ავტორი:

ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციამ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - რას წერს რუსული გამოცემა

ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციამ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - რას წერს რუსული გამოცემა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაიწყო 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მზადება, რომლის გამარჯვებული კიდევ ერთხელ მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა იყოს. ამის შესახებ რუსული გამოცემა Meduza პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდაპოლიტიკურმა ბლოკმა უკვე დაიწყო შეხვედრების გამართვა 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიასთან დაკავშირებით, რომელშიც ის ოფიციალური პირები მონაწილეობენ, რომლებიც კრემლთან თანამშრომლობენ, ასევე, არიან პოლიტტექნოლოგები.

წყაროების მიხედვით, უკვე ნათელია, რომ "კამპანია ვლადიმერ პუტინზე იქნება მორგებული“.

Meduza-სთან ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ ხაზგასმით აღნიშნა: "არავითარი საუბარი სხვა კანდიდატებზე [მთავრობიდან] არ არის“.

მანვე დასძინა, რომ პუტინის "სპარინგ პარტნიორები“ საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები იქნებიან და "არ იქნება ლიბერალური კანდიდატები".

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ერთი რესპოდენტი ამბობს, რომ კრემლი ჩვეულებრივ იწყებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას კენჭისყრის დღემდე დაახლოებით წელიწადნახევრით ადრე, რომელიც ტრადიციულად ტარდება მარტის მეორე კვირას. ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადგენს კამპანიის "კონტურებს“, შემდეგ კი არჩევს პოლიტტექნოლოგებს, რომლებიც "პასუხისმგებელნი“ იქნებიან რეგიონებში ხმის მიცემაზე.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ერთადერთი, რაც ამ მომენტში ცხადია, არის ის, რომ პუტინის შემდეგი საპრეზიდენტო კამპანია "ანტიდასავლური" ნარატივების გარშემო იქნება აგებული. პუტინი, ჩვეულებისამებრ, ისაუბრებს "რუსეთის სიდიადის დაბრუნებაზე, დასავლეთთან და მრავალპოლარულ სამყაროსთან ბრძოლაზე“.

ამ დროისთვის კრემლი იმედოვნებს, რომ უკრაინასთან ომი საპრეზიდენტო არჩევნებამდე დასრულდება.

ამავდროულად, კრემლი აპირებს მომავალ არჩევნებზე პუტინისთვის რეკორდული შედეგების მიღწევას.

ამავდროულად, კრემლთან თანამშრომლობის ერთ-ერთმა პოლიტტექნოლოგმა Meduza-სთან საუბარში აღიარა, რომ ყველაზე "ლოგიკური“ და "გასაგები“ ვარიანტი იქნება საერთოდ არ ჩატარდეს არჩევნები 2024 წელს, არამედ მთელი რუსეთის მასშტაბით მოხდეს საომარი მდგომარეობის შემოღება და კენჭისყრა გადაიდოს.

თუმცა, მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი სცენარი ძნელად შესაძლებელია, რადგან პუტინს "მოსწონს ხალხის მხარდაჭერის შედეგების დანახვა“.

იხილეთ ასევე: