ავტორი:

ბინები და სახლები ბრიტანეთში, ისრაელში, რუსეთში, ვენესუელასა თუ საფრანგეთში, მარგარიტას და კანარის კუნძულებზე - ქართველი პოლიტიკოსების შთამბეჭდავი უძრავი ქონება უცხოეთში

ბინები და სახლები ბრიტანეთში, ისრაელში, რუსეთში, ვენესუელასა თუ საფრანგეთში, მარგარიტას და კანარის კუნძულებზე - ქართველი პოლიტიკოსების შთამბეჭდავი უძრავი ქონება უცხოეთში

ქართველი პოლიტიკოსების ქონება ყოველთვის იწვევს საზოგადოების ინტერესს. მკითხველი ყოველთვის ყურადღებით ეცნობა საჯარო პირების ქონებრივ დეკლარაციებს. ამჯერად გადავწყვიტეთ, რომ ქართველი პოლიტიკოსების უცხოეთში არსებულ უძრავ ქონებაზე მოგიყვეთ. როგორც აღმოვაჩინეთ, ისინი ფლობენ ბინებს საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში და ა.შ. ყიდულობენ კუნძულებსაც კი...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფლობს 60 კვ.მ ფართობის ბინას საფრანგეთში, პარიზში, რომელიც 1989 წელს 150 000 ევროდ შეიძინა. ეს გასაკვირი ალბათ არ არის, რადგან ქალბატონი სალომე საფრანგეთშია დაბადებული და გაზრდილი. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბინას აქირავებდა.

სალომე სამადაშვილის საკუთრებაშია 70 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი ირლანდიაში, ლიმერიკის საგრაფოში, რომელშიც 2015 წელს 80 000 ევრო გადაიხადა.

"დიდი ხნის წინ, ირლანდიაში ჩემი სახსრებით შევიძინე ბინა. ჩემი ძმა ირლანდიის მოქალაქეა, ძმისშვილები მყავს ნახევრად ირლანდიელები და იქ ისინი ცხოვრობენ, ჩემი ოჯახის ნაწილი ირლანდიაშია. სამწუხაროდ, ხშირად ვერ ჩავდივარ...“ - ამბობდა ერთი წლის წინ, AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.

მამუკა ხაზარაძე ჯერ კიდევ პოლიტიკოსობამდე ირიცხებოდა ქართველი მილიონერების სიაში. მის შთამბეჭდავ ქონებაშია 2017 წელს შეძენილი ბინა დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, რომელშიც პოლიტიკოსმა 2 800 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

პოლიტიკოს ნატო ჩხეიძის მეუღლე ზაზა ოქუაშვილი ფლობს 170 კვ.მ ფართობის ბინას დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, რომელშიც 2013 წელს 6 500 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

რაც შეეხება 2019 წლის პარლამენტის მოწვევის დეპუტატ შოთა შალელაშვილს, ითვლება, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსია, რომლის უძრავი ქონების ჯამური თანხა მონიტორინგის ცენტრის "მედიატორის" ინფორმაციით, 34 მილიონზე მეტია, ბინებს ფლობს საქართველოში, რუსეთსა და ისრაელში.

შოთა შალელაშვილის საკუთრებაშია 650 კვ.მ ფართობის ბინა ისრაელში, სავიონში, რომელიც 2010 წელს 18 000 000 ისრაელურ შეკელად შეიძინა. მის მფლობელობაშია ასევე სავიონში 40000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. ის ასევე ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ 165 კვ.მ ფართობის ბინას ისრაელში, ქალაქ აშდოდში. შალელაშვილის საკუთრებაშია 155 კვ.მ ფართობის ბინა მოსკოვში, რომელშიც 1992 წელს 1 390 000 დოლარი გადაიხადა.

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქონებრივი დეკლარაცია აქვს არაერთგზის პარლამენტარ ვალერი გელაშვილს. ის ფლობს უძრავ ქონებას ვენესუელაში.

1. 310.000 აშშ დოლარად ღირებული 165 კვ.მ. საცხოვრებელს, მარგარიტას კუნძულზე.

2. 6.700.000 აშშ დოლარად შეფასებულ 52800 კვ.მ უძრავ ქონებას ასევე მარგარიტას კუნძულზე.

ვალერი გელაშვილის მეუღლე დანგუოლე გელაშვილს კი ლიეტუვაში, კერძოდ, ვილნიუსში აქვს 720 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი, რომელიც პარლამენტარის მეუღლემ 500.000 აშშ დოლარად შეიძინა.

პარლამენტარისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის მფლობელობაშია 425 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი გერმანიაში, დიუსელდორფში, ასევე, საცხოვრებელს ფლობს ბერლინში და 790 კვ.მ მიწის ნაკვეთს დიუსელდორფში.

პოლიტიკოსმა ბადრი ჯაფარიძემ საცხოვრებელი სახლი ლონდონში 2012 წელს შეიძინა. 131.5 კვ.მ ფართში ჯაფარიძემ 510 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი, დეპუტატი პაატა კვიჟინაძე ფლობს 53 კვ.მ ფართობის ბინას მოსკოვში, რომელშიც 2001 წელს 40 000 დოლარი გადაიხადა, ასევე, 107 კვ.მ ფართობის ბინას მოსკოვში, რომელიც 2007 წელს 100 000 დოლარად იყიდა, მის საკუთრებაშია ავტოფარეხიც მოსკოვში და 2000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი რუსეთში, სოფელ სოლოსლოვოში.

ერთ-ერთი უმდიდრესი ქართველი პოლიტიკოსი კობა ნაყოფია ფლობს 300 კვ.მ ფართობის ბინას ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, რომელშიც 1995 წელს 50 000 დოლარი აქვს გადახდილი. მის მფლობელობაშია ასევე ბინა მოსკოვში, რომელშიც 1995 წელს 56 000 დოლარი გადაიხადა.

გიორგი გახარიას მეუღლის მარიკა ფანცულაიას სახელზეა 2020 წელს, საფრანგეთში, პარიზში 472 400 ევროდ შეძენილი 83 კვ.მ საცხოვრებელი ბინა.

პარიზში 130 კვ.მ. ბინას ფლობს "ქართული ოცნების“ მილიონერი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილიც, რომელიც 2014 წელს 1 165 025 ევროდ შეიძინა.