ავტორი:

"ოჯახმა დაიქირავა არა ლობისტური, არამედ იურიდიული კომპანია" - გიული ალასანია

"ოჯახმა დაიქირავა არა ლობისტური, არამედ იურიდიული კომპანია" - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ოჯახმა დაიქირავა არა ლობისტური, არამედ იურიდიული კომპანია.

მისივე თქმით, ამ კომპანიის მეშვეობით მოხდა ცნობილი სპეციალისტების შემოყვანა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი თქმით, „მდგომარეობა იგივეა".

"სიცხე, როგორც ყოველთვის აქვს, სისუსტე. გაძლებაზეა ადამიანი. რამდენი ხანი გაძლებს ორგანიზმი, ამაზეა. მე რომ მკითხოთ, ძალიან ცუდად არის.

იმისთვის, რომ ის დიაგნოზები უფრო დამაჯერებელი იყოს, რომელიც ჩვენ ჩვენი სპეციალისტებისგან ისედაც გვქონდა, იურიდიული კომპანიის დაქირავება მოხდა და შემდეგ მათი მეშვეობით უკვე ძალიან ცნობილი სპეციალისტების, ექიმების შემოყვანა. ეს კომპანია ჯერ არ ამუშავებულა, არ ვიცი, ვნახოთ რას გააკეთებენ. ელემენტარული ინფორმაციის გავრცელება იქნება. ესენი ლობისტები არ არიან, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავე იმიტომ, რომ იმ ყველაფრის გასამაგრებლად გვჭირდებოდა, რაც აქ ხდება“, - ამის შესახებ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ცნობისთვის, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ოჯახმა დაიქირავა ლობისტური კომპანია, რომელიც ჰუმანიტარული მიზნებისთვის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის საერთაშორისო საზოგადოებაში კამპანიას აწარმოებს.