ავტორი:

"მწერდნენ, რომ უნდა დავმწვარიყავი... სწორედ ისე, როგორც თამილა ლილუაშვილის შემთხვევაში მოხდა" - თაკო ტაბატაძე თერჯოლაში მომხდარ სასტიკ დანაშაულს ეხმაურება

"მწერდნენ, რომ უნდა დავმწვარიყავი... სწორედ ისე, როგორც თამილა ლილუაშვილის შემთხვევაში მოხდა" - თაკო ტაბატაძე თერჯოლაში მომხდარ სასტიკ დანაშაულს ეხმაურება

გუშინ, გვიან ღამით, თერჯოლაში შემზარავი დანაშაული მოხდა. 37 წლის თამილა ლილუაშვილს ყოფილმა ქმარმა ბენზინი გადაასხა და თვითმხილველების თვალწინ დაწვა. ქალი ადგილზევე დაიღუპა ფაქტის შემსწრეები ცდილობდნენ მას მიშველებდნენ, თუმცა უშედეგოდ. სხეულის 60-70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა მიიღო თავად მოძალადემაც...

ბოლო წლებში საქართველოში მომხდარმა ფემიციდის შემთხვევებმა ლამის ყოველკვირეული ხასიათი მიიღოს.

ბოლო 7 წლის განმავლობაში, საქართველოში, გენდერული ნიშნით ძალადობას 187 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა მათგან თითქმის 50% ოჯახის წევრმა მოკლა.

მართალია, ყოველი ახალი მკვლელობის შემდეგ საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთებული რჩება და ფემიციდის წინააღმდეგ კანონის გამკაცრებას ითხოვენ, მაგრამ ხშირია სოციალურ ქსელში კომენტარები, როდესაც გაშორებულ ქალებზე მამაკაცებს მოუწოდებენ, - მოკლან, დაჭრან, ბენზინი გადაასხან... სამწუხაროდ, იმ ადამიანებში, რომლებიც ქალების მიმართ ძალადობრივ კომენტარებს წერენ, ბევრი ქალიც არის.

სწორედ მათი მსხვერპლი იყო მსახიობი თაკო ტაბატაძე, რომელმაც ერთი წლის წინ ღიად აღიარა, რომ ქმარს დაშორდა და ოთხ გოგონასთან ერთად მარტო ცხოვრობდა. თაკომ ინტერვიუში თქვა, რომ ყოფილ მეუღლესთან, რომელიც ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება, მუსიკოსი გია ბაღაშვილი გახლდათ, ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნა... მოგვიანებით ეს ამბავი ყოფილმა ქმარმაც დაადასტურა, თუმცა როგორც თაკო AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, ის მაინც გახდა ძალადობის უზარმაზარი ტალღის სამიზნე.

"ის სქრინი შენახული მქონდა, სადაც მწერდნენ, რომ უნდა დავმწვარიყავი... სწორედ ისე, როგორც თამილა ლილუაშვილის შემთხვევაში მოხდა", - ამბობს თაკო.

ახლა სურვილი აქვს, უცნობი ქალის სამძიმარზე ჩავიდეს...

სოციალურ ქსელში კი ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოებას მოუწოდებს, - ნუ აიძულებს გარემო ქალებს, რომ მოძალადე კაცები აიტანონ...

თაკო ტაბატაძე:

"რამდენიმე დღის წინ ქუჩაში დავინახე ქალი, მოწყალებას ითხოვდა. დავეხმარე და ასეთი რამ მითხრა: "ღმერთმა გადაგარჩინოს ამ ქვეყნიერებას“ - მაშინვე მომხვდა გულზე ეს სიტყვები... როცა ამ ქვეყანაში ცხოვრობ ფიზიკური გადარჩენა დიდი მიღწევაა. გადის რამდენიმე დღე და ვკითხულობ, რომ ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა ცოცხლად დაწვა. სული მეწვს და მტკივა ისე როგორც ძალიან ახლობელი ადამიანის დაკარგვა, მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ ვიცნობდი…

ამ საზოგადოების ჩამყაყებულმა ნაწილმა კიდევ ერთი სიცოცხლით სავსე ქალი სასტიკად გაანადგურა იმ მკვლელის ხელით, რომელსაც, დარწმუნებული ვარ გამართლებასაც მოუძებნიან, როგორც სჩვევიათ ხოლმე:

"ალბათ ღირსი იყო და მაგიტომ”

"ტყუილად არავინ არავის მოკლავს”,

"თავგასულ ქალს ასე მოუხდება” და ასე შემდეგ…

ამ ქვეყანაში ქალის დანაშაულია:

თუ მიგატოვეს

თუ განქორწინდი

თუ დამოუკიდებელი ხარ

თუ საკუთარ თავს პატივს სცემ

თუ შეგიძლია საკუთარი თავის დაცვა

თუ ბედნიერი ხარ

თუ გიყვარს

თუ გჯერა და კიდევ ბევრი თუ…

თითოეულ ადამიანს მივმართავ, ვინც გამოირჩევით ქალთმოძულეობით, ამ სიძულვილში ზრდით შვილებს და მოუწოდებთ კაცებს რომ დაწვან, სცემონ, დაჭრან... თქვენ ხართ თამილას მკვლელები!

მივმართავ მშობლებს, ნათესავებს, ახლობლებს, რომლებიც მოძალადე კაცების ატანას გვაიძულებენ და გვდევნიან მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საზოგადოების სატანისტური ჯგუფის განხილვის ობიექტი არ გავხდეთ, თქვენც გაუცნობიერებლად ასაზრდოებთ მათ! შეწყვიტეთ! მხარი დაუჭირეთ თქვენს შვილებს, დებს, დედებს, რომ იყვნენ ბედნიერები, ძლიერები თქვენით! და ბოლოს, მივმართავ იმ საიტებს, რომლებიც ახდენენ ასეთი ძალადობრივი კომენტარების წახალისებას პირადი, თუ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. თქვენ კვებავთ მკვლელებს! ასაზრდოებთ მათ ბნელ ფანტაზიებს! ასეთი კომენტარები უნდა იბლოკებოდეს და სირცხვილი უნდა იყოს!!!

ხატებით რომ აქვთ "მოოჭვილი“ სოციალური ქსელები და ერთმანეთს "ლოცავენ” უფლის სახელით ვინ უფრო საშინელ სიკვდილს უსურვებს ქალს! ამაზრზენია! ჩემი ღმერთი არ განიკითხავს! ჩემი ღმერთი მიმტევებელია! ჩემი ღმერთი სიყვარულია! მე ბედნიერი ვარ! მე ძლიერი ვარ! მე არ ვეგუები! მე ვცვლი!

#თამილალილუაშვილისთვის".

იხილეთ ასევე: