ცხრაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მაგდა ანიკაშვილსა და მის მომღერალ მეუღლე დათო გოგოლაშვილს ვაჟიშვილი შეეძინათ. პატარა ალექსანდრე ქავთარაძეზე მდებარე სამშობიარო კლინიკაში დაიბადა. ქრისტიან-დემოკრატების ყველაზე მომხიბვლელმა ქალბატონმა ფიზიოლოგიურად, გართულებების გარეშე იმშობიარა. პატარას წონა 3,800 კგ-ია, სიგრძე 54 სმ. ახალბედა დედას სამშობიარო სახლში დავუკავშირდი და შვილის დაბადება მივულოცე.
- მაგდა, გილოცავ შვილის დაბადებას, ცხრაწლიანი ლოდინის შემდეგ ალბათ განსაკუთრებულია დედობის შეგრძნება...
- დიდი მადლობა. განწყობა მართლაც ძალიან ამაღლებულია. ამაზე დიდი ბედნიერება არც ვიცი სხვა რა უნდა იყოს.
- თავს როგორ გრძნობ?
- ნორმალურად, როგორც ორი დღის ნამშობიარებ ქალს შეეფერება.
- მეუღლე ხომ არ ესწრებოდა შენს მშობიარობას?
- არც მეუღლე და არც სხვა ახლობელი. თავიდანვე შევთანხმდით ამაზე მე და დათო. არც ერთს არ გვქონია ამის სურვილი. ახლობლებს რაც შეეხება, გვერდით დამიდგნენ. სამშობიარო ბლოკში არა, მაგრამ ეზოში გულშემატკივართა მთელი ჯარი იდგა.
- მეუღლემ სერენადაც ხომ არ გიმღერა "ქართულ ხმებთან" ერთად სამშობიაროს ფანჯრებთან?
- (იცინის) არა, ეგ იდეა არავის მოსვლია თავში აზრად.
DJ ბუკლე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)