ავტორი:

"დანაზოგი, რაც ჩამოვიტანეთ, მაქსიმუმ 3-4 თვე გვეყოს... წამოვედით, რადგან იქ თუ პატრონი არ გყავს, ომისგან ვერავინ დაგიხსნის" - ისტორიები რუსეთიდან გამოქცეულ ქართველებზე: რას უყვებიან ისინი AMBEBI.GE-ს

"დანაზოგი, რაც ჩამოვიტანეთ, მაქსიმუმ 3-4 თვე გვეყოს... წამოვედით, რადგან იქ თუ პატრონი არ გყავს, ომისგან ვერავინ დაგიხსნის" - ისტორიები რუსეთიდან გამოქცეულ ქართველებზე: რას უყვებიან ისინი AMBEBI.GE-ს

21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ომის დაწყებიდან 7 თვის თავზე ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩვენი სამშობლოსა და მისი მთლიანობის დასაცავად, საჭიროდ მიმაჩნია ნაწილობრივი მობილიზაციის მხარდაჭერა" - განაცხადა პუტინმა რუსეთის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მობილიზაციისათვის თავის არიდება პატიმრობით ისჯება, გაწვევისგან თავის არიდების მიზნით რუსეთის მოქალაქეები მასიურად გადადიან მეზობელ ქვეყნებში. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა საქართველოა, სადაც უკვე რვა დღეა საზღვრის გადაკვეთის მოთხოვნით რიგები დგას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში, საქართველოს საზღვარი რუსეთის 78 742-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, ქვეყანა კი დატოვა რუსეთის 62 120-მა მოქალაქემ. მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლის გამო ღელავს და მთავრობას პასუხს სთხოვს, თუმცა სახელმწიფო სამსახური ამბობს, რომ მკაცრად აკონტროლებს შემომსვლელთა მიზანს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოს ე.წ. სატრანზიტო ქვეყნად იყენებენ და არ რჩებიან. თუმცა ფაქტია, რომ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში რუსულად მოსაუბრე ადამიანების რაოდენობა გაზრდილია.

გარდა რუსეთის მოქალაქე რუსებისა, საქართველოში შემოდიან ქართველებიც, რომლებიც წლებია, სამშობლოში არ ყოფილან. ახლა კი ომში გაწვევისგან თავის არიდების მიზნით დაბრუნდნენ. ბევრ მათგანს აქ კუთვნილი სახლიც გაყიდული აქვს და ამჟამად ნათესავებთან აფარებენ თავს.

AMBEBI.GE რუსეთიდან გამოქცეული ქართველების შესახებ გიამბობთ:

გიორგი (სახელი შეცვლილია) 29 წლის არის. ის 14 წლიდან რუსეთში მამასთან ცხოვრობს. ორი წლის წინ, საქართველოში სახლი გაყიდეს, რადგან დაბრუნებაზე აღარ ფიქრობდნენ. გიორგის ერთი და ჰყავს, რომელიც რუსზეა დაოჯახებული, თავად კი 1 წლის წინ დაშორდა რუს მეუღლეს, რომელთანაც ორი შვილი დარჩა... მეორედ 2 თვის წინ იქორწინა და მიუხედავად ამისა, სამშობლოში მარტო დაბრუნდა, რათა ომში არ წასულიყო. ამბობს, რომ მეუღლე არ გამოჰყვა... აქ ბიძასთან ცხოვრობს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, როდის დაბრუნდება უკან, რადგან შესაძლოა, იქ უკვე პატიმრობა ელოდეს. მშობლები რუსეთში დარჩნენ. ახლა იმის შიში აქვს, შესაძლოა შვილის გაქცევის გამო, პრობლემები მათ შეექმნათ.

ძმები ოლეგი და ბესო (სახელები შეცვლილია) საქართველოში 14 წლის შემდეგ, ოჯახებით დაბრუნდნენ. ამბობენ, რომ 7 წლის წინ მამის დაკრძალვაზე ჩამოსვლა ვერ მოახერხეს, მაგრამ ახლა ომს გამოექცნენ. ბინა არც მათ აქვთ, რადგან მშობლიური სახლი მოუვლელობისგან უკვე დაინგრა, იქ ცხოვრება შეუძლებელია. ის დანაზოგი კი, რითაც ჩამოვიდნენ, მხოლოდ ქირით ცხოვრებისთვის და კვებისთვის ეყოფათ, ისიც მაქსიმუმ 3-4 თვე. იმედი აქვთ უკან მალე დაბრუნდებიან. კითხვაზე, აქვთ თუ არა როგორც დეზერტირებს დაპატიმრების შიში, ამბობენ, რომ რუსეთი ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა და უკან დაბრუნების შემდეგ ყველას ციხეში ვერ ჩასვამენ. უმცროსი ძმა ბესო ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კანონით არც უწევდა გამოძახება, მაგრამ იქ კანონს არავინ ასრულებს და თუ პატრონი არ გყავს, ომში გაწვევისგან ვერავინ დაგიხსნის...

ალექსი (სახელი შეცვლილია) მანამდეც ხშირად ჩამოდიოდა მამის სამშობლოში. თავად ქართულად საუბარი უჭირს, რადგან 2 წლის იყო, მშობლები რუსეთში რომ გადავიდნენ საცხოვრებლად. ახლა ალცჰაიმერით დაავადებულ ბებიასთან ერთად მოუწევს ცხოვრება, მას თან რუსი ეროვნების ცოლი და 1.9 თვის შვილი ახლავს. მეუღლის მამა სამხედროა და ალექსის თქმით, გამოიპარნენ, რადგან სიმამრი ამ ნაბიჯს არ მოუწონებდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ მას შეექმნება სამსახურში პრობლემა. თუმცა ამბობს, რომ სიკვდილი არ უნდა და მის გადაწყვეტილებაში მეუღლე მხარში უდგას...

ჩვენი რესპონდენტებიდან ყველას ვკითხეთ, როგორ აფასებენ რუსეთ-უკრაინის ომს. ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვთ. ამბობენ, რომ რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა და მასთან დაპირისპირება არ შეიძლება. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ არცერთი მათგანი არ აპირებს იქ დარჩენილ ახლობლებთან სატელეფონო კონტაქტს, სანამ ყველაფერი არ დაწყნარდება, რადგან შიში აქვთ, რომ ყველაფერი ისმინება...

იხილეთ ასევე:

"ველოსიპედებით ჩამოვედით... ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ ნეიტრალურ ზონაშია. მე ვიცი, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია“ - ვითარება ლარსზე: რას ამბობენ რუსეთიდან გამოქცეულები? (ფოტოები)