ავტორი:

არიან თუ არა სასკოლო სახელმძღვანელოში შეტანილი მოთხრობის გმირების პროტოტიპები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი - როდის დაიწერა და ვინ არის მისი ავტორი?

არიან თუ არა სასკოლო სახელმძღვანელოში შეტანილი მოთხრობის გმირების პროტოტიპები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი - როდის დაიწერა და ვინ არის მისი ავტორი?

უკვე რამდენიმე წელია, რაც სოციალურ ქსელში პერიოდულად ვრცელდება მე-2 კლასის სასკოლო სახელმძღვანელოში შეტანილი მოთხრობის ფოტო, რომლის მთავარი გმირებიც ბიძინა და ირაკლი არიან. ქუჩაში მიმავალი ბიჭები ფულს იპოვნიან, ირაკლი გადაწყვეტს, რომ ამ ფულით მაღაზიაში შოკოლადი იყიდონ, მაგრამ კეთილი ბიძინა ნაპოვნ 10 ლარიანს პატრონს დაუბრუნებს. ამ მოთხრობის სასკოლო პროგრამაში შეტანის გამო, არაერთხელ გააკრიტიკეს განათლების სამინისტრო, რადგან მთავარი გმირები, ყოფილ და ახლანდელ პრემიერების ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის პროტოტიპებად მიიჩნიეს...

საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მოთხრობის ავტორი 2014 წელს გარდაიცვალა, ხოლო მოთხრობა "ბიძინა“ გაცილებით ადრე დაიწერა...

ირმა მალაციძე:

"ასეთი ტრადიცია დამკვიდრდა საფეისბუქეთში - ყოველ წელს ერთი საბავშვო მწერალი უნდა ატარონ კედელ-კედელ და ლანძღონ. ამჯერად ჩვენი საყვარელი ქეთო ჭილაშვილის, დეიდა ქეთოს მოთხრობას დაატარებენ და მისი პერსონაჟების სახელების გამო, რას აღარ წერენ. მის შვილებს მოვნიშნავ, იქნებ მათი მაინც დაიჯერონ, რომ ეს მოთხრობა დეიდა ქეთოს სავარაუდოდ 70-იანებში ან უფრო ადრე აქვს დაწერილი. ისედაც, 2014 ში გარდაიცვალა და იმ კონტექსტში, რომელშიც ეს ხალხი კითხულობს ამ პატარა, უწყინარ მოთხრობას, ვერაფრით დაწერდა. ერთადერთი სიკეთე ამ მოარულ ამბებში ისაა ხოლმე, რომ უნდათ თუ არ უნდათ, ყურმოკვრით მაინც გაიგებენ ერთი მწერლის სახელს და გვარს. ვინმე მაინც გამოჩნდება იმ პოსტის ქვეშ, ვინც დაუწერს ამას. მართლა რა ეშველება ჩვენს საზოგადოებას, წარმოდგენა არ მაქვს".

მალაციძე კომენტარებში წერს, რომ მას პირადად მიწერა მწერლის ქალიშვილმა და როგორც აღმოჩნდა, მოთხრობა პირველად 1954 წელს, ჟურნალ "დილაში“ გამოაქვეყნდა.

"ქეთევან ჭილაშვილის ქალიშვილმა მომწერა პირად შეტყობინებაში და მთხოვა, რომ გამევრცელებინა. უცვლელად გთავაზობთ ამ ტექსტს: "ეს მოთხრობა "გულკეთილი ბიჭუნა" მწერალმა 1954 წელს დაბეჭდა ჟურნალ "დილაში" და იმდენად სამაგალითოდ ჩათვალეს ბიჭუნას საქციელი, რომ "დედა ენაშიც" შეიტანეს. ქეთევან ჭილაშვილის მოთხრობები მრავლად არის შეტანილი სახელმძღვანელოებში. მწერალი გარდაიცვალა 2014 წელს 94 წლის ასაკში".

როგორც ვწერდით, მოთხრობის შესახებ აჟიოტაჟი ყოველ წელს თავიდან ახლდება. AMBEBI.GE-ს არქივში იძებნება 2014 წელს გამოქვეყნებული სტატია, სადაც გმირი ბიძინას შესახებ მოთხრობაზე კომენტარს განათლების სამინისტრო აკეთებს.

"შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - ქართული ბიოგრაფიული ცენტრის" ქართული ენა და ლიტერატურის საგნის II კლასის სახელმძღვანელოს - "დედა ენის კვალზე" (ავტორები: ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე), გრიფი მიენიჭა 2011 წელს (სსიპ - ეროვნუილი სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის ბრძანება N05-01/35, 01.07.2011წ.), რომელშიც შესულია ქეთევან ჭილაშვილის მოთხრობა სახელწოდებით "ბიძინა" (გვ.61)', - აცხადებენ სამინისტროში.