ავტორი:

თევზის გამყიდველის ვაჟის სიღარიბეში გატარებული ბავშვობა და ბრძოლა თავის დასამკვიდრებლად - ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, რომელმაც კარგ თამაშთან ერთად, თავი უხერხული ჟესტითაც დაგვამახსოვრა

თევზის გამყიდველის ვაჟის სიღარიბეში გატარებული ბავშვობა და ბრძოლა თავის დასამკვიდრებლად - ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, რომელმაც კარგ თამაშთან ერთად, თავი უხერხული ჟესტითაც დაგვამახსოვრა

არგენტინა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონია. ლიონელ მესიმ გუშინ საოცარი მატჩი ჩაატარა, სული და გული ჩადო გაჩემპიონებისთვის და ფაქტობრივად, კიდევ უფრო გაიმყარა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი.

აგრენტინა-საფრანგეთის ფინალის ძირითადი დრო ანგარიშით: 2:2 დასრულდა, დამატებით ტაიმებში გუნდებმა კიდევ თითო-თითო გაიტანეს.

დამატებითი დროის ბოლო წუთზე საფრანგეთს სამხრეთ ამერიკელების კარის დალაშქვრის იდეალური შესაძლებლობა მიეცათ - კოლო მუანი მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა, თუმცა ემილიანო მარტინესმა სასწაული ჩაიდინა, მისი დარტყმული მოიგერია და არგენტინა წაგებისგან იხსნა.

  • პენალტების სერიაში

რა თქმა უნდა, კატარის მუნდიალის გმირი და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია, თუმცა არიან სხვა ფეხბურთელებიც, რომელთა დამსახურებაც არგენტინის გამარჯვებაში საკმაოდ დიდია. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ემილიანო მარტინესია.

დღეს ემილიანოს ისტორიას მოგიყვებით, რომელმაც კარგი თამაშის გარდა უხერხული, თითქმის უხამსი ჟესტითაც დაგვამახსოვრა თავი, რითაც ქართველი გულშემატკივრები ცოტა არ იყოს გააღიზიანა...

ემილიანო ფეხაკრეფით მივიდა კართან და შეიხედა ოთახში და დაინახა, რომ იქ მამა ტიროდა, რომელსაც არ შეეძლო გადასახადების გადახდა, შინ ერთი პესოც კი აღარ იყო. ჩვეულებრივ, მარტინესები ერთი თვე იხდიდნენ დენის გადასახადს, ერთი თვე კი - ბუნებრივი აირის, თუმცა ოჯახის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ეს სქემაც აღარ ჭრიდა.

ემილიანოს მამა - ალბერტო თევზს ყიდდა, დედა - სუზანა სასტუმროს დამლაგებელი იყო.

ემილიანო იშვიათად ხედავდა მამას - ის მუდმივად მუშაობდა. როცა ალბერტოს ვაჭრობა არ მისდიოდა, ოჯახი საკვების გარეშე რჩებოდა.

დილაობით სუზანა ემისა და მის ძმას ავტობუსის გაჩერებამდე აცილებდა, შემდეგ იმავე გაჩერებიდან სამსახურში მიდიოდა. იმისათვის, რომ ბავშვებს ესწავლათ, ის დამატებით მორიგეობებს იღებდა და დღეში 12 საათს მუშაობდა. სუზანას სურდა, რომ ბავშვებისთვის ისეთი განათლება მიეცა, რომლითაც უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა ექნებოდათ.

რამდენჯერმე მარტინესების სახლს ქურდებმა მიაკითხეს, თუმცა იქ წასაღები არაფერი დახვდათ. საპირფარეშოსაც კი არ ჰქონდა კარი. ერთხელ ქურდებმა მარტინესების ძაღლი პირდაპირ მათ სახლში მოკლეს.

ემილიანო მშობლიურ ქალაქ მარ-დელ-პლატასში ( ბუენოს-აირესიდან 400კმ-ში) თავს კარგად გრძნობდა, დიდად არაფრის ეშინოდა, იქ დაბადებული ბიჭი ადგილობრივ გარემოს კარგად იცნობდა. ამბობენ, რომ საფეხბურთო კლუბ "ინდეპენდიენტეს“ საფეხბურთო სკოლაში პირველად შეეშინდა. ემი მაშინ 12 წლის იყო. სკოლაში მოზარდების ნაწილი პროფესიონალურ ფეხბურთზე სულაც არ ფიქრობდნენ, ისინი მოიხმარდნენ ნარკოტიკს, ეწეოდნენ, სვამდნენ. ამ გარემოს ვიღაც ვერ ეგუებოდა და ცრემლიანი თვალებით გარბოდა სკოლიდან, მაგრამ ემილიანო მიზნიდან გადახვევას არ აპირებდა. ის "ინდეპენდიეტეზე“ ბავშვობიდან აფანატებდა და ძირითადში მოხვედრაზე ოცნებობდა. რამდენადაც ოჯახს მომავალი ფეხბურთელისთვის ბუცების ყიდვის შესაძლებლობაც არ ჰქონდა, კლუბმა ნიჭიერ ბიჭუნაზე სრულად აიღო პასუხისმგებლობა.

16 წლის ასაკში მარტინესმა ამერიკის U17-ზე გაიბრწყინა.

როცა ემილიანო ტურნირიდან დაბრუნდა, "ინდეპენდიენტეს“ პრეზიდენტმა ხულიო კამპრადამ კაბინეტში დაიბარა. მარტინესი უბედნიერესი იყო, ფიქრობდა, რომ გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებდნენ და ასე ოჯახსაც უფრო ხშირად დაეხმარებოდა.

თუმცა მარტინესი შეცდა. "შენ შეგამჩნია ლონდონის "არსენალმა“. სინჯებზე უნდა წახვიდე“, - უთხრა პრეზიდენტმა.

სინჯების გავლის შემდეგ, ემილიანო მარ-დელ-პლატაში დაბრუნდა და არ იცოდა, დაუძახებდნენ თუ არა ინგლისში. სახლში შესვლისას, მან დაინახა მამა, რომელიც ტიროდა, აღმოჩნდა, რომ ვალების გადასახდელად მანქანის გაყიდვა მოუწიათ. ემიმ იცოდა, რომ ოჯახს ნებისმიერ ფასად უნდა დახმარებოდა...

რამდენიმე კვირა გავიდა, ცივი ლონდონიდან არაფერი ისმოდა...

ერთ დღესაც მარტინესს "ინდეპენდიენტეს“ პრეზიდენტმა ისევ დაურეკა და ოფისში იხმო. "დამირეკეს, - ოპტიმისტურად დაიწყო ხულიომ - დამირეკეს, თავისი ფასი შემომთავაზეს, მე - ჩემი შევთავაზე. 500 000 ევროზე შევთანხმდით, ემი. ლონდონში გელოდებიან...“

მარტინესების ოჯახში უკვე მხოლოდ მამა აღარ ტიროდა. ცრემლებით სავსე თვალები ჰქონდათ, დედასა და ძმასაც, რომლებიც ემილიანოს სთხოვდნენ, რომ დარჩენილიყო. თუმცა იმ მომენტში ოჯახის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი "არსენალში“ გადასვლა იყო. გარიგებიდან ის 5 000 ფუნტს მიიღებდა. ემის პირველი ფიქრი იყო, რომ ამ ფულით მამა მანქანას ისევ იყიდდა, მეორე კი "არსენალის“ ხელფასი გადასახადების გადახდაში დაეხმარებოდა.

ემიმ იცოდა, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო...

ლონდონმა მარტინესი არამეგობრულად მიიღო. პასპორტთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მან 2 წელი "არსენალში“ ვერ ითამაშა. ძალიან უჭირდა, ვარჯიშებზე არ იმჩნევდა ემოციებს, თუმცა შინ დაბრუნებისთანავე ტიროდა.

შედარებით უკეთ თავს გრძნობდა პატარა რესტორანში, რომელიც მშობლიურ არგენტინას ახსენებდა. ემის ყოველდღიური მარშრუტი კი ასეთი იყო: სახლი - ავტობუსის გაჩერება - სავარჯიშო ბაზა - ავტობუსის გაჩერება - სახლი.

ავტობუსის ლოდინში, ემი უყურებდა ერთ ლამაზ გოგოს, რომელიც ისევე, როგორც ფეხბურთელი, ყოველ დღე გაჩერებაზე იდგა. ემის სიმამაცის მოკრებისთვის რამდენიმე დღე დასჭირდა, მივიდა გოგონასთან, გაიცნო და მის საყვარელ რესტორანში დაპატიჟა. აღმოჩნდა, რომ ის სწორედ ამ რესტორნის მეპატრონის ქალიშვილი იყო.

გაცნობიდან 7 წელიწადში ემილიანო და მანდინია დაქორწინდნენ.

გოგონა ადაპტაციაში ძალიან ეხმარებოდა, ასწავლიდა ინგლისურს, სხვათა შორის, ინგლისურის სწრაფი ათვისებისთვის, გუნდმა მას 20 000- ფუნტიანი ბონუსი მისცა. ასევე, მანდინიამ ადგილობრივ კულტურას აზიარა.

2012 წლიდან მარტინესს იჯარის ვოიაჟი ჰქონდა, მან ითამაშა: "ოქსფორდ იუნაიტედში“, "შეფილდ უენსდეიში“, "როტერჰემში“, "ვულვერჰემპტონში“, "ხეტაფესა“ და "რედინგში“. თავდაპირველად ჩანდა, რომ იჯარა პროგრესისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო, რომელიც "არსენალის“ კარის ბილეთს მისცემდა, თუმცა წლები გადიოდა და არაფერი იცვლებოდა.

არსენ ვენგერი ამშვიდებდა არგენტინელს და სასტარტოში ადგილს ჰპირდებოდა. "ვენგერი 16 წლიდან მზრდიდა. მას ძალიან ვენდობოდი, ვენგერს კი ჩემი სჯეროდა“, - იხსენებს მეკარე.

დრო გადიოდა, ემი კი თავს "არსენალის“ ნაწილად ვერ გრძნობდა. ის, უბრალოდ, განაცხადის კვოტის შესავსები ფიგურა იყო. "რედინგიდან“ დაბრუნების შემდეგ, მარტინესმა ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ აღარ აპირებდა იჯარით სადმე გადასვლას. ემილიანომ ულტიმატუმი წამოაყენა: ან მისცემდნენ შანსს, ან გუნდიდან წავიდოდა...

ძირითადის მეკარემ ბერნდ ლენომ ტრავმა მიიღო და მარტინესის დროც დადგა...

10 - წლიანმა მუშაობამ და კლუბიდან-კლუბში გადასვლამ შედეგები გამოიღო. 2020 წლის 1 -ლ აგვისტოს მარტინესმა ინგლისის თასი მოიგო, სადაც ფინალში "ჩელსი“ დაამარცხეს. საფინალო სასტვენის შემდეგ, ემილიანო ტიროდა, ფიქრობდა, რომ "არსენალის“ ძირითადი მეკარე საბოლოოდ გახდებოდა.

ერთი თვის შემდეგ, ემიმ კიდევ ერთი ტიტული მოიგო - ინგლისის სუპერთასზე "არსენალმა“ ლივერპულს პენალტების სერიაში სძლია.

თუმცა ეს მარტინესისთვის "არსენალში“ ნათამაშები უკანასკნელი მატჩი აღმოჩნდა.

"ჩელსისთან“ და "ლივერპულთან“ თამაშების შემდეგ, ემილიანო მიკელ არტეტას ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ სასტარტოში ადგილს ვერავის ჰპირდებოდა. "ჩვენ ავიღეთ ორი ტიტული, მე მშვენივრად ვითამაშე, თქვენ კი ვერ მაძლევთ იმის გარანტიას, რომ შაბათის მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მოვხვდე?“ - იკითხა ემილიანომ.

მარტინესს უთხრეს, რომ პრემიერ ლიგის ახალ სეზონში, "ფულჰემის“ წინააღმდეგ, მისი სასტარტოში მოხვედრის შანსი 95% იყო, "რატომ 100 არა?“ - ფიქრობდა ემი...

მას უბრალოდ სურდა, რომ კლუბის ნდობა მოეპოვებინა. ამიტომაც არტეტას ღირსეულად მისწერა: "მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ მე მივდივარ“.

ემილიანომ გადაწყვიტა, არაფერი ენანა, "ასტონ ვილასთან“ კონტრაქტი გააფორმა და გუნდიდან წავიდა.

"ვილაში“ პირველივე შეხვედრაში მარტინესმა პენალტი მოიგერია და საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო. რამდენიმე მატჩის შემდეგ, ემილიანომ ცოლს უთხრა, - მგონი, ფეხბურთი ისევ შემიყვარდაო...

28 წლის ასაკში მარტინესმა კარიერაში პირველად სრულფასოვანი სეზონი ჩაატარა. 38 მატჩი, 15-ში კარი მშრალად შეინახა. როგორც იქნა, მისი ოცნება ახდა - ის იყო ძირითადის მეკარე, რომელსაც უსიტყვოდ ენდობიან. თუმცა იყო ერთი პირობა დარჩენილი, რომელიც ჯერჯერობით შეუსრულებელი რჩებოდა. როგორც ირკვევა, ბავშვობაში ის მამას დაჰპირდა, რომ ნაკრების ძირითადი მეკარე გახდებოდა.

ეს პირობა კი 2021 წელს აუხდა, ემილიანო 2022 წლის შესარჩევში ჩილის წინააღმდეგ გამოვიდა, შემდეგ კოლუმბიასთან. ტურნირი ისე ჩაამთავრა, რომ სულ მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

კოლუმბიასთან ნახევარფინალში კი გამოამჟღავნა სიყვარული "თრეშ თოქის“ მიმართ და ასევე, ისიც, რომ მისი ეფექტიანი გამოყენება შეეძლო.

პენალტების სერიაში, როდესაც დასარტყმელად იერი მინა ემზადებოდა. ემი გააქტიურდა:

"ნერვიულობ? ვიცი, რომ ნერვიულობ. ვიცი, სად დაარტყავ. უყურე, როგორ შეგჭამ. დაიმახსოვრე - მე შენ შეგჭამ.“ არგენტინელმა ის პენალტი მოიგერია და ჯამში 11 - მეტრიანების სერიაში სამჯერ აუღო მოწინააღმდეგეს.

ზოგადად, ემის პენალტების მოსაგერიებლად იდეალური მონაცემები აქვს. სიმაღლე - 195 სმ, ძლიერი აღნაგობა, სისწრაფე, რეაქცია და იდეალური "თაიმინგი" საშუალებას აძლევს ზუსტ დარტყმებს უკიდურეს კუთხეებშიც მიწვდეს, რაც ამ ჩემპიონატზეც კარგად გამოჩნდა.

მისი მთავარი შთამაგონებელი კი, რა თქმა უნდა, ლიონელ მესია.

"მზად ვარ მესის გამო სიცოცხლეც დავთმო. ბრაზილიელები ამბობენ, რომ არგენტინას მესის გამო გულშემატკივრობენ და თვითონ არგენტინელებმა რაღა უნდა თქვან“, - ამბობდა მეკარე.

ისტორია დაწერილია. ემილიანო მესისთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ასევე, ტურნირის საუკეთესო მეკარე. ახლა მასზე გრანდები დაიწყებენ ნადირობას და ფაქტობრივად, მეკარისთვის საკლუბო კარიერის ჯილდოების დაპყრობა ახლა იწყება. ასე რომ, ჩვენ ემილიანოს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ.

იხილეთ ასევე:

  • ავტორი: ანრი კურტანიძე