"ქუთაისის საკრებულოს წევრებს "ბაკოვოი" არბიტრებივით ააწევინეს ხელი"

"ქუთაისის საკრებულოს წევრებს "ბაკოვოი" არბიტრებივით ააწევინეს ხელი"

"ჩემი პრეზიდენტობისას ქუთაისი ქვეყნის მეორე დედაქალაქი გახდება, ბათუმი კი - მესამე!" - მიხეილ სააკაშვილის ეს ლოზუნგი თანდათან საქმედ იქცევა.

გასული 2009 წლის ზაფხულში პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანის იდეა, პირველმა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ "გააჟღერა", ხოლო იმ კოლეგებს, ვისაც ეს იდეა არ მოეწონათ, უთხრა: ერთი ადგილის აწევა გეზარებათო...

და აი, ახლახან, ქუთაისში სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის ახალი შენობის მშენებლობა გახსნილად გამოაცხადა... აქვე, საზოგადოებას საზეიმოდ განუცხადა: "ქუთაისში მარტო პარლამენტი არ გადმოგვაქვს და ეს ნელ-ნელა შემოგაპარეთო... მთავრობა აქ დღეიდან ერთი წლის თავზე გადმოვა სამუშაოდ, პარლამენტს კი გადმონაცვლებისთვის წელიწად-ნახევარი დასჭირდება. მთავრობის ახალი სახლი ისეთი ლამაზია, რომ პირი ღია დამრჩა.

გარდა ამისა, ჩვენ პარლამენტის ყველაზე ლამაზი შენობა გვექნება, რაც კი აქამდე მინახავს". მთავრობის სახლი ქუთაისში ირაკლი აბაშიძის გამზირზე მშენებარე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, ახალი მშენებლობის ტერიტორია უკვე შემოღობილია...

გვესაუბრება "ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალაქის საკრებულოს წევრი მამუკა მღვდელაძე: - პარლამენტის შენობის მშენებლობისთვის მარტო ქუთაისის ბიუჯეტიდან 66 მილიონი ლარი გამოიყო.

როგორც ვიცი, ეს შუშის შენობა იქნება, აქედან ამა წლის სექტემბრისთვის 55 მილიონი უკვე დახარჯულია, ამასთანავე, ჯერ მხოლოდ მიწის სამუშაოებია დასრულებული! ამისთვის ქუთაისის ბიუჯეტში საგანგებო მუხლი ჩაიდო: "საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მშენებლობისთვის". როგორც ჩანს, ზოგიერთის მუზამ ფრთები შეისხა და მარტო პარლამენტის შენობით აღარ დაკმაყოფილდა... ქუთაისის საკრებულოს წევრებს კი "ბაკოვოი" არბიტრებივით ააწევინეს ხელი...

განა ხელისუფლება საზოგადოებას ასე უნდა სთავაზობდეს "სიურპრიზებს" და ფაქტის წინაშე აყენებდეს? და კიდევ - აქვს კი ამგვარი ფუფუნების უფლება ქვეყანას, სადაც ოფიციალური მონაცემებით, მილიონ-ნახევარი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს?

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"