ავტორი:

"ეს ბიჭი "სამეფო ოჯახიდან" არის? ის ისეთი თავმდაბალია..." - "ოქროს ბურთის" პირველი არაევროპელი მფლობელისა და ლიბერიის პრეზიდენტის ვაჟის დებიუტი მსოფლიოზე?

"ეს ბიჭი "სამეფო ოჯახიდან" არის? ის ისეთი თავმდაბალია..." - "ოქროს ბურთის" პირველი არაევროპელი მფლობელისა და ლიბერიის პრეზიდენტის ვაჟის დებიუტი მსოფლიოზე?

უელსის კარში გატანილი გოლის შემდეგ, აშშ-ს ნაკრების წევრი ტიმოტი ვეა ემოციებს ვერ მალავდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი და აღნიშნა, რომ გოლი პარტნიორებს, ამერიკას, ლიბერიას, იამაიკასა და ოჯახს მიუძღვნა. მოულოდნელად პოსტს პელეც გამოეხმაურა: "ეს იყო შესანიშნავი გოლი. არ შეწყვიტო ოცნება, ოცნებები ხდება“. საპასუხოდ ვეამ ფეხბურთის მეფეს "მამა პელე“ უწოდა.

ნამდვილი მამა ჯორჯი, ამჟამად ლიბერიის პრეზიდენტი იმ მომენტში შვილთან იყო: ჯერ ტრიბუნიდან უყურებდა ვაჟის პერფორმანსს, შემდეგ კი მასთან და მეუღლესთან ივახშმა. ვახშამიდან ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა "ამაყი მამა“. უფროსი ვეა კი არის "ოქროს ბურთის“ მფლობელი, მაგრამ არასდროს უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატზე. ლიბერია ყველაზე ახლოს მუნდიალზე მოხვედრასთან 2002 წელს იყო, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი ქულით ნიგერიამ აჯობა.

უმცროს ვეას კი ყველაფერი პირველივე ცდით გამოუვიდა: მსოფლიო ჩემიონატზე მოხვედრაც და გოლის გატანაც. "დილა მშვიდობისა ამერიკის“ ეთერში ბიჭმა აღიარა, რომ ზოგჯერ ხედავდა, როგორ ემოციურად გულშემატკივრობდნენ მას მშობლები: "გოლის გატანის დროსაც კი დავინახე ისინი“.

ტიმს სხვა ნაკრები რომ აერჩია, დიდი ალბათობით, არც პელეს შექება, არც ამერიკული ტელე ეთერები და მშობლების ემოციური გულშემატკივრობა არ ექნებოდა. მიზეზები მაქსიმალურად ლოგიკურია: აშშ - ქვეყანა, სადაც დაიბადა და გაიზარდა, ლიბერია - მამის სამშობლოა, იამაიკა - დედის, საფრანგეთში კი ამჟამად თამაშობს და ცხოვრების უფლებაც აქვს.

22 წლის ფორვარდი ამბობს, რომ განსაკუთრებული არჩევანი არც ჰქონია: "ფესვები მუდამ დარჩება ფესვებად, მაგრამ მე შტატებში გავიზარდე. აქ არის ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები. რთული გადაწყვეტილების მიღება არც მომიწია“.

  • მამა ვეა

ჯორჯ ტაულონ მანე ოპონგ უსმან ვეა - ლიბერიელი პოლიტიკოსი და ყოფილი ფეხბურთელი. ლიბერიის პრეზიდენტი 2018 წლის 22 იანვრიდან. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე აფრიკის, ევროპისა და აზიის საფეხბურთო კლუბებში და ლიბერიის ნაკრებში. განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა თავი იტალიურ საფეხბურთო კლუბ "მილანში" და ფრანგულ კლუბებში "მონაკოსა" და "პარი სენ-ჟერმენში". 1995 წელს გახდა პირველი არაევროპელი ფეხბურთელი რომელმაც მოიგო "ოქროს ბურთი", ფიფა-მ კი დაასახელა მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად. 1999 წელს Placar-ის ვერსიით, XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 52-ე ადგილზე დასახელდა.

უფროსი ვეა იმდენად ხშირად დამოგზაურობდა მთელი მსოფლიოს გარშემო, რომ ალბათ, არც ახსოვს რა მიზეზით აღმოჩნდა 1993 წელს ნიუ-იორკში. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით, რომ იამაიკელი კლერ დუნკანი ვეამ ბანკ Chase Manhattan-ში გაიცნო. კლერი ემიგრანტების ოჯახიდან იყო და 6 დედ-მამიშვილი ჰყავდა. დაამთავრა სამედიცინო ფაკულტეტი, იმუშავა მედდად ნიუ-იორკის იამაიკურ საავადმყოფოში, შემდეგ კი საბანკო სექტორში გადავიდა.

ვეასთან დაოჯახების შემდეგ, მათ სამი შვილი შეეძინათ. მეოთხე და მეხუთე შვილები ვეას სხვა ქალებისგან ჰყავს. მათმა ურთიერთობამ არაერთ სკანდალსა და დაძაბულობას გაუძლო, თუმცა დღემდე ერთად არიან. კლერი ლიბერიის პირველი ლედია. როგორც მისი ქმარი, ისიც ბევრ სოციალურ პროექტში მონაწილეობს, მათ შორის - სპორტულში.

გაჭირვებული ადამიანების დახმარების სურვილი, კლერს ჯერ კიდევ ნიუ-ირკის პერიოდიდან ჰქონდა. ფეხბურთელის მეუღლე როცა გახდა, ღარიბი ოჯახის ბავშვებს ფეხბურთში ავარჯიშებდა. 16 წლის განმავლობაში კლერი მოზარდებისთვის ფეხბურთის ვარჯიშებს ატარებდა, მისი მიზანი იყო, რომ ისინი ბანდებში არ მოხვედრილიყვნენ ან ნარკოდამოკიდებულები არ გამხდარიყვნენ. ვარჯიშებზე ხშირად მოდიოდა ტიმატიც.

დედასთან ვარჯიშმა, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო ვეა უმცროსის საფეხბურთო უნარების განვითარებას, მაგრამ რომ არა ნიჭი და ფეხბურთის გიჟური სიყვარული, ის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა. "მიუხედავად ხმამაღალი გვარისა, ტიმატი ყოველთვის მზად იყო ვარჯიშისთვის. ყოველთვის კარგად თამაშობდა, აშკარა იყო, რომ ბიჭუნას ნიჭი ჰქონდა. ზოგიერთი ნიჭიერი ადამიანი ზარმაცია, მაგრამ ის არასდროს ზარმაცობდა, არასდროს“, - ამბობს ნათესავი დედის მხრიდან კაილ დუნკანი.

14 წლამდე ვეა დედასთან ვარჯიშებს "რედ ბულსის“ აკადემიაში სიარულთან ათავსებდა. შემდეგ პსჟ-ში“ გადავიდა და 17 წლის ასაკში პირველ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც U17 მსოფლიო ჩემპიონატზე 1/8 ფინალში პარაგვაის ნაკრებს სამი გოლი შეუგდო. ტიმატი პირველი ამერიკელი ფეხბურთელი აღმოჩნდა, ვინც ფიფას ფლეი-ოფზე ჰეთ - თრიკი შეასრულა.

ამჟამად მისი სანაკრებო სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიუყურება: 24 მატჩი, 4 გოლი.

პსჟ-ში არანორმალური კონკურენციაა. თითო პოზიციაზე 2-3 მსოფლიო დონის ვარსკვლავი მოდის. ვეა უმცროსს კი პრაქტიკა და გამოცდილება სჭირდებოდა, ამის გამო "ლილიში“ გადავიდა. აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელი უოკერ ციმმერმანი ვეაზე ყვება: "მე მას მანამდე ვიცნობდი, ვიდრე გავიგებდი ვისი შვილია. საერთოდ არ ახასიათებს ვარსკვლავური მამის მუხტი. როცა გავიგე, ვისი შვილი იყო, ვერ ვიჯერებდი. ეს ბიჭი "სამეფო ოჯახიდან" არის? ის ისეთი თავმდაბალი ადამიანია, ყოველთვის იცინის, გვასმენინებს მუსიკას გასახდელში, ვეაზე ცუდს ვერავინ იტყვის, კარგი ადამიანია“.

დაახლოებით იმავეს ამბობს უფროს ვეაზე თვითონ ტიმატიც: "ჩვენ ერთმანეთს "ვოთსაპით" ვუკავშირდებით. მამა - ყველაზე ნორმალური ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შეხვდებით. ის იღვიძებს და მიდის ფეხბურთის ან კალათბურთის სათამაშოდ“.

მამის მაგალითმა ვეა უმცროსს დიდი შთაგონება მისცა: მისი ერთ-ერთი მიზანია - დააარსოს ფონდი და აფრიკაში საფეხბურთო აკადემია გახსნას. ახლობლებთან და წინაპრებთან კონტაქტი რომ არ დაკარგოს, ტიმატი ყოველ დეკემბერს ლიბერიაში ჩადის.

"იქ გვაქვს ულამაზესი სანაპიროები, სასტუმროები, სახლები. ისეთი ატმოსფეროა, რომ ცხოვრების რიტმს ანელებს. რთული სეზონის შემდეგ, საუკეთესო ადგილია, სადაც გამგზავრება, მედიტირება და საკუთარ თავთან ყოფნა შემიძლია“.

სიმართლე რომ ვთქვათ, ვეა - კარგი ადამიანია, მაგრამ საუკეთესო, თუნდაც კარგ ფორვარდამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია. "ლილიშიც“ თავი ჯერ დიდად ვერ გამოიჩინა - 31 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. დიდ ფეხბურთში, მუნდიალი - 2022, შესაძლოა მისი კარიერის გამორჩეულ მომენტად იქცეს...

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე