ავტორი:

ქალები ჩადრის გარეშე და თავისუფლება - ფოტოები, რომლებიც ასახავს, როგორ იცვამდნენ ირანელი ქალები ისლამურ რევოლუციამდე

ქალები ჩადრის გარეშე და თავისუფლება - ფოტოები, რომლებიც ასახავს, როგორ იცვამდნენ ირანელი ქალები ისლამურ რევოლუციამდე

ირანში საპროტესტო აქციების ტალღა არ წყდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დემონსტანტებს ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება. ირანელი ქალები მოითხოვენ უფლებას, რომ თავად გადაწყვიტონ ჩადრს დაიფარებენ თუ არა, ისინი თავისუფლებას ითხოვენ.

პროტესტი 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. გოგონა "მორალის პოლიციამ" ჩადრის "არასწორად ტარების" გამო დააკავა, დაკავებიდან მალევე ის კომაში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, მაჰსას სასტიკად გაუსწორდნენ, სცემეს, რა დროსაც ავტომობილზე თავი მიარტყმევინეს, გოგონა კომაში ჩავარდა და მალევე გარდაიცვალა. მას შემდეგ ირანში პროტესტმა მასშტაბური სახე მიიღო.

ირანელ ქალებს ყოველთვის ასეთ შეზღუდულ გარემოში არ უწევდათ ცხოვრება.

  • ათწლეულების წინ, ისლამურ რევოლუციამდე, ანუ 1979 წლამდე, ირანს შაჰი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი განაგებდა. ფეჰლევს, რომელიც ტახტზე 1941 წელს ავიდა, სურდა ირანი თანამედროვე, ცივილურ ქვეყნად ექცია, სადაც ადამიანები მშვიდობიანად, თავისუფლად და დემოკრატიული პრინციპების დაცვით იცხოვრებდნენ.
ირანის შაჰი, მუჰამედ რეზა ფეჰლევი, მისი ცოლი, დედოფალი ფავზია და პრინცესა შაჰნაზი - თეირანი 1942 წელი.

1960 წელს შაჰი ე.წ. თეთრი რევოლუციის ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიზანიც სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების გატარება იყო, მათ შორის, ქალების უფლებების თვალსაზრისითაც. რეფორმის შედეგად, ირანელ ქალებს ხმის მიცემის და განათლების მიღების უფლება მიეცათ.

რეფორმები მასშტაბური იყო და ხშირად არადემოკრატიული, ადამიანის უფლების შემლახავი ფორმებითა და მეთოდებით მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ქვეყანას უბიძგებდა დასავლური ორიენტაციისკენ. ირანის მოქალაქეებმა ამ პერიოდში კულტურული თავისუფლება მოიპოვეს.

შაჰის მმართველობის დროს მნიშვნელოვნად განვითარდა ირანის ეკონომიკა და საგანმანათლებლო სისტემა. დიდი ბრიტანეთი და აშშ მას შუა აღმოსავლეთში მთავარ მოკავშირედ მიიჩნევდნენ.

ამ პერიოდის ირანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა იყო, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური პროგრესის თვალსაზრისით, მოწინავე პოზიციებს იკავებდა, თუმცა კომუნისტებსა და რელიგიურ ჯგუფებს არ მოსწონდათ შაჰის მკვეთრად გამოხატული დასავლური ორიენტაცია.

ყველაფერი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ შეიცვალა. რევოლუციის შემდეგ სამეფო ოჯახი იძულებული გახდა ირანი დაეტოვებინა. მათ თავშესაფარი აშშ-ში მიიღეს. ირანის შაჰი 1980 წელს, ეგვიპტეში გარდაიცვალა. მას სამი ცოლი ჰყავდა. მესამე ცოლი, ირანის უკანასკნელი დედოფალი, ფარაჰ ფეჰლევი იყო. ის ცხოვრების ნაწილს აშშ-ში, ნაწილს კი საფრანგეთში ატარებს და რევოლუციის შემდეგ ირანში აღარ დაბრუნებულა.

ვნახოთ ფოტოები, ძველი ჟურნალებიდან, სადაც ჩანს თუ როგორი სხვაგვარი იყო ირანელი ქალების ცხოვრება ისლამურ რევოლუციამდე (წყარო).