ავტორი:

უკომპრომისო ბრძოლა, დაპირისპირება პედი პიმბლეტთან და შურისძიება ქართველების შეურაცხყოფის გამო - როგორია ილია თოფურიას წარმატების გზა

უკომპრომისო ბრძოლა, დაპირისპირება პედი პიმბლეტთან და შურისძიება ქართველების შეურაცხყოფის გამო - როგორია ილია თოფურიას წარმატების გზა

UFC-ში მოხვედრა ნებისმიერი მებრძოლისთვის უდიდესი წარმატებაა. ეს მათი, როგორც სპორტსმენების უმაღლეს დონეზე მიუთითებს. ვინც ნაკლებად ერკვევა შერეულ ორთაბრძოლებში, ვეტყვი, რომ UFC-ში მოხვედრა დაახლოებით, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ტოლფასია. გრანდებს სხვანაირად არც ეკადრებათ, ხოლო პატარა გუნდებისთვის კი ეს ის სივრცე და გამოწვევაა, სადაც ძალების დემონსტრირება და თავის გამოჩენის საშუალება მიეცემათ.

ლეგენდარული მებრძოლი, ბენ ასკრენი ახალგაზრდებს საერთოდ არ ურჩევს შერეული ორთაბრძოლებით დაკავებას, რადგან ტრავმების მოშუშება, გაუთავებელი ვარჯიშები დიდ დროს მოითხოვს, როდესაც მაღალ დონეზე ავა სპორტსმენი და UFC-ის სტანდარტებს დააკმაყოფილებს, შესაძლოა, ის უკვე ასაკში იყოს. მაგრამ თუ გაუმართლა და ახალგაზრდა მოხვდა დანა უაითის (UFC-ის პრეზიდენტი) ოქტაგონზე, რამდენიმე წელი დასჭირდება, რომ მაღალი ჰონორარი გამოიმუშავოს. შესაბამისად, რისკი დიდია და გამართლების ალბათობა მცირე.

UFC-ის ბრძოლისთვის მომზადება, როგორც წესი, 2-3 თვიან ინტენსიურ ვარჯიშს მოითხოვს, ესეც იმ შემთხვევაში, თუ მებრძოლი დამაკმაყოფილებელ ფიზიკურ ფორმაშია. თუმცა ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას 2-3 თვე კი არა, სულ რაღაც 8 დღე მისცეს იმისთვის, რომ სადებიუტო ორთაბრძოლა ჩაეტარებინა. თუ ბოსებს მოეწონებოდათ, მას დაიტოვებდნენ თუ არადა, მსოფლიოში საუკეთესო ორგანიზაციის კარი მისთვის დროებით დაიკეტებოდა.

  • საქმეს კიდევ ის ართულებდა, რომ თოფურიას კორონავირუსი ახალი გადატანილი ჰქონდა და ვერ ვარჯიშობდა. თუმცა ასეთი შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებდა. 8 დღეში ვიზის საკითხის მოგვარება, წონის კლება, სხვა ქვეყანაში გადაფრენა და აკლიმატიზაცია უნდა მოესწრო.

2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია "მაროკოელ ეშმაკს“ იუსეფ ზალალს დაუპირისპრდა და სამ რაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.

ამჟამად ილია დაუმარცხებელია, 13 მატჩში 13 მოგება მოიპოვა. გასულ კვირას მან ნახევრადმსუბუქი წონის მეცხრე ნომერი ბრაის მიტჩელი უბრალოდ გაანადგურა და ათეულში ადგილი დაიმკვიდრა.

ილია გერმანიაში დაიბადა, თუმცა სპორტს საქართველოში ეზიარა. ის რუსთავში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაზე შევიდა და პირველი ნაბიჯები სპორტში სწორედ იქ გადადგა. მოგვიანებით, როდესაც ოჯახი ესპანეთში გადავიდა, ის და მისი ძმა ალექსანდრე ბრაზილიურ ჯიუ ჯიცუზე შევიდნენ. ქართველმა ძმებმა წარმატებას ამ სპორტშიც მიაღწიეს და უნდა ითქვას, რომ ილია თოფურია პირველი ქართველი სპორტმსენია, ვისაც ჯიუ ჯიცუს შავი ქამარი აქვს.

ჭიდაობის გასაოცარი უნარები, ძლიერი ჯიუ ჯიცუ ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის უკვე უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა თოფურია კიდევ უფრო შორს წავიდა. მებრძოლმა ბოლო წლებში აქტიურად აითვისა კრივის ტექნიკა და წარმატებით მოახერხა მის სტილში ინტეგრირება. ბოლო 4 მოწინააღმდეგედან თოფურიამ 3 სასტიკად დაანოკაუტა. განსაკუთრებით ეფექტური იყო ლონდონური ტურნირი, სადაც ილიამ ჯაი ჰერბერტი მეორე რაუნდში გათიშა.

UFC-ში უამრავი უმაღლესი დონის მებრძოლია. თუმცა დღეს მხოლოდ კარგი მებრძოლობა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მაღალ ანაზღაურებადი და პოპულარული სპორტსმენი იქნები, საჭიროა საკუთარი თავის სწორი მარკეტინგი. ეს კი ყველა მებრძოლს ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა ასწავლა. "მშიერი" ახალგაზრდები ხშირად იყენებენ ე.წ. თრეშ თოქს და ამით მოწინააღმდეგეს მსუბუქად და ზოგჯერ საკმაოდ უხეშად დასცინიან. ეს ყველაფერი შოუს ნაწილია და მაყურებელს იზიდავს. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მებრძოლებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება სერიოზულ კონფლიქტებში გადაიზრდება ხოლმე. თუნდაც ხაბიბ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორს შორის არსებული დაპირისპირება, თუმცა ამაზე სხვა დროს მოგიყვებით.

  • ორგანიზაციაში ახალი ვარსკვლავი ბრიტანელი პედი პიმბლეტია. მასზე დიდ ფსონს ჩამოდიან. ბორის ჯონსონის ვარცხნილობის გარდა, ჰყავს დიდი ფან ბაზა, არის ქარიზმატული, ექსცენტრიული და ენერგიული. თუმცა ქართველების მიმართ უპატიებელი შეცდომა დაუშვა. ილია კი არ აპირებს ამაზე თვალი დაუხუჭოს და პედიზე ნამდვილი "ნადირობა“ აქვს გამოცხადებული.

საქმე ისაა, რომ პედიმ, რომელიც ისედაც სკანდალური პერსონაა, UFC-ში მოსვლის დღიდან სცადა ყურადღების მიქცევა. "ვფიქრობ, მაკგრეგორივით მოვიქცე, ჯერ ნახევრად მსუბუქ წონაში გავხდები ჩემპიონი, შემდეგ მსუბუქში“ - ამბობდა სპორტსმენი.

ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ UFC-ის მატჩმეიკერებს მიმართა, რომ მისი და პედის ბრძოლა მოეწყოთ. ბრიტანელმა გურამზე თავხედური და არაკორექტული პოსტი გამოაცხო: "ეს სოკო ვინ ჩემი ყ**ა?“ - წერს პედი.

გურამმა, როგორც მას ეკადრება, თავშეკავებულად უპასუხა: "მე არ ვაპირებდი თრეშ-თოქის დაწყებას. მე შენი დალაქი ვარ, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ თმა შეგჭრა, თავს წაგაცლი. დარჩი მოკრძალებული, სანამ არ გაიძულეს მოკრძალებული იყო", - ასე უპასუხა ქართველმა სპორტსმენმა.

პედის პოსტზე კომენტარებს ქართველებიც წერდნენ და მოუწოდებდნენ მას, რომ ბრძოლას დათანხმებოდა. ზოგი ადანაშაულებდა, რომ გურამთან ჩხუბის სითამამე არ ჰქონდა. პედიმაც უპასუხა:

"რაზე საუბრობ? მხოლოდ იმის გამო მოვაწერო კონტრაქტს ხელი, რომ ეს პატარა, მახინჯი არსება ჩემზე თვითერში წერს?! ამისგან არაფერი გამოვა. ის უბრალოდ პირველი მებრძოლია, ვისაც ჩემზე დაწერა უნდოდა, კვირის ბოლოს მათი რაოდენობა 3 გახდება. მეგობარო, მე გურამს დავაფინიშებდი. რა სულელები არიან ქართველები", - წერდა მებრძოლი.

პედიმ ისევ გააგრძელა ქართველების ბულინგი, ჯერ მათ ყალბი რუსები უწოდა, მოგვიანებით კი საერთოდ ყოველგვარ ფარგლებს გასცდა:

"რა ბრიყვები არიან ეს ქართველები, არ მიკვირს, რომ რუსები მათ ატერორებენ“.

ამ განცხადებას უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით პიმბლეტმა ბოდიშიც მოიხადა, თუმცა გვიანი იყო. ზოგადად, ამ სპორტის დასავლელი წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ შოუსთვის ნათქვამი სიტყვები პასუხის მოკითხვის გარეშე ჩაივლის და როგორც წესი, ასე ხდება, თუმცა არის წითელი ხაზები. აი, ერთ-ერთი მათგანი პედიმ გადაკვეთა.

20 მარტს UFC ლონდონს ეწვია. ორგანიზაციამ ბრიტანელ მებრძოლებს თავის გამოჩენის საშუალება მისცა. რა თქმა უნდა, მთავარი ვარსკვლავი პედი პიმბლეტიც იბრძოდა იმ საღამოს. სანამ ტურნირი გაიმართება, მებრძოლები ხშირად ერთ სივრცეში ხვდებიან. ორგანიზაციას უსაფრთხოების ზომები ყოველთვის მაღალ დონეზე აქვს დაცული და ზოგადად, უნდა ითქვას, რომ როგორც სპორტული კომპანია UFC ამ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესოა. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ დანა უაითის ორგანიზაცია, ფაქტობრივად ერთადერთი იყო, რომელიც პანდემიის პერიოდშიც ფუნქციონირებდა და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ორგანიზების კუთხით ვერავინ შეედრებათ.

  • მოხდა ისე, რომ ილია და პედი ერთ სივრცეში აღმოჩნდენ და როგორც მოსალოდნელი იყო ამ შეხვედრას კარგი არაფერი მოჰყვა - თოფურიამ სილა გააწნა, შემდეგ პედიმ ანტისეპტიკის ბოთლი ესროლა, თუმცა ააცილა. საბედნიეროდ, მებრძოლები მალევე გააშველეს. შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა გაცვალეს, ილია ქართულად "ამკობდა“, პედიც თავისი გაუგებარი ინგლისურით.

20 მარტის ტურნირზე თოფურიამ ჯაი ჰარბერტი, ფაქტობრივად, ერთი დარტყმით დაანოკაუტა, თუმცა იქამდე თვითონაც აღმოჩნდა ნოკდაუნში, მაგრამ მტკიცე ხასიათის წყალობით, მოწინააღმდეგეს გაუძლო.

ასევე, გაიმარჯვა პიმპლეტმაც.

ილია მუდმივად გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ორგანიზაციამ პედისთან შეხვედრა ჩაუნიშნოს. პარასკევის პრესკონფერენციაზეც მებრძოლები, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მოწინააღმდეგეებს ხვდებოდნენ, მაინც ერთმანეთს კბენდნენ. თუმცა კვირას თოფურიამ რეიტინგის მეცხრე ნომერი, ბრაის მიტჩელი, ფაქტობრივად, გაანადგურა, ხოლო პედი ურეიტინგო ჯარედ გორდონთან უსუსური გამოსვლით შემოიფარგლა. უმრავლესობის აზრით, პიმბლეტმა წააგო ბრძოლა, თუმცა მსაჯებმა ვარსკვლავი წაახალისეს და მოგება მისცეს. ასეთი ბრძოლის შემდეგ, ილია ტოპ 10-ში შევიდა, ხოლო პედი ჯერჯერობით მის მიღმა რჩება.

"არ აჩხუბოთ ეს ბიჭი ილიასთან, მასთან ბრძოლაში წარმოჩინდება, რომ პედი უბრალოდ საშუალო დონის მებრძოლია“, - განაცხადა ყოფილმა რეფერიმ ჯონ მაკარტიმ.

სხვათაშორის, თოფურიამ ბრძოლის შემდეგ ბრაიან ორტეგასთან გამოთქვა ოქტაგონის გაყოფის სურვილი, თანაც მადრიდში, სადაც UFC-ის ჯერ ტურნირი არ ჩაუტარებია. თუ ორგანიზაცია ამ ნაბიჯს გადადგამს, ილია პირველი სპორტსმენი იქნება, ვინც გიგანტი ორგანიზაცია ესპანეთში მიიყვანა.

აღსანიშნავია, რომ თოფურია, რომლის მეტსახელი "მატადორია“, ესპანეთში პოპულარობით სარგებლობს. ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა, სერხიო რამოსმა ბრაის მიტჩელთან გამარჯვების შემდეგ, ილიას მიულოცა: "გილოცავ, ძმაო“ - ასე მიმართა "ინსტაგრამზე“ სერხიომ თოფურიას.

UFC-ში წელს ქართველებს წარმატებული წელი ჰქონდათ. თავიანთი წონის ათეულში უკვე იყვნენ გიგა ჭიკაძე და მერაბ დვალიშვილი. წელს მერაბი მეორე ადგილამდე დაწინაურდა, რომან დოლიძე და ილია თოფურია კი ათეულში შევიდნენ. ამჟამად საქართველოდან 5 მებრძოლია, აქედან 4 რეიტინგის ათეულშია, ხოლო გურამ ქუთათელაძის მოხვედრა საუკეთესო ათ მებრძოლს შორის, მხოლოდ დროის საკითხია.

ისეთი პატარა ქვეყნიდან როგორიც საქართველოა, 5 მებრძოლის მოხვედრა მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციაში უკვე უზარმაზარი წარმატებაა. სასიხარულო ისაა, რომ ჩვენი მებრძოლები მონაწილეობით არ შემოიფარგლებიან და ტიტულებისთვის იბრძვიან.

ავტორი: ანრი კურტანიძე