ავტორი:

ფავორიტების წინსვლა გრძელდება: ემანუელ მაკრონის მიერ გამოცნობილი ანგარიში და უიმედოდ დამარცხებული პოლონეთი და სენეგალი

ფავორიტების წინსვლა გრძელდება: ემანუელ მაკრონის მიერ გამოცნობილი ანგარიში და უიმედოდ დამარცხებული პოლონეთი და სენეგალი

მსოფლიო ჩემპიონატზე ფავორიტების წინსვლა გრძელდება. ნიდერლანდების და არგენტინის შემდეგ, მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს საფრანგეთმა და ინგლისმა. აქვე გავიხსენოთ, 3 დეკემბერს, ნიდერლანდებმა მერვედფინალში აშშ დაჯაბნა, ანგარიშით: 3:1, არგენტინამ კი ავსტრალია, ანგარიშით: 2:1 დაამარცხა.

გუშინ, 4 დეკემბერს კი ჯერ საფრანგეთი და პოლონეთი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩი ფრანგების დიდი უპირატესობით წარიმართა, შედეგად პოლონელები დამარცხდნენ. როგორც ირკვევა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი ქვეყნისა და პოლონეთის ნაკრებების მატჩის შედეგი გამოიცნო.

"ვფიქრობ, ჩვენ მოვიგებთ - 3:1! ლევანდოვსკი ერთს გაიტანს, ისევე როგორც მბაპე, შესაძლოა, ჟირუც, რომელსაც ისტორიაში შესვლა სურს. საფრანგეთის მესამე გოლის გატანა ჯოკერს შეუძლია", - განაცხადა მაკრონმა შეხვედრის წინ "პარიზიენთან" ინტერვიუში. ჟირუმ და მბაპემ მართლაც გაიტანეს, თანაც ამ უკანასკნელმა დუბლი შეასრულა და 5 გოლით მიმდინარე ტურნირის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. გატანის შანსი მიეცა ლევანდოვსკისაც, პოლონელმა პენალტით ერთი გოლი გაქვითა.

მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთ მერვედფინალურ მატჩში ინგლისმა სენეგალი 3:0 დაამარცხა და 10 დეკემბერს, გათამაშების შემდეგ ეტაპზე, საფრანგეთს დაუპირისპირდება.

გუნდები თავიდან ძალიან ფრთხილობდნენ, რბილად რომ ვთქვათ, თამაში ვერ იყო ლამაზი სანახავი. პირველი მომენტი აფრიკელებმა შექმნეს, როდესაც სარმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. იქამდე ბურთი ბრიტანელ სტოუნზს საჯარიმოში ხელზე მოხვდა, თუმცა მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. შემდეგი შანსი ისევ სენეგალს ჰქონდა, მაგრამ დიას დარტყმული ბურთი მეკარე პიკფორდმა მოიგერია.

ინგლისი 39-ე წუთზე ჰენდერსონის გოლით დაწინაურდა, პირველი ტაიმის დასასრულს კი მენდის ჰარი კეინმაც დალაშქრა და საუთგეითის გუნდმა სერიოზული უპირატესობა მოიპოვა. შესვენების შემდეგ სენეგალმა, ფაქტობრივად, წინააღმდეგობა შეწყვიტა, საკამ ანგარიში გაზარდა და ინგლისმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

  • მომზადებულია sportall.ge -ს მასალების მიხედვით

იხილეთ ასევე: