ავტორი:

"ის, რომ დასავლეთი დამნაშავედ პირდაპირ რუსეთს არ აცხადებს, ეს შეიძლება აღვიქვათ, სიფრთხილედ" - მიზანმიმართული შეტევა ნატოს-ს წევრ ქვეყანაზე თუ ტექნიკური შეცდომა?

"ის, რომ დასავლეთი დამნაშავედ პირდაპირ რუსეთს არ აცხადებს, ეს შეიძლება აღვიქვათ, სიფრთხილედ" - მიზანმიმართული შეტევა ნატოს-ს წევრ ქვეყანაზე თუ ტექნიკური შეცდომა?

15 ნოემბერს, პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტა ჩამოვარდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარიდან მალევე ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი აკვირდებიან პროცესს და კარგად შეისწავლიან ამ სამწუხარო ფაქტს. რუსეთი კი, უკრაინის მხრიდან პროვოკაციაზე ლაპარაკობს.

Ambebi.ge-მ ამ საკითხზე ინტერვიუ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტ, გიორგი კობერიძესთან ჩაწერა. მასთან ერთად მიმოვიხილეთ ის მოვლენები, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს მომხდარს. კითხვაზე თუ ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება და რა მიზანი შეიძლება ამას ჰქონოდა, ექსპერტი ამბობს, რომ მთელი პასუხისმგებლობა რუსეთზეა, რადგან ამ ომის შემოქმედი სწორედ ისაა.

"ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, რუსეთის მიერაა წამოწყებული და შესაბამისად, ნებისმიერი პასუხისმგებლობა, ავტომატურად, დაკავშირებულია მასთან. ამ მოვლენას სარჩულად ერთი მოვლენა ედო - 15-ში მთელი დღის განმავლობაში, რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით ესხმოდა თავს. ეს შეტევა იმ მასშტაბის იყო, როგორიც არ ყოფილა 24 თებერვლის შემდგომ. ის, რომ დასავლეთი ახლა დამნაშავედ პირდაპირ რუსეთს არ აცხადებს, ეს შეიძლება აღვიქვათ, სიფრთხილედ, ვიდრე იმ რეალობად, რომ თითქოს მათ არ იციან, ვინ დგას ამის უკან. ეს სწორედ იგივეა, რაც მოხდა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს, როცა თითქოს დასავლეთმა არ იცოდა, ვინ იყვნენ "მწვანე კაცუნები“, - ამბობს გიორგი კობერიძე.

ექსპერტმა ასევე ისაუბრა მომხდარის გამოძიებაზე. მისი თქმით, პასუხისმგებლობის დადგენა ძალიან რთული იქნება რიგი ფაქტორების გამო. ასევე ახსენა ნატოს თავდაცვის ბუფერზე და გვესაუბრა, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას დასავლეთის მხრიდან.

"რთული იქნება ოფიციალურად რუსეთის პასუხისმგებლობის დადგენა, თუ ვერ დადგინდა საიდან მოხდა გასროლა რა იყო სამიზნე. უნდა აღინიშნოს, რომ ნატოს აქვს 8-კილომეტრიანი თავდაცვის ბუფერი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნატოს მოსაზღვრე ნებისმიერ ქვეყანაში, საზღვრიდან 8 კილომეტრში მიმდინარე სამხედრო აქტივობა ნატოს უსაფრთხოებისთვის დიდ გამოწვევად აღიქმება. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ უშუალოდ მის ტერიტორიაზე ჩამოვარდა მტრული სახელმწიფოს, აგრესიული ომის მწარმოებლის რაკეტა, მიანიშნებს, რომ ახლა პოლონეთს აქვს საშუალება, მოითხოვოს დამატებითი სამხედრო ძალები, გამოაცხადოს სამხედრო მდგომარეობა და დღის წესრიგში დასვას ნატოს მე-5 მუხლის ამუშავება. მაგრამ რეალისტურად რომ შევაფასოთ, ეს არ მოხდება, თუმცა სრულიად რეალურია ახლა მოხდეს უკრაინისთვის ყველა სახის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გადაცემა, იმ სარჩულით, რომ თავად ნატოშიც წარმოიშვა საფრთხე და უკრაინის შეიარაღება სწორედ ალიანსის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო. თუკი მომხდარს არანაირი საპასუხო ღონისძიება არ მოჰყვება ნატოს მხრიდან, მაშინ ამას რუსეთი აღიქვამს დასავლეთის სიმხდალედ. თუ ეს მართლა შეცდომით მოხდა, ამის მერე, ვფიქრობ, რომ ამგვარი "შეცდომები" უფრო ხშირად განმეორდება და რუსეთი შეეცდება შეამოწმოს დასავლეთის რეაქციები. მიმაჩნია, რომ ეს დასავლეთშიც კარგად ესმით და დიდი ალბათობაა, რომ საპასუხო ნაბიჯად ნატოს ქვეყნებმა უკრაინას ახალ შეიარაღება გადასცენ", - აცხადებს ექსპერტი.

არსებობს ვერსია, როლის თანახმადაც უკრაინული ძალების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ მოახერხა რუსული რაკეტისთვის მიმართულების შეცვლა, რის შემდეგაც ის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამ საკითხზე გიორგი კობერიძე აცხადებს:

"არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც ასე ყოფილიყო და ლვოვის ოლქში უკრაინულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას ჩამოეგო რუსების მიერ გაშვებული რაკეტა, რაც პოლონეთში დაეცა. ნაკლებად, სავარაუდოა, რომ უკრაინას გაესროლა ეს რაკეტები რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის იმიტომაც, რომ სტრატეგიული ბომბდამშენები უკრაინას არ აქვს, არადა, რაკეტები, რაც პოლონეთში ჩამოვარდა, გაშვებულია ზღვიდან ან სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სტრატეგიული ბომბდამშენები უკრაინას არ გააჩნია და ვერც ზღვიდან გაუშვებდნენ, რადგან შავ ზღვაში რუსული ფლოტებია მობილიზებული..."

ექსპერტმა, ასევე ისაუბრა მესამე მსოფლიო ომის დაწყების რისკებსა და იმ მოვლენებზე, რაც შესაძლებელია განვითარდეს.

"პირდაპირ გამოვრიცხავ ნატოს ჯარების ჩარევას ამ ომში, მაგრამ, ამასთანავე, არ მგონია, რომ დასავლეთი მხოლოდ კომენტარებითა და აღშფოთებით შემოიფარგლება. შესაძლებელია, უკრაინისთვის ყველა სახის შეიარაღების გადაცემა არ მოხდეს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ომში ჩართულ ქვეყანას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით გაცილებით უფრო აქტიურად მოამარაგებენ. ეს ჩანს ყველაზე რეალური პასუხი, რომელიც კი შეიძლება მიიღოს რუსეთმა 2 კვირიდან 1 თვის პერიოდში. მნიშვნელოვანია ისიც აღინიშნოს, რომ ნატოს ჩარევა ამ კონფლიქტში მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფუძველი ვერ იქნება, რადგან ეს ომი რუსეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს, ისინი გაანადგურებენ რუსეთის აგრესიულ შენაერთებს უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია, ასევე ფუჭი იქნება იმის მოლოდინი, რომ ნატო უკრაინის ცას ჩაკეტავს. ჩემი აზრით, დასავლელი ლიდერები შეიკავებენ თავს პროცესის ესკალაციისგან“, - აცხადებს ექსპერტი.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ლუკა ცხვედიანი