რუსმა სამართალდაცავებმა მოსკოვში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მიხეილ აბაშელი დააკავეს.
რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მოსკოვში, "ინვესტტორგბანკის" მმართველობის თავმჯდომარის, ვლადიმირ გუდკოვის ბინის გაძარცვის ფაქტზე მძარცველთა დაჯგუფება დააკავეს, რომელთაც ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მიხეილ აბაშელი ხელმძღვანელობდა.
ბანკირის სახლიდან მძარცველებმა ათეულობით მილიონი რუბლის ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს. მათ შორის უნიკალური 15 ძვირად ღირებული საათია. ექვსი მათგანი ბრილიანტებითაა გაწყობილი და ყველაზე იაფფასიანი 50 ათასი ევრო ღირს.
დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს. მიხეილ აბაშელი რუსეთში ლაბარტყავას გვარით ცხოვრობდა.