ავტორი:

პორტუგალია - შვეიცარია: ვარსკვლავის დაბადება -  ვინ არის 21 წლის პორტუგალიელი ბიჭი, რომელმაც რონალდო არა მხოლოდ შეცვალა, დაჩრდილა კიდეც

პორტუგალია - შვეიცარია: ვარსკვლავის დაბადება -  ვინ არის 21 წლის პორტუგალიელი ბიჭი, რომელმაც რონალდო არა მხოლოდ შეცვალა, დაჩრდილა კიდეც

21 წლის გონსალუ რამოშმა, რომელიც "ბენფიკის“ ღირსებას იცავს, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში შვეიცარიასთან პორტუგალიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში რონალდოს ადგილი დაიკავა. ფორვარდმა შვეიცარიას ჰეთ-თრიკი შეუსრულა და შეხვედრის გამორჩეული ფეხბურთელი გახდა.

"არ ვიცი, რა ვთქვა. სამი გოლი პირველ მატჩში - ჩემთვის ეს დაუჯერებელია. არ ვიცი, კიდევ დამაყენებენ თუ არა სასტარტოში“, - განაცხადა რამოშმა.

ჟურნალისტებმა, რა თქმა უნდა, რონალდოზეც ჰკითხეს.

"კრიშტიანო ჩემთან ისევე ურთიერთობს, როგორც დანარჩენ გუნდთან. ის ჩვენი კაპიტანია და დახმარებისთვის ყოველთვის მზად არის“, - განაცხადა ფორვარდმა.

მატჩი პორტუგალიამ ანგარიშით: 6:1 მოიგო. ერთი გოლი თამაშის მიწურულს შეცვლაზე შესულმა რონალდომაც გაიტანა, თუმცა უკვე ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ პორტუგალიის ნაკრები რონალდოს გარეშე უკეთესად თამაშობს, ვიდრე მასთან ერთად...

შეიძლება ითქვას, რომ ეს მატჩი, გარკვეულწილად, სიმბოლურიც გამოდგა: ჩვენ ერთდროულად ვარკვლავის ქრობის და ახალი ვარსკვლავის დაბადების მოწმენი გავხდით...

ფლეი-ოფამდე რამოშმა მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ 10 წუთი ითამაშა. 2 - განასთან, 8 - ურუგვაისთან. როგორც ჩანს, პორტუგალიელთა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა საიდუმლო იარაღი ფლეი-ოფისთვის შემოინახა.

რამოში ეუსებიოს შემდეგ, პირველი პორტუგალიელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში სამი გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, რამოში ფეხბურთელის ოჯახიდან არის და დინასტიას, როგორც ხედავთ, ღირსეულად აგრძელებს. მანუელ რამოში - ჩვენი დღევანდელი გმირის მამაა, რომელიც 2000-იანებში სხვადასხვა საშუალო კლუბებში გარემარბად თამაშობდა. უმცროსი რამოში აცხადებს, რომ მამის თამაში არასდროს უნახავს, თუმცა სწორედ მშობელმა შეაყვარა ფეხბურთი.

13 წლის ასაკში გონსალუ "ბენფიკის“ აკადემიაში მოხვდა და ნამდვილად გაბრწყინდა.

2018/19 წლის სეზონში კლუბი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივიდა. რამოში ტურნირის ბომბარდირი გახდა: ჯერ "ზენიტს“ გაუტანა, შემდეგ სამი დუბლი გაიტანა ფლეი-ოფის სტადიაზე. მათ შორის იყო დუბლი მადრიდის "რეალის“ წინააღმდეგ, თუმცა ის შეხვედრა "ბენფიკამ“ 2:3 დათმო.

გონსალუ, ასევე, კარგი იყო პორტუგალიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებშიც. 2019-ში პორტუგალიელები ევრო U19-ის ფინალამდე მივიდნენ, სადაც რამოშმა 3 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

2 წლის შემდეგ ევრო U 21 ფინალი იყო, სადაც თავდამსხმელმა ¼ ფინალში იტალიას უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანა.

"ბენფიკამ“ ტალანტების აღმოჩენა კარგად იცის. მათ დრო აღარ გაწელეს და გონსალუ ძირითად გუნდში დააწინაურეს. გაზაფხულზე რამოშმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულს“ გოლი გაუტანა. იმ შეხვედრის შემდეგ, კლოპმა დარვინი წაიყვანა "ლივერპულში“, არადა, როგორც დრომ აჩვენა, სხვა ფორვარდის წაყვანა სჯობდა.

ახლა თავდამსხმელი პორტუგალიის ლიგის ბომბარდირთა სიაში ლიდერობს. ჩემპიონატში 9 გოლი აქვს გატანილი, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე - 4, და 1-ც უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე. ამას ემატება 6 საგოლე გადაცემაც. მოდი, ვაღიაროთ, ეს ყველაფერი 21 წლის ასაკში საკმაოდ ეფექტურია.

ზუსტად ბოლო დამსახურებების გამო ნაკრების თავკაცმა ფერნანდუ სანტუშმა ირწმუნა რამოშიც შესაძლებლობები და კატარში წაიყვანა. მისი დებიუტი 17 ნოემბერს ნიგერიასთან ამხანაგურ მატჩში შედგა. სხვათა შორის, რამოშმა ერთი გოლი გაიტანა და ჟოაუ მარიუს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

რამოშს მისი სტილის გამო, არა რონალდოს, არამედ ტომას მიულერს ადარებენ. გონსალუ იდეალურად ეძებს თავისუფალ სივრცეებს დაცვაში და არა მხოლოდ გოლს იტანს, არამედ მისი გატანის შესაძლებლობებსაც ქმნის.

"ბენფიკას“ მწვრთნელი როგერ შმიდტი რამოშს ინტენსიურ პრესინგზეც ამუშავებს.

"დიახ, მე გამაქვს გოლები, თუმცა ჩემი რეპერტუარი ამით არ იზღუდება. ყოველთვის თავდამსხმელი არ ვყოფილვარ“, - ამბობს ფეხბურთელი.

გონსალუ პორტუგალიის ჩემპიონატში სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით პირველია: ბურთის მიღება მოწინააღმდეგის საჯარიმოში, ჩაჭრა, პრესინგი, გოლები...

ახლა რამოშის შედარება კიდევ ერთ ლეგენდარულ გერმანელთან შეიძლება. მანაც თავის პირველ სასტარტო მატჩში ჰეთ- თრიკი გაიფორმა. საუბარია მიროსლავ კლოზეზე. მირომ მაშინ საუდის არაბეთს გაუტანა 3 გოლი.

ზაფხულში "ბენფიკას“ ინგლისის პრემიერ ლიგიდან რიგი დაუდგა: "ვულვერჰემპტონი“, "ნიუკასლი“, "ევერტონი“ და "საუთჰემპტონი“ გონსალუს წაყვანას ითხოვდნენ, თუმცა 25 მილიონიან შემოთავაზებას პორტუგალიელები არ დათანხმდნენ.

შემოდგომას კი "მანჩესტერ იუნაიტედის“ დაინტერესებაზე გახდა ცნობილი. იქნებ, ტენ ჰაგის გუნდში ახალგაზრდა პორტუგალიელმა ლეგენდარული კრიშტიანო რონალდო ჩაანაცვლოს. თუმცა "ბენფიკა“ სანაცვლოდ 100 მილიონს ითხოვს.

ლამაზი თამაში გამოდგა შვეიცარიასთან. ახალგაზრდა ნიჭიერმა ფეხბურთელმა ჰეტრიკი შეასრულა. მან რონალდოს ადგილი დაიკავა და დავალება წარმატებით შეასრულა. რონის სათადარიგო სკამიდან მოუწია გოლების ზეიმი. უცნაური მომენტი იყო. შეუჩვეველი. გუნდის სული და გული ჩრდილში იყო, სხვებმა კი ნამდვილი ბენეფისი მოაწყვეს. კრიშის კარიერის მზე ნელ-ნელა ჩადის. დიდი ალბათობით ეს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება და იმედია "დაისი“ იმდენად ლამაზი იქნება, რომ რონი ამაყად დაასრულებს სანაკრებო კარიერას, მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით და გარშემო ახალგაზრდა ფეხბურთელების გარემოცვაში. მან ხომ ეს დაიმსახურა...

  • ავტორი: ანრი კურტანიძე

იხილეთ ასევე: