ავტორი:

"ვის უნდა შეუწყვიტონ საქართველოს მოქალაქეობა? ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოსთვის? კოლექტიურმა მდინარაძეების მეტყველება მარგარიტა სიმონიანის მეტყველებისგან არაფრით გამოირჩევა" - წიკლაური

"ვის უნდა შეუწყვიტონ საქართველოს მოქალაქეობა? ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოსთვის? კოლექტიურმა მდინარაძეების მეტყველება მარგარიტა სიმონიანის მეტყველებისგან არაფრით გამოირჩევა" - წიკლაური

ჩვენ გადავდივართ რუბიკონს იმ დღეების შემდეგ, როცა მოსამართლე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ გვეტყვიან, გვაქვს თუ არა ამ ქვეყანაში ცხოვრებისა და სიცოცხლის უფლება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის "შესანიშნავი შეხვედრა“ შედგა და შეთანხმდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის "მკვლელობის მცდელობა, არის ის, რაც ქართული სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობას უკავშირდება“.

მისივე თქმით, ყველა საკითხი, მათ შორის საჯარო პროტესტი, მათთან იქნება კოორდინირებული.

"შესანიშნავი შეხვედრა იყო. ყველამ, ვინც იყო, შევძელით, რომ ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც ჩვენს შორის არსებობდა გადაგვედო უკანა "პლანზე“ და გვეთქვა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა, მკვლელობის მცდელობა, არის ის, რაც უკავშირდება ქართული სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობას. ამიტომ ყველა საკითხი მათთან არის კოორდინირებული, საჯარო პროტესტი იქნება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რა თქმა უნდა, ამავე დროს საერთაშორისო ყურადღების მობილიზაცია, რომელი მიმართულებითაც ჩვენს მეგობრებს აქვთ ძალიან კარგი გამოცდილება, ასევე იქნებიან ჩართული ამ საქმეში“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ამასთან ნუგზარ წიკალურმა ისაუბრა პარტიაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებზე და განაცხადა, რომ "ავანტიურიზმთან წილნაყარი თვითნებობა“ იყო, როდესაც პარტიაში წევრების ნაწილმა თავმჯდომარის არჩევის პროცესი წამოიწყო, რადგან მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესების პარალელურად ახლა ამის დრო არ იყო.

"ჩვენთვის მთელი ყურადღება ახლა მიხეილ სააკაშვილზეა გადატანილი, თუ ვინმე დადის ახლა რეგიონებში და აქვს დრო იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია ატაროს, ეს არის მათი არჩევანი, ჩვენ პრიორიტეტებს ვერ გამოვუცვლით. ადრეც მითქვამს, რომ უდროო იყო ის ინიციატივა, რომელიც ამ ადამიანებმა გააჟღერეს, იმ ვითარებაში, როცა ჩვენ ვიცოდით რა გვიახლოვდებოდა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის სახით. ამაზე თვით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, "რა დროს ეგ არის“ და ამით ყველაფერი არის ნათქვამი. მთლიანად მთელი ქვეყანა შეიძლება დაგვემხოს თავზე არამცთუ შიდა არჩევნები.

ავანტიურიზმთან წილნაყარი თვითნებობა იყო, როდესაც ადამიანთა ჯგუფმა დაიწყო ეს შიდა პარტიული პროცესი, არჩევნების პროცესი. პირდაპირ მინდა ვთქვა, იმ ადამიანებმა, ვინც ასე დაუფიქრებლად დაიწყეს ამგვარი ფორსირება ამ პროცესის, არ იმოქმედებს პარტიისთვის სასარგებლოდ, პირიქით, მათ დააზიანეს როგორ მიხეილ სააკაშვილის, ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

გარდა ამისა, ნუგზარ წიკლაური გადაცემაში "ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინაში მებრძოლ ქართველ მეომრებზე საუბრისას აღნიშნა, რომ "მოქალაქეობის ჩამორთმევა ხდება იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ოფიციალური ცნობები, რომ ადამიანი სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხა“.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, მამუკა მდინარაძის განცხადებები რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის მეტყველებისგან აღარ გაირჩევა.

"ვის უნდა შეუწყვიტონ საქართველოს მოქალაქეობა? ადამიანებს, რომლებიც მიდიან და სიცოცხლეს სწირავენ და აქვთ რწმენა, რომ იბრძვიან საქართველოს თავისუფლებისათვის? ამათ უნდა შეუწყვიტოს მოქალაქეობა მაგალითად მდინარაძემ ან სხვა კოლექტიურმა მდინარაძეებმა, რომელთა მეტყველება მარგარიტა სიმონიანის მეტყველებისგან არაფრით აღარ არის გამორჩეული? რატომ უნდა შევუწყვიტოთ მოქალაქეობა? რატომ არ უნდა გვეამაყებოდეს ეს ხალხი? თუ რამე ააშკარავებს ახლა "ქართული ოცნების“ მართლა მოღალატეობრივ ბუნებას, სამწუხაროს, ეს არის სწორედ ასეთი დამოკიდებულება. პოლიტიკური მოწინააღმდეგის მიმართ შეიძლება გამოიყენო უხეში სიტყვები, მაგრამ დაპირისპირება ქართველ ჯარისკაცთან, ქართულ ჯართან, იმ ადამიანებთან, ვისაც სიცოცხლის გაწირვა შეუძლია თავისუფლებისთვის, მორალური ვერდიქტია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს გამოუტანა“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

იხილეთ ასევე: