ავტორი:

"არ დაგანებებთ ჩვენს მამებს, ქმრებს და შვილებს!" - ქალები მობილიზაციის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციები დაღესტანში, იაკუტიასა და რუსეთის 32-მდე ქალაქში, თავდასხმა კომისარიატზე

"არ დაგანებებთ ჩვენს მამებს, ქმრებს და შვილებს!" - ქალები მობილიზაციის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციები დაღესტანში, იაკუტიასა და რუსეთის 32-მდე ქალაქში, თავდასხმა კომისარიატზე

კვირას, 25 სექტემბერს, რუსეთში უკრაინაში ომისთვის მოსამზადებელი მობილიზაციის წინააღმდეგ პროტესტი განახლდა. დაღესტანში ხალხმა გზა გადაკეტა, ხოლო უსაფრთხოების ძალები ჰაერში უმისამართოდ ისროდნენ. იაკუტიაში კი პროსტესტი სკანდირებითა და ცეკვით გამოხატეს.

"აცადეთ ჩვენს შვილებს ცხოვრება!", "არა ომს!", "არა გენოციდს!" - ისმოდა შეძახილები აქციაზე.

პლაკატებზე კი ეწერა: "არ დაგანებებთ ჩვენს მამებს, ქმრებს და შვილებს!", "ხელები შორს ჩვენი შვილებისგან" და ა.შ.

<iframe width='620' height='400' src='https://www.obozrevatel.com/player/2941283.htm?play=false&mute=false' title='embed' frameborder='0' allowfullscreen></iframe>

დაღესტანში, ხასავიურტის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლებმა, ხასავიურტი-მახაჩკალას გზატკეცილი გადაკეტეს.

სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, რომელშიც გასროლის ხმა ისმის. თვითმხილველების თქმით, პოლიციამ ჰაერში გაისროლა, დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მოგვიანებით, მახაჩკალაში აქცია ქალების მონაწილეობით განახლდა. გავრცელებულ ვიდეოებში, ისინი ჯერ პოლიციას ეკამათებიან, შემდეგ კი ომის საწინააღმდეგოდ სკანდირებენ. შემდეგ, მახაჩკალას ცენტრში, თოჯინების თეატრის წინ მოედანზე საპროტესტო აქცია რამდენიმე ასეულამდე ადამიანის მონაწილეობით გაგრძელდა და მასობრივი დაკავებებიც დაიწყო.

დაღესტნური გამოცემა "ჩერნოვიკის“ ინფორმაციით, პოლიციის დასახმარებლად ეროვნული გვარდია მივიდა და აქცია სწორედ ამის მერე ჩაახშეს. აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

დაღესტნის სამხედრო კომისარმა, დეიტბეგ მუსტაფაევმა ადგილობრივი ტელევიზიით განაცხადა, რომ სამხედრო გამოცდილებისა და წვევამდელების გარდა ფრონტზე ახალგაზრდებს არ გაიწვევენ და ნებისმიერი სხვა სახის გავრცელებული ინფორმაცია ამ თემაზე, მან დეზინფორმაციად შეაფასა.

საპროტესტო აქცია - ძირითადად ქალების მონაწილეობით, კვირას რუსეთის სხვა რეგიონებშიც გაიმართა, მათ შორის ყაბარდო-ბალყარეთში. ხოლო ნალჩიკში, მთავრობის შენობის წინ აქციაზე რამდენიმე ათეული მაცხორებელი გამოვიდა.

  • დღეს ცნობილი ხდება, რომ ირკუტსკის ოლქში 25 წლის წვევამდელმა გაწვევის კომისარი მოკლა, ინფორმაცია და მომხდარის ამსახველი ვიდეოები რუსული ტელეგრამ-არხებით ვრცელდება.

თავდამსხმელი მალევე დააკავეს, ის რუსლან ზინინია.

შემთხვევა გაწვევის პუნქტში მოხდა.

პროტესტი რუსეთის 33 ქალაქში აქტიურ ფაზაშია შესული, ჯამში დაკავებულების რაოდენობა კი 2 300-ს მიუახლოვდა. ამ დროისთვის, ყველაზე "ცხელი“ ქალაქები, სადაც მასობრივი გამოსვლები არ წყდება, არის: ნოვოსიბირსკი (80 დაკავებული), იჟევსკი (21 დაკავებული), ირკუტსკი (20 დაკავებული), ტომსკი, პერმი და ა.შ.

რამდენიმე საათის წინ, მოსკოვის პროკურატურამ კიდევ ერთხელ გაავრცელა გაფრთხილება, რომლის თანახმადაც ისინი ხალხს მოუწოდებენ, არ იარონ საპროტესტო აქციებზე, რადგან მათ არამარტო ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც შეიძლება დაეკისროთ.

"ტელეგრამარხ" "მედუზას“ წყაროს ცნობით, ომში გასაწვევი ადამიანების ვინაობა და სია თავდაცვის სამინისტრომ და ფედერალურმა უწყებებმა უნდა გადასცენ შესაბამის სამსახურს, რომლის შემდეგაც ომში გაწვევა მოხდება.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი