ავტორი:

გაურკვევლობა აფხაზეთში: იგეგმება თუ არა რეგიონში ყარაბაღიდან სომხების ჩასახლება - ე.წ. ხელმძღვანელობის თქმით, "ამ ცრუ ინფორმაციის უკან სავარაუდოდ, ქართული სპეცსამსახურები დგანან"

გაურკვევლობა აფხაზეთში: იგეგმება თუ არა რეგიონში ყარაბაღიდან სომხების ჩასახლება - ე.წ. ხელმძღვანელობის თქმით, "ამ ცრუ ინფორმაციის უკან სავარაუდოდ, ქართული სპეცსამსახურები დგანან"

ოკუპირებულ აფხაზეთში მწვავე ენერგოდეფიციტი არის თემა, რომლის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა წლებია ხელმძღვანელობას უშედეგოდ აკრიტიკებს. ადგილობრივი ოპოზიცია, რომელიც თავადაც ვერ აგვარებდა ამ თემას, ახლა ბჟანია-ანქვაბს უმოქმედობის გამო გადადგომისკენ მოუწოდებს... ბლოგერების და სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ხელმძღვანელობა რაც დროდ გადის, კიდევ უფრო შორდება მოსახლეობას, რადგან რეგიონში არსებულ პრობლემებს ვეღარ უმკლავდება.

კიდევ ერთი თემა, რომლის გარშემოც ოკუპირებულ რეგიონში მღელვარება დაიწყო, მთიანი ყარაბაღიდან სომხების აფხაზეთში ეტაპობრივად ჩასახლებაა. ადგილობრივ მედიაში წერენ, რომ პროექტს რუსეთის სომეხთა კავშირი და ბიზნესმენი რუბენ ტატულიანი აფინანსებენ, რომლისთვისაც აფხაზური პასპორტის მიცემას რეგიონში სკანდალი მოჰყვა. აღნიშნულ პროექტს აფხაზეთში გალუსტ ტრაპიზონიანი უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მას ზურაბ ქაჯაია მეთვალყურეობს. ყარაბაღის სომხებს აფხაზეთში ახალი ცხოვრების დასაწყებად გარკვეულ თანხასაც ჰპირდებიან.

ekhokavkaza.com-თან საუბარში, ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა აცხადებს, რომ ასეთი ინფორმაციების გავრცელების უკან, სავარაუდოდ, ქართული სპეცსამსახურები დგანან, რომელთა მიზანიც აფხაზური მოსახლეობის ერთობის დანგრევაა. სინამდვილეში, არავითარი სომხების ჩამოსახლება არ იგეგმება.

გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი აბესალომ კვარჩია. მისი თქმით, მსგავსი იდეოლოგიის უკან ერთი მიზანი დგას - აფხაზი ერის ერთიანობის შერყევა...

კვარჩია ირწმუნება, რომ ახლა, აფხაზეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ასეთი ინფორმაციები არ უნდა ვრცელდებოდეს.

"ნუთუ მართლა შეუძლებელია იმის გარკვევა, ვინ დაწერა, რომ აფხაზეთში ორმოცდაათი ათასი ადამიანი უნდა ჩამოასახლონ? თან პროცესის სავარაუდო მოდერატორებს ასახელებს. თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ ინფორმაციის ავტორების ვინაობის დადგენა, ეს ნიშნავს, რომ ასეთი იდეოლოგიური აგრესიისგან დაცული არ ვართ, რაც ძალიან ცუდია...

მრგვალი მაგიდის გაფართოებას ვაპირებდით, რისთვისაც, პარლამენტის ყოფილი და მოქმედი დეპუტატებიც მოვიწვიეთ, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო არ მოვიდნენ, მხოლოდ ოცი ადამიანი მოვიდა. არადა, ახლა რთული პერიოდი გვიდგას, თუ აფხაზი ერი ერთიანი არ იქნება, საინტერესო არავისთვის არ ვიქნებით" - ამბობს კვარჩია.

საჯარო პირების უარყოფის მიუხედავად, აფხაზურ მედიას მათ განცხადებებში ეჭვი ეპარება, რადგან თუ შამბა გავრცელებულ ინფორმაციაში ქართული სპეცსამსახურების კვალს ხედავს, კვარჩია შიდა კვალზე საუბრობს.

"პროექტის მოდერატორად აფხაზეთის გმირს გალუსტ ტრაპიზონიანს ასახელებენ. ამ გუნდში დაასახელეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ზურაბ ქაჯაია და იდეას თურმე თავად პრეზიდენტი მფარველობს. ბიზნესი უწოდეს და თანხაც დაასახელეს - თითო ჩამოსახლებულზე 15 ათასი დოლარი. უბრალო ხალხისთვის, ვინც ვერ ერკვევა და ინფორმაციის ანალიზი არ შეუძლია, გამორიცხული არ არის, სინამდვილე ეგონოს" - ამბობს კვარჩია.

აღნიშნული თემა რამდენიმე დღის წინ მრგვალი მაგიდის სხდომაზე განიხილებოდა. აფხაზეთში სომხური დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ პროექტის გარშემო მსჯელობენ, აღნიშნულ განცხადებას სისულელეს უწოდებენ.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, მათ აფხაზეთის სომხური სათვისტომოს თავმჯდომარე გალუსტ ტრაპიზონიანთან დაკავშირება სცადეს, თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

რეგიონში საკმაოდ აქტიური სურენ კერსელიანი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

"წაკითხვაც კი არ მიფიქრია... ვინ შეიძლება ასეთი რამ გაავრცელოს, ქართველებმა თუ აზერბაიჯანელებმა?.. პირველად ხდება თუ რა?!" - კითხულობს კერსელიანი.

აღნიშნული თემის გარშემო ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ახლა აფხაზეთის ხელმძღვანელობას ფინანსურად ძალიან უჭირს და სულაც არ არის გამორიცხული, რომ 50 ათასი თუ არა, პირველ ეტაპზე, ლტოლვილის სტატუსით, რამდენიმე ათასი ადამიანი მაინც შემოიყვანოს, რადგან მთიანი ყარაბაღი ყოველდღიურად იცლება სომეხი მოსახლეობისგან, რომელთაც პრორუსული ორიენტაციის გამო, სომხეთში ჩასახლება არ სურთ...

"საერთოდ არ გამიკვირდება, რომ ამ პროექტის უკან, რუსეთში მიღებული ბიზნესმენები რუბენ ვარდანიანი და რუბენ ტატულიანი იდგნენ. ტატულიანის ხელგაშლილობა და პრეზიდენტის კარზე ასეთი დაახლოება შეუმჩნეველი არავის დარჩენია... ჩვენს ხელისუფლებას ხმებიც სჭირდება, ბოლო დროინდელი ქმედებების გათვალისწინებით, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი, აგუძერას პარკი, უშუქობა, რომლის ფონზეც უმძიმესი ზამთარი გველოდება, მათ მხარდაჭერა არ აქვთ... ამიტომ სჭირდებათ ეთნიკური უმცირესობა. ქართველების ნასახლარები ჯერ კიდევ გამოსადეგია, ყოველ შემთხვევაში, თურქული დრონების ცვენასა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ავტომატების პირისპირ ცხოვრებას ჯობია..." - წერს იასოს აფხაზი.