ავტორი:

"სინამდვილეში რუსეთის ვალს აფხაზები სისხლით ვიხდით... მოხალისეებად წასულ ჩვენს ბიჭებს ფულსაც აღარ უხდიან" - რას წერენ აფხაზები უკრაინაში მოკლულ არტურ კირკინაძეზე?

"სინამდვილეში რუსეთის ვალს აფხაზები სისხლით ვიხდით... მოხალისეებად წასულ ჩვენს ბიჭებს ფულსაც აღარ უხდიან" - რას წერენ აფხაზები უკრაინაში მოკლულ არტურ კირკინაძეზე?

აფხაზეთში უკვე გადაასვენეს უკრაინის ომში დაღუპული არტურ კირკინაძე, რომელიც რუსების მხარეს მოხალისედ იყო ჩასული. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას ცოლი და სამი შვილი დარჩა. ის დაჯგუფება Пятнашка-ს მეთაურის, აფხაზეთში კარგად ცნობილი ახრა ავიძბას ბიძაშვილი იყო. სწორედ მან დაწერა სოციალურ ქსელში კირკინაძის დაღუპვის შესახებ.

უფრო ადრე, 31 მარტს, დონეცკის ბრძოლებში დაიღუპა მისი ბიძაშვილი, ასევე მოხალისე ახრა კირკინაძე. რაც შეეხება არტურს, ის 8-9 სექტემბერს, ავდეევკასთან ინტენსიურ საარტილერიო დაბომბვაში მოჰყვა...

"არ შემიძლია იმის თქმა, რომ მას ძალიან კარგად ვიცნობდი, მაგრამ ჩვენი გზები პერიოდულად იკვეთებოდა და ძალიან ენერგიული ადამიანი იყო, როგორც ჩანს, რეალიზება ბრძოლაში მოისურვა... დიდი საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ რაც მოასწრო, ძალიან კარად იბრძოლა..." - ამბობს ახრა ავიძბა აფხაზურ გამოცემასთან საუბარში.

ფოტო: არტურ კირკინაძის გადასვენება აფხაზეთში

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, ახლა დონბასში, სწორედ ახრა ავიძბას წახალისებით, რამდენიმე ათეული ადამიანი იბრძვის.

"აქამდე ამ ომს უკვე შეეწირა ორი მოხალისე - ლორან სმირი და ახრა კირკინაძე... არტური მესამეა" - წერს გამოცემა.

თუმცა, ადგილობრივების თქმით, მთლიანობაში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 80-ზე მეტი აფხაზი ე.წ. მოხალისე მოკლეს, თუმცა ავიძბასგან განსხვავებით, მათ შესახებ ინფორმაცია არ გაუსაჯაროებიათ, რადგან ისინი სხვადასხვა დაჯგუფებებში ირიცხებოდნენ...

ekhokavkaza.com-ის ცნობით, გარდაცვლილი კირკინაძის გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი მოეწყო, შემდეგ კი დონეცკის ე.წ. საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლებმა მისი ცხედარი სოხუმში გამოგზავნეს.

არტურ კირკინაძე

კირკინაძის ამბავს აფხაზები სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან. ნაწილის თქმით, ის გმირია და ღირსეულად, პატივის მიგებით უნდა დაკრძალონ. თუმცა სხვები მიიჩნევენ, რომ ახრა ავიძბას პოპულარიზაციამ მოიტანა ის ცუდი შედეგი, რომ უკრაინაში საომრად წასვლა 20 წლის ბიჭებსაც სურთ.

"არტურ კირკინაძე იქ ჩვენი თავისუფლებისთვისაც იბრძოდა. ის გმირულად დაიღუპა. ვფიქრობ, ღირსეული პატივი უნდა მივაგოთ!.." - წერს ინტერნეტმომხმარებელი მაქსიმული მაქსი, რომელსაც მაშინვე უპასუხეს და მოსთხოვეს განემარტა, უკრაინაში მიმდინარე ომზე რატომ გადის აფხაზეთის თავისუფლება...

"რუსეთმა ბოლოდროინდელი პროცესებით დაგვანახა, რომ ყველაფერს, რასაც აფხაზეთისთვის აკეთებდა, მუქთად კი არა, საკმაოდ მსუყე ლუკმისთვის აკეთებდა, რომელსაც ახლა ითხოვს - ბუნებრივი რესურსების გაზიდვა, მაინინგფერმები და უამრავი სხვა სარგებელი, რასაც აქამდე იღებდნენ, არაფერი ყოფილა, ახლა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი სურთ, თან ირონიულად გველაპარაკებიან, უჩვენოდ რას გააკეთებდითო. არადა, პოლიტიკოსებს რომ ჰკითხო, მეგობრები ვართ. თუ მეგობრობაა მიწის ჩუქებით ვიხდით?" - წერს ალიას სმირი.

"აგერ უკვე მერამდენე დაღუპული გვყავს, სინამდვილეში, სისხლითაც ვიხდით. ახრა კირკინაძის ოჯახს ვინმე ეწვია და ჰკითხა, რამე ხომ არ გჭირდებათო? არა, არავინ. არიან თავისთვის სოფელში მივიწყებულები, ვალებში. ეს ბედი ემუქრება არტურის ოჯახსაც, მის შვილებსაც. ამბობენ, რომ თავიდან ფულს უხდიდნენ და ამიტომ მიდიოდნენ მოხალისეებადო, ახლა არაფერს უხდიან. მაგრამ უკან უკვე ასე ადვილად ვერ ბრუნდებიან. არა, ჩვენს ბიჭებს ომი შემოსავლის წყარო ეგონათ. ისე, როგორც ეს ახრა ავიძბას შემთხვევაშია" - მიაჩნია მარინა წყაროზიას.

"უკრაინიდან ცუდი ამბები მოდის, ამერიკელების და დასავლეთის დახმარების ფონზე ძალიან კარგი ამბები აქვთო. ყველა ახალგაზრდას რომ ომში წასვლისკენ მოუწოდებდა და დავით დასანიას თავს ესხმოდა, როგორ თუ ომი გააკრიტიკეო, იმათ მივმართავ - ანუ კიდევ უნდა ველოდოთ ცხედრებს და ჩვენ მზად ვართ ამისთვის?!" - წერს ფატიმა ხაჯიმბა.