ავტორი:

"ამ სახლის მშენებლობა მე და მამაჩემმა 40 წლის წინ ერთად დავიწყეთ..." - ქალაქიდან სოფელში გადასახლებული ცნობილი ხელოვანის სავანე: როგორ გამოიყურება გუგა კოტეტიშვილის "გუგალეთი"?

"ამ სახლის მშენებლობა მე და მამაჩემმა 40 წლის წინ ერთად დავიწყეთ..." - ქალაქიდან სოფელში გადასახლებული ცნობილი ხელოვანის სავანე: როგორ გამოიყურება გუგა კოტეტიშვილის "გუგალეთი"?

ქალაქიდან სოფლად საცხოვრებლად გადასვლა ევროპის მოსახლეობისთვის უცხო თემა არ არის. ბუნებასთან სიახლოვე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ყოფნა, პროდუქტის საკუთარი ხელით მოყვანა ბევრის ცხოვრების სტილია. საქართველოშიც სულ უფრო მეტი ადამიანი გადადის სოფლად, ზოგი წინაპრების მამულს უბრუნდება, ზოგი რეგიონში მიწას ყიდულობს და სახლდება.

ცნობილი ხელოვანი, მხატვარი და ინტერიერის დიზაინერი გუგა კოტეტიშვილიც უკვე ერთი წელია, წინაპრების კუთხეს დაუბრუნდა. ეს კუთხე კი შიდა ქართლია, კასპის მუნიციპალიტეტი, კავთისხევის თემი. სოფელი გუდალეთი ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს, რომელიც ისტორიულ წყაროებში XIV საუკუნის ბოლოდან მოიხსენიება. როგორც გუგა კოტეტიშვილი გვეუბნება, კოტეტიშვილები კავთისხევიდან ყოფილან. იქ დღესაც ცხოვრობს ამ გვარის ხალხი, მაგრამ მათი შტოს განაყარია.

"მე და ჩემს ძმას მამა კავთისხევში ყოველთვის გვატარებდა. ამიტომ, ჯერ კიდევ სრულიად პატარებმა ვიცოდით, რომ ჩვენი წარმოშობა ამ სოფლიდან იყო, - გვცოდნოდა, საიდან მოვდივართ. თუმცა კავთისხევში სახლი არ გვქონდა... მერე მამას 80-იან წლებში კავთისხევის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭეს და მიწის ნაკვეთითაც დაასაჩუქრეს. ეს ადგილი, სადაც ახლა მე ვარ, სწორედ ის მიწაა, ოღონდ, არა კავთისხევში, არამედ მის სიახლოვეს, ოდნავ მაღლა, გუდალეთში" - გვეუბნება გუგა კოტეტიშვილი.

ჩვენმა რესპონდენტმა უკვე ერთი წელია, აქტიურად გადაწყვიტა გუდალეთში დასახლება და რაღაცნაირად აასრულა მამის სურვილიც.

"ვახუშტი რომ ცოცხალი იყოს, მომიწონებდა და ძალიან გაუხარდებოდა. თვითონაც მოისურვებდა ალბათ აქეთ ყოფნას. რაც თავი მახსოვს, სულ იჯდა და მუშაობდა და წარმომიდგენია, აქ ყოფნით და მუშაობით როგორ ისიამოვნებდა" - აღნიშნავს გუგა კოტეტიშვილი და ჩვენთან საუბარს ასე აგრძელებს:

- სოფელს გუდალეთი ჰქვია, მაგრამ ჩემს ტერიტორიას, ანუ ჭიშკრის აქეთ ტერიტორიას "გუგალეთი" დავარქვი. ვინც აქ მოდის და ჭიშკარს გადმოაბიჯებს, ვეუბნები, რომ ისინი „გუგალეთში“ მოხვდნენ... პატარა ვიყავი, რომ ვამბობდი, მინდა, მარტომ მთაში ვიცხოვრო-მეთქი და ჩემი ძმა მაშაყირებდა - შენ რა ბებერი ფილოსოფოსივით ლაპარაკობო... ახლა, როცა ქალაქი ასე აუტანელია, როცა ასეთი საცობებია, ამდენი სტრესი და პრობლემაა, სურვილი გიჩნდება, ამ ყველაფრისგან გაიქცე და აქაურობა ამისთვის მგონი, იდეალური ადგილია, თან, მიზეზიც, რომ „გუგალეთში“ ხანგრძლივად იყო. სოფელმა მომაშორა იმ ზედმეტს, რაც მაწუხებდა და ხელს მიშლიდა. ქალაქში გინდა, არ გინდა, ყურადღებას რაღაცები იქცევს, რაც ზოგჯერ ენერგიას, დროს გართმევს და ცუდი ემოცია მოაქვს. ამ მძიმე, ენერგეტიკას, რომელიც გარშემოა, სტრესებისგან და მძიმე ცხოვრებისგან გადაღლილი ხალხი ქმნის. ამიტომ, აქ არაფრის კეთებაც საოცარი ნეტარება და სიმშვიდეა.

- ალბათ მეტ თავისუფლებასაც გრძნობთ...

- მაქვს ფიქრის მეტი საშუალება, ლექსები აქაც კარგად იწერება... ხან ვმუშაობ, ხან ვწერ, ხან მძინავს... ...საერთოდ, ეს სახლი 40 წლის წინ მე და მამაჩემმა ერთად დავიწყეთ. 14 წელი შენდებოდა, უმეტესად ზაფხულობით... 1992 წელს კი, როცა თბილისში ომის შედეგად ჩვენი სახლი დაინგრა, დაიწვა, აქაურობის შენება შეწყდა... 2 წლის წინ კი უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ დამესრულებინა. ბევრ რამეს საკუთარი ხელით ვაკეთებ. ხან ვღებავ, ხან ხედებს გავყურებ... ბევრი რამეა, როგორც ეზოში, ისე სახლში, რომ შემიძლია, თვითონ გავაკეთო. ამიტომ, ვაკეთებ, თან, არავინ მაჩქარებს. აუცილებლობები ამ სახლში და „გუგალეთში“ არ არსებობს.

- ბაღს არ უვლით? ხეხილი არ გაქვთ?

- თავიდან აქ როცა მოვხვდით, ხეხილი არ დაგვირგავს, რადგან გვინდოდა, ჯერ სახლი აგვეშენებინა. ხეხილს მოვლა უნდოდა, ჩვენ აქ არ ვიყავით, ზაფხულობით ვაშენებდით და ასე თავისით ვერ გაიხარებდა. სახლის მშენებლობა გაიწელა და ხეხილიც დასარგავი დარჩა. ახლა რაღაც ნერგების გახარებას ვაპირებ... თუმცა აქ მანამდეც იყო ტყემლის, ქლიავის ხეები. არის კაკალი. ტყემალი ბევრი მოვიდა და გავაკეთეთ მურაბა, ისე ტყემალიც მოვხარშეთ და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო, სახალისო და სასიამოვნოა. ახლა ვცდილობ, რომ ხეხილის გასხვლის საკითხებში გავერკვე, ვისწავლო. ადგილობრივებს ვესაუბრები. მამა კავთისხეველებთან მეგობრობდა. ადრე როცა სახლის საფუძვლებს ვყრიდით, ხელოსნები რომ მოჰყავდა, რომლებიც გვეხმარებოდნენ, მათ მერე საღამოებს უმართავდა, საოცარი დღეები იმართებოდა.

- კარგი ხედიც გაქვთ...

- შესანიშნავი. სულ ამას ვამბობდი, რა კარგი ხედია-მეთქი და თურმე მთავარი არ ვიცოდი. ერთ დღესაც დავინახე, რომ კავკასიონი სრულად გამოჩნდა. მყინვარწვერი რომ დავინახე, ეს ისეთი შთაბეჭდილება და ემოცია იყო, გავგიჟდი. ავდექი და სახლის პროექტი შევცვალე, რომ ეს საოცარი სანახაობა აქედან უკეთესად გამოჩენილიყო. ასე რომ, ახლა "გუგალეთში" არის ჩემი არტსტუდია, საცხოვრებელი და უკვე ყველაფერი, რაც კი გამაჩნია. ბოლო დროს ჩვენთანაც ქალაქიდან სოფლებში საცხოვრებლად უკვე აქტიურად გადადიან. ეს ყველაფერი ასაკში ხდება, როცა გართობა, კლუბები უკვე შენი აღარ არის, რადგან გავლილი გაქვს.

- ისე, ახალგაზრდა ოჯახებიც გადადიან სოფლებში...

- ამაზე პანდემიამ იმოქმედა, თუ შეიძლება, პანდემიას პლუსები ჰქონოდა, ეს ის იყო, რომ სოფელს ხალხი დაუბრუნდა. ბევრი მიხვდა, რა სიმდიდრის მფლობელები არიან. ხომ ვამბობ, ქალაქში უკვე გაუსაძლისია ცხოვრება. იმ დღეს თბილისში რაღაც საქმეზე ვიყავი. მერე მეგობარი იყო გასაყვანი გარკვეულ მისამართზე, მაგრამ ისეთი საცობი იყო, სამი საათი მომიწევდა იმ საცობში ყოფნა. ბოდიში მოვუხადე იმის გამო, რომ ვერ წავიყვანე. გუდალეთიდან თბილისამდე 40 წუთი კია, მაგრამ იქ რომ ჩახვალ, მერე დროს საცობში კარგავ... ასე რომ, უკმაყოფილო არ ვარ, ჩემი გადაწყვეტილებით.

ნახეთ ასევე: