ავტორი:

ირანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა აეროპორტიდან ცნობილი ირანელი ჟურნალისტის ცხედარი "გაიტაცეს" - "ოჯახს მისი დაკრძალვის საშუალებას არ აძლევენ"

ირანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა აეროპორტიდან ცნობილი ირანელი ჟურნალისტის ცხედარი "გაიტაცეს" - "ოჯახს მისი დაკრძალვის საშუალებას არ აძლევენ"

ირანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტ რეზა ჰაგიგანთეჟადის ცხედარი "გაიტაცეს." ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო წერს. გამოცემის ცნობით, ამით ხელი შეუშალეს მის დაკრძალვას. ჟურნალისტის ოჯახმა ამ დრომდე არ იცის, სად არის რეზას ცხედარი.

რეზა ჰაგიგანთეჟადი ბერლინის კლინიკაში 17 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის სიმსივნეს ებრძოდა. გარდაცვალების შემდეგ, 25 ოქტომბერს ოჯახმა ცხედარი ირანში გადაასვენა, სადაც ის მშობლიურ ქალაქ შირაზში უნდა დაეკრძალათ, თუმცა მისი ცხედარი აეროპორტიდან "გაიტაცეს" და გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს.

45 წლის რეზა 2019 წლიდან "რადიო თავისუფლების" ირანული ბიუროსთვის მუშაობდა. ირანული ბიუროს წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილის ნათესავებსა და მეგობრებს საჭირო ნებართვა მისი დაკრძალვის თაობაზე მიღებული ჰქონდათ და მშობლიურ ქალაქ შირაზში დაკრძალვას გეგმავდნენ.

მათივე ცნობით, ჟურნალისტის ოჯახზე ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს, რათა ისინი დათანხმდნენ ჟურნალისტის დაკრძალვას სხვა სასაფლაოზე, რომელიც მის მშობლიურ ქალაქში არ მდებარეობს.

ირანის ხელისუფლება მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.