ავტორი:

რა მოხდა პოლონეთში და რა ვიცით იქ "რუსული რაკეტების" ჩამოვარდნის შესახებ - ამბის ქრონოლოგია და ყველა ინფორმაცია ერთად

რა მოხდა პოლონეთში და რა ვიცით იქ "რუსული რაკეტების" ჩამოვარდნის შესახებ - ამბის ქრონოლოგია და ყველა ინფორმაცია ერთად

15 ნოემბერს, პოლონურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თან დართული ფოტოებით, იმის შესახებ, რომ პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. შედეგად კი ორი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნული სოფელი უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

მოგვიანებით, იგივე ინფორმაცია გაავრცელა გaმოცემამ - The Associated Press. გამოცემა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის ცნობაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ნატო-ს წევრ ქვეყანაში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რამაც ორი ადამიანი იმსხვერპლა.

სავარაუდო აფეთქების ადგილიდან პირველი ვიდეოკადრებიც გავრცელდა.

პოლონეთის ოფიციალურ პირებს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ, თუმცა ჟურნალისტებთან ქვეყნის მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ ლიდერები იკრიბებიან "კრიზისული სიტუაციის" განსახილველად.

  • ამბავს რუსული მედია განსხვავებულად აშუქებს

დასავლური მედიის პარალელურად, ინფორმაცია პოლონეთში მომხდარი აფეთქების შესახებ კრემლის პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს, თუმცა ისინი წერდნენ, რომ პოლონეთში არა რუსული, არამედ უკრაინული რაკეტები ჩამოვარდა.

  • რას თქვეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში?

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციაა”. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება “ტელეგრამში” ავრცელებს.

"პოლონური მედიისა და ოფიციალური პირების დასახელებულ პუნქტ ფშევოდუვთან თითქოსდა “რუსული” რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ განცხადებები მიზანმიმართული პროვოკაციაა ვითარების ესკალაციისთვის.

პოლონეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან რუსეთის ძალების მიერ არანაირი დარტყმები არ განხორციელებულა. პოლონური მედიის მიერ დასახლებულ გამოქვეყნებულ ნამსხვრევებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის ძალებთან”, - წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

  • რა თქვეს პენტაგონში

"აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს არა აქვს რუსული რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის დამადასტურებელი ინფორმაცია", - ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.

"ვიცით ამასთან დაკავშირებით მედიის ცნობების შესახებ. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ამ ცნობების დასადასტურებლად, მაგრამ, კიდევ ერთხელ, მათ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და შევისწავლით”, - განაცხადა რაიდერმა.მან აღნიშნა, რომ აშშ-ი გაავრცელებს ინფორმაციას მოვლენათა განვითარების შესახებ. ამავდროულად გენერალმა სხვა დეტალების შესახებ კომენტარები არ გააკეთა, კერძოდ რა ფორმით აქვს ახლა აშშ-ს კონტაქტი პოლონეთთან პოლონურ სოფელში აფეთქების მიზეზების შესახებ.

"ჩვენ ამ ცნობებს შევისწავლით. არ მინდა სპეკულირება ან ჰიპოთეზების წამოყენება”, - განაცხადა გენერალმა. მან აღნიშნა, რომ აშშ ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების მე-5 მუხლის ვალდებულებებზე უარს არ ამბობს. “რაც შეეხება უსაფრთხოების სფეროში და მე-5 მუხლის ჩვენს ვალდებულებებს, ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ”, - დასძინა რაიდერმა.

  • ევროპელი ლიდერების გამოხმაურებები:

ანალენა ბერბოკი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. კონტაქტი გვაქვს ჩვენს პოლონელ მეგობრებთან და ნატო-ს მოკავშირეებთან.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რიუტე: ვაკვირდებით სიტუაციას, ახლა მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა მოხდა ზუსტად.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ კონტაქტზეა პოლონეთთან და აპირებს ისაუბროს ამ საკითხზე G20-ის წარმომადგენლებთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი: შოკირებული ვარ. ვუსამძიმრებ ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით. მე მაქვს კონტაქტი პოლონეთის ხელისუფლებასთან. ევროპის საბჭოს წევრებსა და სხვა მოკავშირეებთან.