, რომლითაც რუსები დნეპრის მარცხენა სანაპიროს უკავშირდებოდნენ. რადგან შეტევა ხერსონის მიმართულებით დაიწყო, რუსეთის გენშტაბმა დამატებითი ძალები ხერსონის გასამაგრებლად გადაისროლა. უკრაინული გენშტაბის მიერ დიდი სამხედრო ეშმაკობა იყო ჩაფიქრებული, რომლებმაც შექმნეს შთაბეჭდილება, რომ ძირითადი შეტევები იქნებოდა ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე, ხერსონისკენ და ამ დროს, პარალელურად, უფრო სერიოზული და ფართომასშტაბიანი კონტრიერიშები დაიწყეს ფრონტის ჩრდილოეთ უბანზე - ხარკოვიდან აღმოსავლეთით. ეს იყო ბალაკლეიას მიმართულებით შეტევა. ბალაკლეია იმითაა ცნობილი, რომ აქ სსრკ-ს პერიოდიდან მოყოლებული, ერთ-ერთი უდიდესი საბრძოლო მასალების საწყობი იყო და რუსებმა ამიტომაც დაიპყრეს ის.

რუსეთი არ მოელოდა ამ მიმართულებით შეტევას, ამიტომაც დაცვის ზღუდეებზე მათ ეყენათ "როსგვარდიის“ დანაყოფები და სეპარატისტული დონბასიდან მობილიზებული რეზერვისტები, რომელთა საბრძოლო მომზადება ჩამორჩებოდა რეგულარული არმიისას. ბალაკლეიას მიმართულებაზე შეტევის შემდეგ დაიწყო სხვა კონტრიერიშები და ერთ-ერთი მიმართულება გახლდათ კუპიანსკი. მასზე გადის სარკინიგზო ხაზი, რომელიც მოსკოვს დონბასთან აკავშირებდა. ომის დაწყების შემდეგ რუსები მას ლოჯისტიკისთვის იყენებდნენ, ამიტომაც მის აღებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა უკრაინელებისთვის. კონტრშეტევა განვითარდა იზიუმზე და, რაც მთავარია, უკრაინელები გავიდნენ რუსეთ-უკრაინის საზღვრამდე. ფაქტობრივად, მოხდა ის, რომ მთელი ხარკოვის ოლქი თითქმის გათავისუფლებულია.

კონტრიერიშის ტემპი არის ფანტასტიკური იმიტომ, რომ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მოხდა უდიდესი ტერიტორიის, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქის გათავისუფლება. ახლა ლიმანზე მიდის შეტევა და იმედია, უკრაინელები მასაც აიღებენ.

- რა შედეგები მოიტანა კონტრშეტევებმა უკრაინისთვის?

- მთავარი საშიშროება იყო, რუსებს სლავიანსკი და კრამატორსკი არ აეღოთ, რომლებიც დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში შედის. პუტინის რეჟიმში მიიჩნევდნენ, რომ მთლიანად დაიპყრეს ლუგანსკის ოლქი და ახლა უნდოდათ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა, ალბათ მერე რომ ეთქვათ, ჩვენ "დავამთავრეთ და გავათავისუფლეთ“. უკრაინელების წარმატებული შეტევების შემდეგ, პირიქით მოხდა - კრამატორსკსა და სლავიანსკს მოეხსნა ყოველგვარი ალყაში მოქცევის და დაცემის საფრთხე და ახლა უკვე შეიძლება საუბარი ლუგანსკის ოლქში ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის გათავისუფლებაზეც. ახლა მთავარია, უკრაინელებმა ამ კონტრშეტევების ტემპი როგორმე შეინარჩუნონ, რაც ურთულესია და უზარმაზარ რეზერვებს მოითხოვს.

რუსების მიერ მიტოვებული იარაღი

ასევე, ლოგიკური იქნება, ჩრდილო-აღმოსავლეთის შეტევის პარალელურად შეტევები სამხრეთით - ხერსონის მიმართულებით, ასევე ზაპოროჟიეში თუ გაგრძელდება, ასევე, უკრაინელები დონეცკის მიმართულებაზე თუ შეინარჩუნებენ პოზიციებს. რუსებს დარჩათ შეტევითი პოტენცია დონეცკის ფრონტის ხაზზე, თუმცა იქაც ძალიან უჭირთ. უკრაინა ფრონტის სხვადასხვა ხაზებზე მეტ-ნაკლებად თუ შეძლებს შეტევების ტემპის შენარჩუნებას, ყველა მხრიდან თუ იქნება შეტევები, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ვეღარ შეეძლება თავისი ძალების აქეთ-იქეთ გადასროლა. ფაქტობრივად, ამ ეტაპზე მინიმუმამდეა დასული რუსეთის შეტევითი შესაძლებლობები და მათ რომელიმე დიდი ქალაქის აღება ძალიან გაუჭირდებათ (მათ ჩაფიქრებული ჰქონდათ ოდესის, მიკოლაევის, ზაპოროჟიეს, კრამატორსკისა და სლოვიანსკის აღება), ამ ეტაპზე, უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევების ფონზე, ეს, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი გახდა. პირიქით, ახლა საუბარია იმაზე, რუსებმა შეინარჩუნონ ის, რაც აქამდე დაიპყრეს. კერძოდ, სამხრეთიდან: ხერსონი, ნოვაია კახოვკა, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური აქვთ დაპყრობილი, რომელიც კარგია, რომ გააჩერეს, თუმცა ამ მდგომარეობაში მყოფი ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორის ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში, ის მაინც დიდ საფრთხეს წარმოადგენს. რუსებს ასევე, დაპყრობილი აქვთ ზაპოროჟიეს ნაწილი და რჩება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები.

- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, უკრაინელებმა კონტრშეტევის ტემპი თუ არ დააგდეს?

- აქტიური საბრძოლო მოქმედებები შეიძლება კიდევ ერთ თვეს გაგრძელდეს, მანამ, ვიდრე ამინდი გაფუჭდება - როდესაც ინტენსიური წვიმები წამოვა, ასეთი შეტევები მინდორში ან გრუნტზე წარმოუდგენელი იქნება, ტანკებიც კი ვერ შეძლებენ ტალახის გადალახვას.

🇺🇦 counteroffensive is ongoing in the Kharkiv region. Dozens of villages and towns have been liberated. #UAarmy reached Hoptivka check point, at the border of the terrorist state.
🇺🇦 will restore its territorial integrity, including Donbas and Crimea.
Prepare to swim, occupiers. pic.twitter.com/6L3hO7MvJN
— Defense of Ukraine (@DefenceU) September 11, 2022

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ამ დარჩენილ დღეებში ვინ რას მოასწრებს. მთავარი და დიდი პლუსი ისაა, რომ საბრძოლო ინიციატივა უკრაინელების მხარესაა. ახალ წლამდე უკრაინამ თუ შეძლო ხერსონის დაბრუნება, ანუ რუსი ოკუპანტებისგან მთლიანად გაათავისუფლა მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპირო, ეს იქნება უდიდესი წარმატება მისთვის. ამ მოკლე დროში არავინ მოელოდა იმას, რომ უკრაინა ხარკოვის ამდენ დასახლებულ პუნქტს გაათავისუფლებდა. ამას ჰქვია რუსეთის ფრონტის კასკადური ჩამოშლა. არაა გამორიცხული, კასკადური ჩამოშლა (რაც ხარკოვში მოხდა) მოხდეს ხერსონსა და ზაპოროჟიეში, რაც უკრაინისთვის დიდი წარმატება იქნება.

დონეცკის მიმართულებას რაც შეეხება, იქ უფრო რთულადაა საქმე, იმიტომ, რომ მეტ-ნაკლებად მოტივირებულნი არიან ადგილობრივი რუსი სეპარატისტები, რომლებიც 8 წელია იბრძვიან ლუგანსკისა და დონეცკის ოლქში. ასე რომ, ამ ადგილების გათავისუფლება უფრო რთული იქნება. უკრაინელები თუ მოახერხებენ და გავლენ ყირიმის საოკუპაციო საზღვართან, ესეც დიდი გამარჯვება იქნება. ადრე თუ უკრაინელები რუსებთან მოლაპარაკებაზე ამბობდნენ, რომ ყველაფერი 23 თებერვლის საზღვრებში უნდა დაბრუნებულიყო და ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასზე საუბარი არ იქნებოდა, მადა ჭამაში მოდის და ახლა უკვე, როცა უკრაინელებმა იგრძნეს გამარჯვების სიტკბო, მათ უნდათ ის, რაც ლოგიკურია და აცხადებენ, რომ 1991 წლის საზღვრებზე აქვთ პრეტენზია, ანუ ლაპარაკია უკრაიანის გაეროს აღიარებულ საზღვრებზე.

- რა შეიძლება მოიმოქმედოს პუტინმა, რომელიც უშიშროების საბჭოს-საბჭოზე იწვევს და არაა გამორიცხული, როგორც სჩვევია, რამე ვერაგობას ამზადებდეს...

- პუტინი როცა ბრძოლას აგებს, მან შეიძლება დაიწყოს ქალაქებისა და თბოელექტროსადგურების დაბომბვა (რაც გუშინ გააკეთეს), რითაც მოსახლეობა უფრო იზარალებს, ვიდრე - სამხედროები. 200 დღე-ღამე შესრულდა, რაც ომი მიმდინარეობს და ამასობაში 3-ჯერ მეტი აქვს დანაკარგი რუსეთს, ვიდრე უკრაინას (ეს რაც ფოტო-ვიდეო კადრებითაა დადასტურებული). რუსეთს ჰქონდა დაკარგული 5644 ერთეული საბრძოლო და სამხედრო ტექნიკა (1040 ტანკი, კიდევ ჯავშანმანქანები და სხვა), უკრაინას კი - 1574, რომელთა შორის იყო 255 ტანკი. ვინაიდან ყველაფრის ვიდეო და ფოტომასალა არ არსებობს, აქედან გამომდინარე, დანაკარგები მეტია. რაც შეეხება პირადი შემადგენლობის დანაკარგს, რუსეთის საოკუპაციო ძალებს 25 000-ზე მეტი უნდა ჰყავდეთ დაკარგული, 80 ათასი - დაჭრილი, ტყვედ აყვანილი... უკრაინის მხარეს დაღუპულთა რიცხვი 15000-ზე მეტი მაინც იქნება, დაჭრილების რაოდენობა - 50 ათასამდე. ბოლო დღეების აქტიურმა ბრძოლებმა, რა თქმა უნდა, გაზარდა დანაკარგები.

- როგორც ვიცით,1 - ელი ოქტომბრიდან ლენდ - ლიზის პროგრამა ამოქმედდება. რას შეცვლის ის ომის საერთო სურათში?

- აქამდე მოქმედებდა აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უსასყიდლო სამხედრო დახმარებას. ანუ რაც ამ თვეების განმავლობაში ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს, ათეულობით მილიარდის დახმარება, ეს იყო უსასყიდლო. როგორც ბრძოლებმა აჩვენა, "ჰაიმარსებმა“ ძალიან გაამართლა, რადგანაც იყენებენ მართვად რაკეტებს და წერტილოვან დარტყმებს აყენებენ რუსი ოკუპანტების იარაღის საწყობებს, შტაბებსა და ა.შ.

ასევე გაამართლა ექსკალიბური ტიპის მართვადი საარტილერიო ჭურვების გადაცემამ, რომლითაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ზუსტად ურტყამენ ხიდებს. მათ ასევე გადაეცათ სხვა მართვადი შეიარაღებაც, რომელმაც რუსეთის საოკუპაციო ძალების უპირატესობა არტილერიაში, თითქმის გააქარწყლა. მნიშვნელოვანი იქნება ასეთი რაკეტებითა და ჭურვებით მომარაგება გაგრძელდეს და ამერიკამაც თუ გადასცა 300კმ-ზე მოქმედი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები, ეს დიდი პლიუსი იქნება, ასევე, ჯავშანტექნიკა, ავიაცია და საჰაერო თავდაცვითი საშუალებები. თუმცა აქ ყველაზე მთავარია მომზადება. როგორც ცნობილია, ბრიტანეთმა 10 000-მდე მებრძოლი მოამზადა, ესპანეთიც იწყებს ამ პროგრამას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ახალგაწვეულების მომზადება ხდება არა უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებში. მერე ფრონტის ხაზზე დასავლური სტანდარტით გაწვრთნილი ახალი ბრიგადების გადასროლა მოხდება, რაც უკრაინის მომავალი წარმატებული შეტევების გარანტი უნდა გახდეს.

- რა დარჩენია რუსეთს, რომლის არმიის უძლეველობის მითიც ჩრდილოეთის ფრონტივით კასკადურად ჩამოიშალა?

- რუსეთს რაც შეეძლო, ყველაფერი აჩვენა - ბლიცკრიგი, რომელიც არ გამოუვიდა, სერიოზული დაბომბვების შემდეგ, ჯიქურ, პირდაპირ იერიშებმაც არ გამოიღო შედეგი და მას ახლა უჩნდება რეალური პრობლემა - საბრძოლო მასალების დანაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდიდან მას უზარმაზარი მარაგები დარჩა, ისიც ილევა, ბევრს ვადაც აქვს გასული. ამას დაემატა "ჰაიმარსებით" რუსების საწყობების თითქმის ყოველდღიური აფეთქებები და რაც მთავარია, რუსეთის საოკუპაციო ძალების მთავარი პრობლემა ესაა ადამიანური რესურსი. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან რუსეთმა ომში ჩართო ყველაზე მომზადებული საბრძოლო დანაყოფები, მათ შორის, სპეცოპერაციული ძალების, საჰაერო-სადესანტო ჯარებისა და საზღვაო ქვეითების. მათ დიდი მსხვერპლი ნახეს კიევზე შეტევისას, მარიუპოლთან და დონეცკთან ბრძოლებში. 146 - მილიონიანი ქვეყნისთვის, რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს, რუსეთს ძალიან უჭირს და არ ჰყავს მომზადებული საბრძოლო ძალა. ის ბატალიონები, რომლებიც ახლა იქმნება, ეს არის ძირითადად რეზერვისტების და მათი მომზადების დონე მოიკოჭლებს. ამის საწინააღმდეგოდ, უკრაინელების მომზადება მიდის ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, პირველ რიგში - ბრიტანეთში, ხოლო მათი აღჭურვა მოდის დასავლეთიდან. ასე რომ, რუსეთმა ყველაფერი გამოიყენა, ერთადერთი, რაც დარჩა, ესაა სარაკეტო თავდასხმები კიევის ცენტრზე და მეორე - ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება.

იხილეთ ასევე: