ავტორი:

უყვარს ღვინო, გიჟდება სოფლის ცხოვრებაზე, აქვს ვენახი, რომელსაც თვითონ უვლის - ლუჩანო სპალეტი მოედანს მიღმა: "ნაპოლის" თავკაცის ოჯახი და ზეთისხილის ბაღები

უყვარს ღვინო, გიჟდება სოფლის ცხოვრებაზე, აქვს ვენახი, რომელსაც თვითონ უვლის - ლუჩანო სპალეტი მოედანს მიღმა: "ნაპოლის" თავკაცის ოჯახი და ზეთისხილის ბაღები

ლუჩანო სპალეტი, ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი, იტალიური საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი - მისი სახელი მსოფლიო მედიისთვის განსაკუთრებით საინტერესო გახდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნეაპოლური კლუბის მოგებების სერიის გამო, ხოლო ქართული მედიისა და გულშემატკივრებისთვის სპალეტის პერსონა კიდევ უფრო საინტერესოა, რადგანაც ის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მწვრთნელია.

თავდაპირველად, სპალეტიმ ქართველი ფანები მცირედით გაანაწყენა, მაშინ როცა "კვარა" მედიის წინაშე გააკრიტიკა და ქართველი შემტევისგან დაცვაში თამაშიც მოითხოვა, თუმცა ახლა უმეტესობა თანხმდება, რომ კვარაცხელიას განვითარების თვალსაზრისით, იტალიელი მწვრთნელი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და მისი რჩევები, თუ კრიტიკა ხვიჩას ეხმარება, რომ თამაშიდან თამაშამდე უკეთესი გახდეს და საუკეთესო საფეხბურთო უნარები გამოავლინოს.

  • ემოციური ლუჩანოც არ იშურებს საქებ სიტყვებს კვარაცხელიას მიმართ და მას "სრულყოფილ მოთამაშეს", ამავდროულად, "შესანიშნავ ადამიანს" უწოდებს.

ლუჩანო სპალეტი 1959 წლის 7 მარტს, სერტალდოს პროვინციაში დაიბადა. ფეხბურთელის კარიერა შედარებით გვიანდელ ასაკში დაიწყო, როცა დაახლოებით, 20 წლის იყო. მიუხედავად ამისა, მან შეძლო და ითამაშა სერია C-ს გუნდებში, როგორებიცაა "სპეცია" და "ემპოლი". 1993 წელს ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და "ემპოლის" მწვრთნელი გახდა.

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მან ექვსი თასი მოიგო. მუშაობდა "ემპოლის", რომას", ასევე პეტერბურგის "ზენიტის" მთავარ მწვრთნელად. მას "რომასთან" ერთად 2006-2007 წლებში მოგებული აქვს იტალიის თასი, 2007 წელს ასევე რომასთან ერთად მოიგო იტალიის სუპერთასი.

"ზენიტს" მოაგებინა რუსეთის პრემიერ ლიგა 2010 წელს, 2011-2012 წლებში რუსეთის თასი, ხოლო 2011 წელს მოგებული აქვს რუსეთის სუპერ თასი.

  • "ლუჩანო სპალეტი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, ინოვაციებით ცნობილი მწვრთნელი. მართალია, მისი შესაძლებლობები გვიან აღიარეს, მაგრამ ყველა ვხედავთ, თუ რა დიდებული სტრატეგია“, - ამბობს იტალიური ფეხბურთის მკვლევარი, ჯეიმს ჰორკასტლი.

ლუჩანო სპალეტის ახასიათებენ როგორც თავმდაბალ ადამიანს, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის საკუთარი შესაძლებლობები და მისი ამბიციები არ სცდება შესაძლებლობებს. ის მუდმივად სწავლობს და ორიენტირებულია განვითარებაზე.

საინტერესოა ერთი ფაქტი სპალეტის შესახებ - წლების წინ, რომან აბრამოვიჩმა მას "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა, თუმცა სპალეტი არ დათანხმდა, რადგანაც მიიჩნევდა, რომ მაშინ ამისთვის მზად არ იყო. ლუჩანომ მაშინ თქვა, რომ არ იცოდა ინგლისური ენა ისეთ დონეზე, რომ ფეხბურთელები სათანადოდ გაეწვრთნა და შესაბამისად, "ჩელსისთან" ერთად სასურველი შედეგი მიეღო.

ის ყოველთვის გუნდურობაზე აკეთებს აქცენტს და თვლის, რომ ინდივიდუალისტები სწორედ მაშინ წარმოაჩენენ საუკეთესო უნარებს, როდესაც გუნდურად თამაში შეუძლიათ.

"ნაპოლის" ფანებს სპალეტი უყვართ და ახლა ის მათი გმირია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - პირველ რიგში ის, რომ მიმდინარე სეზონზე ნეაპოლური გუნდი დაუმარცხებელია, თუმცა გულშემატკივრების გული მან თავისი ემოციური ხასიათის გამოც მოიგო. მისი ექსპრესიულობა ყოველთვის იქცევს ყურადღებას. მთელი თამაშის განმავლობაში არ ჩერდება, ჩართულია მატჩის ყველა ეპიზოდში, იძლევა რჩევებს, იტალიელ გულშემატკივარს კი ეს უყურადღებოდ არ რჩება და ნეაპოლური გუნდის ფეხბურთელებთან ერთად, მწვრთნელიც ახლა მათი მთავარი გმირია.

  • "ის გვაგონებს ბაბუას, რომელიც უყვირის თავის შვილიშვილებს, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ“, - იტალიელ გულშემატკივრებში სპალეტი სწორედ ასეთ ასოციაციას იწვევს.

სპალეტის ჰყავს ცოლი თამარა ანხელი და სამი შვილი - სამუელი, ფრანჩესკო და მატილდა.

როგორც იტალიური მედია წერს, ლუჩიანოს ძალიან უყვარს სოფლის ცხოვრება, ფლობს ფერმას, ვენახს, ზეთისხილის პლანტაციებს და როცა საფეხბურთო საქმიანობით არ არის დაკავებული, მაშინ ფერმერის ცხოვრებას მისდევს.

სოციალურ ქსელში პოპულარულია სპალეტის იხვი. ის ნეაპოლური გუნდის მთავარი მწვრთნელის საუკეთესო მეგობარია.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="it" dir="ltr"><a href="https://twitter.com/hashtag/Spalletti?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#Spalletti</a> presenta Biancaneve <a href="https://t.co/ztVUGqHDse">pic.twitter.com/ztVUGqHDse</a></p>&mdash; Daniele Mari (@marifcinter) <a href="https://twitter.com/marifcinter/status/1287369896423292929?ref_src=twsrc%5Etfw">July 26, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ლუჩანოს ძალიან უყვარს წითელი ღვინო და თვითონაც მეღვინეა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მის შესახებ - გასულ წელს მას მანქანა Fiat Panda მოპარეს.

ხოლო მოპარვიდან 7 თვის შემდეგ შეტყობინება გაუგზავნეს, რომ თუ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებდა, ავტომობილს დაუბრუნებდნენ. სპალეტიმ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ამ შეტყობინებას მისთვის ისეთივე ფასი ჰქონდა, როგორც ცარიელ A4 ფურცელს.

იხილეთ ასევე: