ავტორი:

"პასუხისმგებლობა კერძო კომპანიასა და მერიაზე თანაბრად ნაწილდება" - რას აცხადებს მშენებლობის ექსპერტი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, რასაც მოზარდი ემსხვერპლა

"პასუხისმგებლობა კერძო კომპანიასა და მერიაზე თანაბრად ნაწილდება" - რას აცხადებს მშენებლობის ექსპერტი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, რასაც მოზარდი ემსხვერპლა

ტრაგედია დატრიალდა ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში, სადაც თამაშისას, ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ მოზარდს და მის დასახმარებლად ჩასულ მის თანატოლს დენმა დაარტყა. მათგან ერთი - 13 წლის გოგონა გარდაიცვალა.

"პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის დასტაბილურება მოხდა. გადაყვანილია პროფილურ კლინიკაში. რაც შეეხება გოგონას, შემოვიდა გულის გაჩერებით. რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა. დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი" - განაცხადა ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა.

თბილისის მერმა მომხდარის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო და თქვა, რომ საკითხს "მოიკითხავენ".

ჟურნალისტის შეკითხვაზე, გათვალისწინებულია თუ არა რისკები, მან ასე უპასუხა:

"ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, ეს მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს, ვინც მუშაობდა", - თქვა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა პროექტის შემსრულებელ კერძო კომპანიას დააკისრა, თუმცა დარგის სპეციალისტების აზრით, მერია მის წილ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მშენებლობის და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, არქიტექტორისა და ექსპერტის მერაბ ჩხენკელის შეფასებით, ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა კერძო კომპანიასა და მერიაზე თანაბრად ნაწილდება.

"რას ნიშნავს შადრევანში ბავშვი ჩავიდა და დენმა დაარტყა?! ეს როგორ უნდა მომხდარიყო? აქ შეიძლება იყოს თვითონ პროექტის ხარვეზი, არაიზოლირებული ელექტროგაყვანილობა, ასევე ექსპერტიზის ხარვეზი და კიდევ სხვა მიზეზები. ახლა დანამდვილებით იმის თქმა, რა მოხდა, რთულია. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, პასუხისმგებლობა მომხდარზე თანაბრად ნაწილდება კერძო კომპანიასა და მერიაზე. დავუშვათ კომპანიას მოუვიდა შეცდომა, მერიამ ხომ უნდა ჩაიბაროს ეს პროექტი და შეამოწმოს?!" - აცხადებს AMBEBI,GE -სთან არქიტექტორი.

ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტს შპს "ელემსი" ახორციელებს. ჩვენ ვცდილობთ მათთან დაკავშირებას, თუმცა კომპანიაში ჯერჯერობით ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

ვაკის პარკის აღდგენის პროექტში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 33 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. მხოლოდ მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება კი 6 500 000 ლარს შეადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იხილეთ ასევე: