ავტორი:

"პუტინის ერთგული მზარეული" პრეზიდენტის მეგობრებს უპირისპირდება და ომში რუსი ოლიგარქების შვილების წასვლას ითხოვს - რას წერს მედია პრიგოჟინი-კადიროვის ალიანსზე?

"პუტინის ერთგული მზარეული" პრეზიდენტის მეგობრებს უპირისპირდება და ომში რუსი ოლიგარქების შვილების წასვლას ითხოვს - რას წერს მედია პრიგოჟინი-კადიროვის ალიანსზე?

"აქამდე ჩრდილში მყოფი, პუტინის მარჯვენა ხელი ევგენი პრიგოჟინი, ბოლო ხანებში სულ უფრო აქტიური ხდება. "პუტინის მზარეული" ცდილობს ხელისუფლებისკენ მიმავალი გზა გაარღვიოს" - წერს რუსული მედია, პრიგოჟინზე, რომელიც ბოლო ხანებში, კადიროვთან ერთად აღმოჩნდა კლანში.

eadaily.com-ის ცნობით, მან პროკურატურას სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის ალექსანდრე ბეგლოვის საქმიანობის შესწავლა სთხოვა, რამაც რუსეთის პოლიტელიტა გაოცებული დატოვა. რუსული მედია წერს, რომ ბეგლოვი პუტინის უახლოესი გუნდის წევრია და პრეზიდენტის მეგობრის პრივილეგიებით სარგებლობს.

გამოცემის ცნობით, Вагнер-ის დამფუძნებელი, ხელისუფლებას, პირადად პუტინს მოუწოდებდა, სეგრეგაციული მიდგომისთვის გადაეხედა და სამხედრო მობილიზაცია რუსი ოლიგარქების შვილებსაც შეხებოდათ, რადგან ისინი ამ რვა თვის განმავლობაში, კომფორტის ზონიდან არ გამოსულან.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ "პუტინის მზარეულმა" გუშინ პირდაპირ განაცხადა, რომ ვიდრე პრივილეგირებულთა ბავშვებიც არ წავლენ საომრად, ქვეყანაში სრული მობილიზაცია არ იქნება".

პუტინი და პრიგოჟინი

understandingwar-org-ის (ISW) ცნობით, პრიგოჟინი რუსეთში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და თანდათან ცალკე პოლიტიკურ ძალად გვევლინება. მან უკვე დაიწყო თავისი გავლენების გამოყენება, რათა რუსულ ელიტაში, თავისი პოლიტიკური ოპონენტები აკრიტიკოს.

  • ადგილობრივი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თავისი ძალიან მაღალი რეიტინგის გამო, "პუტინის მზარეულმა" პოლიტიკური პატია დააფუძნოს.

"მანამდე კი, პრიგოჟინი ადგილობრივ ჩინოვნიკებს დაარტყამს. ასეთი პოლიტიკით კი ის მეტი მხარდამჭერის მოპოვებას, ცდილობს, რადგან იცის, რომ მასებს ჩინოვნიკებზე თავდასხმა ყოველთვის სიამოვნებთ" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, ამის მაგალითია, ბეგლოვზე თავდასხმა. პრიგოჟინის მტკიცებით, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი, ძარცვავს სახელმწიფო ბიუჯეტს და ამდიდრებს კორუფციონერებს...

"ის, რომ პრიგოჟინი პუტინის გარემოცვას ასე ღიად აკრიტიკებს, ეჭვს აჩენს, რომ ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად ყალიბდება, რომელსაც თავისი რეიტინგის ამაღლება და ხელისუფლების სათავეში ყოფნის ამბიცია აქვს... ამიტომაც, მისი ბოლოდროინდელი ქმედებების გამო, ჩნდება ვერსია, რომ პროგოჟინი განაგრძობს ხელისუფლებაში უთანხმოების შეტანას, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ის პუტინის კარგ საქმეს უკეთებს" - წერს გამოცემა თავის ანგარიშში.

bbc.com-ის ცნობით,პრიგოჟინს პუტინის გარემოცვასთან განხეთქილება ომის გარშემო აქვს, რადგან ის და კადიროვი ომის მომხრეები არიან, ისინი კატეგორიულად აკრიტიკებენ გენერალიტეტს და თავდაცვის სამინისტროს მიმართ უკმაყოფილებას არ მალავენ.

კადიროვი და პრიგოჟინი

მას შემდეგ, რაც მოსკოვში გენერალ ალექსანდრე ლაპინი, რომელიც უკრაინაში, რუსული შეიარაღებული ძალების ცენტრს მეთაურობდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, საუბარი მიდის იმაზე, თუ ვინ შეცვლის მას.

"ახლა საინტერესოა, ვის დანიშნავენ ამ თანამდებობაზე -პრიგოჟინს, რომელსაც დიდი პოლიტიკური ამბიციები აქვს თუ რამზან კადიროვს, რომელიც ასევე ძალაუფლების გადარჩენას ცდილობს" - წერს svoboda.org.

ადგილობრივი ბლოგერების მოსაზრებით, ამ თანამდებობას აუცილებლად პრიგოჟინი დაიკავებს, რადგან პუტინის გარემოცვაში, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, ისედაც დიდი განხეთქილებაა და თუ პრიგოჟინი აქტიურობას არ შეწყვეტს, ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდება.

"პრიგოჟინს, რუსეთის ხელისუფლებაზე იმაზე მეტი გავლენა, ვიდრე პუტინის გარემოცვის რამდენიმე წევრს ერთად. ამიტომ, ახლა თუ მის ამბიციების ნაწილს მაინც არ დააკმაყოფილებენ. მისი გააქტიურების სახიფათო მიმართულებაზე მიანიშნებს ის, რომ აქამდე მალავდა ვაგნერის არსებობდა, ახლა საუბრობს, რომ შესაძლოა, სხვადასხვა ქალაქებში, წარმომადგენლობაც კი გახსნან... ზოგადად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო ხანებში რუსეთის არმიას კადიროვი მართავს, რუსეთს კი პრიგოჟინი" - წერს ბლოგერი ანატოლი ნესმიანი.