ავტორი:

"მეჩეთში გამოვაცხადე, რომ ჩემი 4 წლის ქალიშვილის გაყიდვა მინდოდა" - საძილე აბები პურის ნაცვლად: ავღანეთში, შიმშილის გამო, ადგილობრივები ბავშვებსა და საკუთარ ორგანოებს ყიდიან

"მეჩეთში გამოვაცხადე, რომ ჩემი 4 წლის ქალიშვილის გაყიდვა მინდოდა" - საძილე აბები პურის ნაცვლად: ავღანეთში, შიმშილის გამო, ადგილობრივები ბავშვებსა და საკუთარ ორგანოებს ყიდიან

ზოგიერთი ავღანელი იძულებულია, შიმშილისგან თავის დროებით დასახსნელად, მცირეწლოვან ბავშვებს საძილე აბები მისცეს, ზოგიც საკუთარ ქალიშვილებს ან ორგანოებს ჰყიდის, რათა ოჯახი არჩინოს... მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში თალიბები მოვიდნენ, უცხოეთიდან ქვეყანას არავინ ეხმარება. ზამთარი მოდის, რომელიც მილიონობით ადამიანს შიმშილით ემუქრება.

"ჩვენი შვილები განუწყვეტლივ ტირიან და ვერ იძინებენ, საჭმელი კი არ გვაქვს, - ამბობს აბდულ ვაჰაბი, - იძულებული ვართ, მივდივართ აფთიაქში, აბებს ვყიდულობთ და ბავშვებს ასე ვაძინებთ".

აბდული ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქ ჰერატის გარეუბანში ცხოვრობს, ათასობით პატარა ხის სახლიდან ერთ-ერთში. ეს დასახლებები ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაჩნდა და სავსეა ხალხით, რომლებიც ომსა და სტიქიურ უბედურებებს გაექცნენ.

აბდულს და მის ირგვლივ შეკრებილ ათამდე მამაკაცს BBC - ის ჟურნალისტი ეკითხება, - მათგან ვის მიუცია ბავშვებისთვის დასაძინებლად დამამშვიდებელი საშუალება? - "ბევრი, ბევრი ჩვენგანი აძლევს", - პასუხობენ ისინი.

გულიამ ჰაზრატს ხელი ჯიბისკენ მიაქვს, საიდანაც აბების შეკვრას ამოაძვრენს. ეს არის, დამამშვიდებელი, რომელიც ჩვეულებრივ ინიშნება ნერვული აშლილობისთვის.

გულიამს ექვსი შვილი ჰყავს, მათგან უმცროსი მხოლოდ ერთი წლისაა. "მაგრამ მე მასაც ამ აბებს ვაძლევ", - ამბობს ის.

პრეპარატები, რომლებიც მამაკაცებს ჯიბეში აქვთ შენახული, ჩვეულებრივ გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალოდ.

ექიმების თქმით, არასრულფასოვანმა კვებამ და ბავშვებისთვის წამლის მიცემამ შეიძლება დააზიანოს ღვიძლი და გამოიწვიოს მრავალი სხვა პრობლემა, ქრონიკული დაღლილობიდან დაწყებული, ძილის დარღვევებითა და ქცევის პრობლემებით დამთავრებული.

ადგილობრივ აფთიაქში ჟურნალისტი აღმოაჩენს, რომ ტრანკვილიზატორების 5 აბი, 10 ავღანი (დაახლოებით 10 აშშ ცენტი) ღირს.

ოჯახების უმეტესობაში ხალხი მხოლოდ პურზე ცხოვრობს. ერთი ქალი ამბობს, რომ საუზმეზე მშრალ პურს მიირთმევენ, სადილად კი წყალში ასველებენ.

როგორც გაეროს წარმომადგენელი აღნიშნავს, ავღანეთში ჰუმანიტარული კატასტროფაა...

ჰერატის გარეუბნებიდან მამაკაცების უმეტესობა საქმის მოძიებას ყოველდღიურად ცდილობს.

მას მერე, რაც ხელისუფლებაში თალიბები მოვიდნენ, უცხოეთიდან თანხები დაიბლოკა და ამან ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვია, რამაც მამაკაცთა უმეტესობა უმუშევრად დატოვა.

იმ იშვიათ დღეებშიც კი, როდესაც სამუშაოს პოულობენ, მათი ანაზღაურება დღეში 100 ავღანია, დოლარზე ცოტა მეტი.

ამარის თქმით (სახელი შეცვლილია), მას სამი თვის წინ თირკმელი ამოუღეს. ის ჟურნალისტს სხეულზე ვარდისფერი ნაწიბურს აჩვენებს, რომელიც მუცლიდან ზურგამდე ეშვება.

"გავიგე, რომ ადგილობრივ კლინიკაში შეიძლებოდა თირკმელის გაყიდვა. მივედი და ვუთხარი, რომ ამისთვის მზად ვიყავი. რამდენიმე კვირის შემდეგ საავადმყოფოში დამიბარეს. ანალიზების გაკეთების შემდეგ, ისეთი ინექცია გამიკეთეს, რის შემდეგაც გონება დავკარგე, საშინელება იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა", - ამბობს ის.

ამარს 270 000 ავღანი (დაახლოებით 3 100 აშშ დოლარი) გადაუხადეს. თანხის ნაწილით ვალები გადაიხადა, რომელიც მანამდე შიმშილისგან თავის დასაღწევად აიღო.

"თირკმლის გაყიდვის შემდეგ მეჩვენება, რომ ნახევარი ადამიანი ვარ. სრული უიმედობის განცდა მაქვს... მგონია, რომ მოვკვდი“, - აღიარებს ახალგაზრდა.

ორგანოების გაყიდვა ავღანეთში ახალი ამბავი არ არის, ეს თალიბების მოსვლამდეც ხდებოდა.

ცარიელ, ცივ სახლში ჟურნალისტი ახალგაზრდა დედას ხვდება, რომელმაც თირკმელი შვიდი თვის წინ გაყიდა. მას უნდოდა ვალი დაეფარა, რომელიც მანამდე ცხვრის ფარის საყიდლად აიღო. ცხვარი ორიოდე წლის წინ წყალდიდობისას დაიხოცა და ოჯახმა შემოსავლის წყარო დაკარგა. 240 000 ავღანი (დაახლოებით 2700 დოლარი), რომელიც ქალმა თირკმლისთვის გადაუხადეს, არ აღმოჩნდა საკმარისი ვალის დასაფარად.

"ახლა იძულებულები ვართ გავყიდოთ ჩვენი ორი წლის ქალიშვილი. ადამიანები, ვისგანაც ფული ვისესხეთ, ყოველდღიურად გვავიწროვებენ და გვთხოვენ, რომ ჩვენი ქალიშვილი მივცეთ, თუ ვალის გადახდას ვერ შევძლებთ", - ამბობს ქალი. საშინლად მრცხვენია, - ამბობს მისი ქმარი - ხანდახან მეჩვენება, რომ ასეთ ცხოვრებას სიკვდილი სჯობია".

"მე გავყიდე ჩემი ხუთი წლის ქალიშვილი 100 000 ავღანად", - ამბობს ნიზამუდინი. ეს თირკმლის ღირებულების ნახევარზე ნაკლებია, რამდენადაც ჩვენ გავიგეთ. მამაკაცს თვალები ცრემლით ევსება.

შიმშილი ადამიანებს ართმევს იმ ღირსებას, რომლითაც მთელი ცხოვრება გაატარეს.

"ჩვენ გვესმის, რომ ისლამის კანონების წინააღმდეგ ვმოქმედებთ, საფრთხეს ვუქმნით ჩვენი შვილების სიცოცხლეს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი უხუცესი, აბდულ გაფარი.

ერთ-ერთ სახლში მხიარული გოგონა, ოთხი წლის ნაზია ცხოვრობს, თავის წლინახევრის ძმა - შამშულასთან ერთად.

"საჭმელის ფული არ გვაქვს, ამიტომ ადგილობრივ მეჩეთში გამოვაცხადე, რომ ჩემი 4 წლის ქალიშვილის გაყიდვა მინდოდა", - ამბობს მისი მამა ჰაზრატულა.

ნაზია გაიყიდა, ის გათხოვდა ბიჭზე, რომელიც ყანდაჰარის პროვინციაში ცხოვრობს. მას მომავალ ქმარს გაუგზავნიან, როდესაც 14 წლის გახდება.

საერთაშორისო დამოუკიდებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციის (Médecins Sans Frontières (MSF) თანახმად, ავღანეთის ოფისებმა წელს 47%-ით მეტი პაციენტი მიიღეს არასრულფასოვანი კვების სიმპტომებით, ვიდრე გასულ წელს.

ცენტრმა გაზარდა საწოლების რაოდენობა სამკურნალოდ ჩამოსული ბავშვების ნაკადთან გასამკლავებლად, მაგრამ კლინიკა თითქმის ყოველთვის გადატვირთულია.

ჟურნალისტის კითხვაზე რას აკეთებს ხელისუფლება შიმშილის პრობლემის მოსაგვარებლად, თალიბანის მთავრობის წარმომადგენელი ჰერატში, ჰამიდულა მუტავაქილი ამბობს:

"ეს ვითარება ავღანეთზე საერთაშორისო სანქციების და ავღანეთის აქტივების გაყინვის შედეგია... ჩვენი მთავრობა ცდილობს გაარკვიოს, რამდენ ადამიანს სჭირდება დახმარება, მაგრამ ბევრი იტყუება მათი ცხოვრების პირობებზე, რადგან დახმარებას ელიან..."

მან ასევე განაცხადა, რომ თალიბანი სამუშაო ადგილების შექმნას ცდილობს.

"ჩვენ განვიხილავთ რკინის მადნის მაღაროების გახსნას და გაზსადენის პროექტს“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მალე მოხდეს.

ავღანელები ჟურნალისტთან ამბობენ, რომ თალიბანის მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან თავს მიტოვებულად გრძნობენ. წყარო

იხილეთ ასევე: