ავტორი:

"ჯერ საკუთარი საფლავები გაათხრევინეს, შემდეგ კი დახვრიტეს" - "ვაგნერის" სასტიკი შურისძიება საკუთარ მებრძოლებზე: რას ჰყვება რუსი სამხედრო ტყვე?

"ჯერ საკუთარი საფლავები გაათხრევინეს, შემდეგ კი დახვრიტეს" - "ვაგნერის" სასტიკი შურისძიება საკუთარ მებრძოლებზე: რას ჰყვება რუსი სამხედრო ტყვე?

უკრაინულმა Telegram-ის არხებმა გამოაქვეყნეს ინტერვიუ კაცთან, რომელიც საზოგადოებას გაეცნო, როგორც რუსი სამხედრო ტყვე, ყოფილი პატიმარი, რომელიც ვაგნერის PMC-მა დაიქირავა უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად. ვიდეო 12 დეკემბერს გამოაქვეყნა ტელეგრამის არხმა „ნუ დამელოდები უკრაინიდან“. აღნიშნული არხი აქვეყნებს მონაცემებს დაღუპული ან ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების შესახებ.

ვიდეოს აღწერაში ნათქვამია, რომ ინტერვიუ აღებულია ვიაჩესლავ იზმაილოვისაგან, მეტსახელად "გოიდა". თუმცა თავად ვიდეოში კაცი თავს ვლადისლავად წარმოგვიდგენს. ხალხის კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მან ინტერვიუს მიცემა, იზმაილოვი ამბობს, რომ „სიმართლის თქმა უნდოდა“.

იზმაილოვის თქმით, PMC Wagner-ის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი 27 სექტემბერს მივიდა მათთან კოლონიაში, სადაც ის როგორც პატიმარი სასჯელს იხდიდა. ბიზნესმენმა „დაიწყო ხალხის გადაბირება...“

პატიმარმა თქვა, რომ მას შესთავაზეს ექვსთვიანი კონტრაქტი, შემდეგ კი სისხლისსამართლებრივი სასჯელისგან სრული გათავისუფლება. პატიმრებს უთხრეს, რომ მათ 200 000 რუბლს გადაუხდიდნენ და დაჰპირდნენ "მათ ოჯახებს პრივილეგიებს, ასევე, უთხრეს, რომ გაგზავნიდნენ საბრძოლველად სანგრებში მეორე ფრონტის ხაზზე". იზმაილოვის თქმით, მისი კოლონიიდან 300-მდე ადამიანი დათანხმდა ომში წასვლას.

როდესაც ისინი უკრაინაში ჩავიდნენ, "ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა", - ამბობს იზმაილოვი. კაცი ამტკიცებს, რომ პატიმრებმა ორკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს, რის შემდეგაც ისინი მაშინვე "გადასხეს თავდასხმაზე“ ლისიჩანსკის მახლობლად.

"ისინი ამბობდნენ, რომ სიკვდილიანობა დაბალი იყო, მაგრამ სინამდვილეში, პირიქით. ძალიან ძნელია ექვსთვიანი კონტრაქტის პერიოდში ცოცხლად გადარჩე, ”- თქვა იზმაილოვმა.

კითხვაზე, სანდოა თუ არა ინფორმაცია ომიდან უკან დაბრუნებულ ჯარისკაცებს "ვაგნერი" სიკვდილით სჯის, პატიმარმა უპასუხა: "პირველ თავდასხმაში მე ვიყავი მეორე ჯგუფში. ევაკუაციის ჯგუფი ჩემს წინ იყო. ორ მებრძოლს ძალიან შეეშინდა, პირველად იყვნენ ომში. მოგვიანებით ისინი ბაზაზე მოკლეს. ჯერ საკუთარი საფლავები გაათხრევინეს, შემდეგ კი უბრალოდ, დახვრიტეს და დამარხეს“.

ვიდეოს დასასრულს იზმაილოვმა თქვა, რომ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა სწორად არ არის შეფასებული. „ჩემს ოცეულში 90 კაცი მყავდა. ამ 90-დან მაქსიმუმ 20 დარჩა“, - განაცხადა მან.

Верстка-ს გამოცემამ ვიდეოზე გადაღებული პირის ვინაობა დაადასტურა. ჟურნალისტების ცნობით, ეს არის 26 წლის სამარაში მცხოვრები ვლადისლავ იზმაილოვი. გამოცემაში არ წერია, რომელ კოლონიაში მოიხადა სასჯელი.

იზმაილოვის მეგობარმა გამოცემას დაუდასტურა, რომ ვიდეოზე მისი მეგობარია, რომელიც კოლონიაში იხდიდა სასჯელს. „ის კოლონიაში იყო, ბოლოს ივლისში ვესაუბრე მას. თუ არ ვცდები, ქურდობისთვის დაიჭირეს ციხეში. მშობლები არ ჰყავს, მხოლოდ ბებია ჰყავს. მას ორი შვილიც ჰყავს, ცოლს გაშორებულია“, - თქვა მან.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ 2017 წელს მეგობრის გაძარცვისა და მანქანის ქურდობისთვის მიესაჯა ერთი წლით და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა. ყოფილი პატიმრის შეყვარებულის თქმით, მან კოლონიაში მოიხადა სასჯელი, მაგრამ მოგვიანებით ისევ ციხეში დაბრუნდა, ოღონდ სხვა დანაშაულისთვის.

იზმაილოვის ბებიის თქმით, აგვისტოში მათი ბოლო საუბრისას, შვილიშვილმა თქვა, რომ "უკრაინაში წავიდოდა, თუ ასეთი შესაძლებლობა იქნებოდა".

იმ ფაქტზე, რომ რუს ტყვეებს უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად რეკრუტირება უტარდებათ, მედია ხშირად წერს.

ნოემბერში მედიაზონამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთის გამოსასწორებელ კოლონიებში პატიმართა რაოდენობა 23 000 ადამიანით შემცირდა. პუბლიკაცია ამ შემცირებას უკავშირებდა ვაგნერის PMC-ის მიერ პატიმრების დაქირავების ფაქტებს.

იზმაილოვი არ არის პირველი ყოფილი პატიმარი, რომელიც დაიქირავა ვაგნერის PMC-მა და დათანხმდა ინტერვიუს მიცემას უკრაინის ტყვეობაში. სექტემბერში, ყოფილმა პატიმარმა IK-3-დან რიაზანის რეგიონში, ევგენი ნუჟინმა ჟურნალისტ იური ბუტუსოვს განუცხადა, თუ როგორ მოხვდა ომში და რა მოხდა ფრონტზე.

ნოემბერში, მედიაში გავრცელდა ნუჟინის სასტიკი მკვლელობის ვიდეო, რომელიც დასათაურებული იყო, როგორც "მოღალატის სასჯელი". მაშინ ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აშშ-ს სადაზვერვო სამსახურები შესაძლოა მონაწილეობდნენ ნუჟინის გატაცებასა და მკვლელობაში. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ყოფილი პატიმარი ნებაყოფლობით დათანხმდა რუსეთში დაბრუნებას პატიმრების გაცვლის ფარგლებში.

იხილეთ ასევე: