ავტორი:

"რუსეთში სტალინის აჩრდილი ტრიალებს... მასობრივი გასამართლება და ხოცვა-ჟლეტა დაიწყება" - პრიგოჟინის გავლენა და დაპირისპირება რუსულ ე.წ. ელიტაში

"რუსეთში სტალინის აჩრდილი ტრიალებს... მასობრივი გასამართლება და ხოცვა-ჟლეტა დაიწყება" - პრიგოჟინის გავლენა და დაპირისპირება რუსულ ე.წ. ელიტაში

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, სულ უფრო ხშირად ისმის სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამაარსებლის, ევგენი პრიგოჟინის სახელი, რომელიც წლების განმავლობაში ჩრდილში იდგა, ბოლო ხანებში სულ უფრო აქტიური და პოპულარული ხდება. ბიზნესმენი, რომელიც რუსულ პოლიტელიტაში "პუტინის მზარეულის" მეტსახელით არის ცნობილი.

  • რუსული ანტიკრემლისტური მედიისა და ბლოგერების ცნობით, პრიგოჟინი, რომელიც ომის გაგრძელების მომხრედ ითვლება, თავისი სისასტიკითა და დაუნდობლობით, სტალინსაც კი შეადარეს, რადგან მათ მიმართ, ვინც ომის წინააღმდეგია, "მასობრივ რეპრესიებს" ითხოვს.

"ამერიკის ხმის" რუსული სამსახურის თანამშრომლის, ვიქტორ ვლადიმიროვის მოსაზრებით, "ტროლების ქარხნის" დირექტორი, რომელიც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სასარგებლოდ ჩარევაშია მხილებული და ამავე მოტივაციით - სანქცირებული, უკვე აღარ მალავს, რომ "ვაგნერი", რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ცენტრალურ აფრიკაში, სირიაში, ახლა უკვე უკრაინაში, დანაშაულებრივი საქმიანობა უკავშირდება, მისი პატრონაჟით მოქმედებდა და მოქმედებს.

გამოცემა Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსულ პოლიტიკურ ელიტაში შიშით უყურებენ ევგენი პრიგოჟინისა და მისი მხარდამჭერის, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გავლენების ზრდას. რუსი ბიზნეს მაგნატები, რომლებიც ომს დიდი ენთუზიაზმით არ უყურებენ, მაგრამ უსაფრთხოების გამო სამხედრო მოქმედებებს მხარს მაინც უჭერენ, პრიგოჟინის ქმედებებს სტალინის რეპრესიებს ადარებს.

  • ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გენადი გუდკოვი მიიჩნევს, რომ რუსეთი სტალინის გზით მიდის და რომ მასობრივი "გასამართლება და ხოცვა-ჟლეტა დაიწყება."

"ის, რასაც პრიგოჟინი ახმოვანებს, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ადრე მიჰყვებოდა. ქვეყანა მასობრივი რეპრესიების ზღვარზეა", - ამბობს ის გამოცემასთან საუბრისას.

მისივე თქმით, "რეჟიმი სისხლზე დგას, უკანდასახევი არ დარჩა, ომის დროს კი, ბიზნესმენები ყველაზე კარგი "მასალაა", რათა ლიმონივით გამოწურონ. რუსი ძალოვნები კი, ამ საქმეს ყოველთვის საუკეთესო აგვარებდნენ."

  • გუდკოვის აზრით, პირველ რიგში, რეპრესიები ე.წ. ელიტასა და ბიზნესმენებს ემუქრება, რომლებიც აქამდე ამბობდნენ, რომ პოლიტიკაში არ ერეოდნენ. "ამბობდნენ, ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით, არავის ვაფინანსებთ, ჩვენს საქმეს ვაკეთებთო და თავს ქვიშაში რგავდნენ, რათა მათ გარშემო არსებული რეალობა არ დაენახათ. სწორედ მათი დუმილით გადავედით ფაშისტურ რეჟიმში. ახლა კი, ვიღებთ იმ "ჯილდოებს" პრიგოჟინი რომ გვირიგებს", - აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

მისივე თქმით, პრიგოჟინი და კადიროვი - ეს არის პუტინის სარკე, რომელიც ახლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ირეკლავს.გუდკოვი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პრიგოჟინი და კადიროვი თავდაპირველად ერთხმად უჭერდნენ მხარს ხერსონიდან რუსული არმიის გაყვანას, თუმცა შემდეგ ამის თავდაცვის სამინისტრო მწვავედ გააკრიტიკეს. გუდკოვი თვლის, რომ რუსეთი თანდათან არაპროგნოზირებადი მომავლის ქვეყანას ემსგავსება.

უფლებადამცველი ვიაჩესლავ ბახმინი, მიიჩნევს, რომ "რეპრესიები სრული სვლით ამოქმედდა... შესაძლოა, ის მთლად სტალინის რეჟიმის დროინდელი ხასიათისა არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე ყველას ეხება, ძლიერდება და ძლიერდება."

ბახმინის მოსაზრებით, სავარაუდოა, რომ პრიგოჟინ-კადიროვის გამოსვლებით შეშინებული ბიზნესმენები მასობრივად გაიქცევიან საზღვარგარეთ,

"წასვლის იგივე შესაძლებლობები რომ ყოფილიყო, რაც ერთი-ორი წლის წინ იყო, მაშინ ბევრად მეტი ადამიანი წავიდოდა საზღვარგარეთ, რადგან რუსეთში ცხოვრების პერსპექტივას, უკვე ძალიან ცოტა ადამიანი ხედავს.

დანარჩენები მხოლოდ გადარჩენას და ამ საშინელ ვითარებათან შეგუებას ცდილობენ. რუსეთი არაპროგნოზირებადი მომავლის მქონე ქვეყანა გახდა. რუსეთში სტალინის აჩრდილი ტრიალებს. ამიტომ, ყველაფერი შესაძლებელია, რეპრესიებიც და ვითარების უფრო მეტად გართულებაც“, - ამბობს ვიაჩესლავ ბახმინი.