ავტორი:

რას აცხადებენ პენტაგონში პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციაზე - პირველი ოფიციალური განცხადება აშშ-იდან

რას აცხადებენ პენტაგონში პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციაზე - პირველი ოფიციალური განცხადება აშშ-იდან

"აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს არა აქვს რუსული რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის დამადასტურებელი ინფორმაცია", - ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.

  • "ვიცით ამასთან დაკავშირებით მედიის ცნობების შესახებ. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ამ ცნობების დასადასტურებლად, მაგრამ, კიდევ ერთხელ, მათ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და შევისწავლით”, - განაცხადა რაიდერმა.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ი გაავრცელებს ინფორმაციას მოვლენათა განვითარების შესახებ. ამავდროულად გენერალმა სხვა დეტალების შესახებ კომენტარები არ გააკეთა, კერძოდ რა ფორმით აქვს ახლა აშშ-ს კონტაქტი პოლონეთთან პოლონურ სოფელში აფეთქების მიზეზების შესახებ.

  • "ჩვენ ამ ცნობებს შევისწავლით. არ მინდა სპეკულირება ან ჰიპოთეზების წამოყენება”, - განაცხადა გენერალმა.

მან აღნიშნა, რომ აშშ ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების მე-5 მუხლის ვალდებულებებზე უარს არ ამბობს. “რაც შეეხება უსაფრთხოების სფეროში და მე-5 მუხლის ჩვენს ვალდებულებებს, ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ”, - დასძინა რაიდერმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად კი ორი ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა The Associated Press-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის ცნობაზე დაყრდნობით. პოლონეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.