პოლიციის უფროსმა აღიარა, რომ ჰელოუინის აღსანიშნავად შეკრებილი ხალხის კონტროლი არასათანადოდ მოხდა - რა ხდება ცნობილი სეულში მომხდარ ტრაგედიაზე?

პოლიციის უფროსმა აღიარა, რომ ჰელოუინის აღსანიშნავად შეკრებილი ხალხის კონტროლი არასათანადოდ მოხდა - რა ხდება ცნობილი სეულში მომხდარ ტრაგედიაზე?

კორეის დედაქალაქ სეულის იტევონის უბანში მომხდარ ტრაგედიას ქალაქის პოლიციის უფროსი გამოეხმაურა. ეს ოფიციალური პირებისგან პირველი აღიარებაა, რომლის მიხედვითაც ჰელოუინის აღსანიშნავად შეკრებილი ხალხის კონტროლი არასათანადოდ მოხდა. პოლიციის უფროსმა, იუნ ჰი-კუნმა განაცხადა, რომ ის მომხდარის გამო "უსაზღვრო პასუხისმგებლობას გრძნობს საზოგადოების უსაფრთხოებაზე“. მისივე თქმით, ჭყლეტვამდე არაერთი ზარი შევიდა პოლიციაში იმის შესატყობინებლად, თუ რაოდენ სერიოზული იყო სიტუაცია. მან სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ პოლიცია, მომხდარ ტრაგედიაზე, "სწრაფ და მკაცრ ინტენსიურ გამოძიებას“ ჩაატარებს, რათა დადგინდეს, მიიღეს თუ არა სათანადო ზომები და მოახდინეს თუ არა ოფიცრებმა სათანადო რეაგირება.

პოლიციის ადრინდელ განცხადებებში ამტკიცებდნენ, რომ წელს უფრო მეტი ოფიცერი განათავსეს ჰელოუინის დღესასწაულზე, ვიდრე კოვიდამდელ წვეულებებზე. სამშაბათს, ერთ-ერთმა კონგრესმენმა ისიც აღნიშნა, რომ რადგანაც წვეულებას ორგანიზატორი არ ჰყავდა, პოლიციას არ მიუღია რაიმე სპეციალური მოთხოვნა ხალხის კონტროლის და მათი უსაფთხოების მართვის შესახებ.

თუმცა სხვაგვარად ფიქრობს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სოკ იოლი, რომელიც აცხადებს:

"იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ იმაზე, ჰყავდა თუ არა წვეულებას ორგანიზატორი, ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის უსაფრთხოებაა, რისთვისაც საფუძვლიანი ზომების მიღებაა საჭირო“, - მან სამხრეთ კორეელებს მომავალში ასეთ დაუგეგმავ წვეულებებზე ხალხის სამართავად, დრონების და სხვა ციფრული მოწყობილობების გამოყენება შესთავაზა.

პრეზიდენტი იუნის რეიტინგი ინციდენტამდეც საკმაოდ დაბალი იყო, ახლა კი უკიდურესად დაეცა. პოლიციამ განაცხადა, რომ შაბათ ღამით, დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რათა ქალაქის სხვა ნაწილში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული უზარმაზარი საპროტესტო აქციები ემართათ.

ბოლო მონაცემებით, ჭყლეტვას 156 ადამიანი ემსხვერპლა. სულ გარდაცვლილია 101 ქალი და 55 მამაკაცი. მსხვერპლთაგან 12 თინეიჯერი იყო, 100-ზე მეტი კი 30 წლამდე ახალგაზრდა. ამას გარდა, დაშავებულია 149 ადამიანი, მათგან 33 კი მძიმედაა.

წყარო: bbc

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა