"ეს მტანჯველი თამაში აღმოჩნდა..." - მსოფლიო ჩემპიონები თამაშის შემდგომ ემოციებზე ლაპარაკობენ

"ეს მტანჯველი თამაში აღმოჩნდა..." - მსოფლიო ჩემპიონები თამაშის შემდგომ ემოციებზე ლაპარაკობენ

2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ არგენტინის გუნდს იმაზე მეტი ოფლის დაღვრა მოუწია თამაშში, ვიდრე მაყურებელს წარმოედგინა. გუნდმა, 36-წლიანი ლოდინის შემდეგ, დიდი ძალისხმევის შედეგად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, რამაც გამარჯვება, მათთვისაც და მილიონობით გულშემატკივრისთვისაც, ორმაგად ტკბილი გახადა.

პირველი ტაიმის მიწურულს, არგენტინელები გამარჯვების აღსანიშნავად ემზადებოდნენ, რადგან მათი ნაკრები 2:0-ს უგებდა საფრანგეთს. მიუხედავად ამისა, სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან საფრანგეთის ნაკრებმა სათანადო წინააღმდეგობა გაუწია, წამოეწია არგენტინას და მატჩის დამათებით დროში ანგარიშით: 3:3 დასრულდა, მისი ბედი კი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.

"ეს მტანჯველი თამაში აღმოჩნდა. ორი უაზრო დარტყმა და საფრანგეთმა ქულები გაგვითანაბრა. როცა კიდევ ერთი პენალტი მისცეს მათ, ისევ გაიტანეს გოლი. მადლობა ღმერთს, რომ ბოლოს, რაზეც ვოცნებობდი და რაც ჩემი გასაკეთებლი იყო, გავაკეთე... ასეთ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერც ვიოცნებებდი. პენალტების დროს მშვიდად ვიყავი“, - უზიარებს Reuter-ს საფრანგეთის ნაკრებთან თამაშის შემდგომ ემოციებს არგენტინის ნაკრების მეკარე, ემილიანო მარტინესი.

გამარჯვებული ნაკრების მწვრთნელისთვის, ლიონელ სკალონისთვის კი ცრემლების შეკავებაც რთული აღმოჩნდა: "არ მჯერა, რომ ამ არაჩვეულებრივ თამაშში ამდენი სირთულის გადატანა მოგვიწია. დაუჯერებელიც კია, მაგრამ ეს გუნდი ყველაფერს მზად ხვდება. ვამაყობ, მათი მუშაობით. მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ დატკბნენ ამ მოვლენით, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია“, - აცხადებს სკალონი.

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა და კაპიტანმა მესიმ, რომელმაც 120 წუთში ორჯერ მოახერხა გოლის გატანა, კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა.

"ეს არასდროს დამავიწყდება. ვიწვალეთ, მაგრამ ჩვენი გამარჯვება დამსახურებული იყო. წინა მსოფლიო ჩემპიონები დავამარცხეთ. ამ სიხარულს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ვამაყობ, რომ არგენტინაში დავიბადე და რომ დღეს ჩვენ მსოფლიოში ნომერ პირველები ვართ", - განაცხადა არგენტინის ნაკრების მცველმა, როდრიგო დე პოლმა.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა