ქვეყანა, სადაც შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს

ქვეყანა, სადაც შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს

"გეორგიას" ეძახდნენ ჩვენს სამშობლოს ძველი ბერძნები, რადგან ქართველი ერი ოდითგანვე მიწათმოქმედ ერად იყო მიჩნეული. 21-ე საუკუნეში ყველაფერი შეიცვალა და ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული მშობლიური მიწისადმი განელდა, ამას მიტოვებული სოფლები და ნასახლარებიც ადასტურებს.

ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- ბატონო გია, 2012 წლისათვის კოლხეთის დაბლობის დაშრობა იგეგმება. ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა საქვეყნოდ განაცხადა - იქ არის უამრავი მიწა, რომელიც შეიძლება საექსპორტოდ გამოვიყენოთო...

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, აქ არსებული მიწის რესურსის 60-70 პროცენტი დაუმუშავებელია. ჩვენი სოფლის მეურნეობა სავალალო მდგომარეობაშია, ამ დარგის სტიმულირება არ ხდება, რის გამოც გლეხი ხშირად საკუთრებაში არსებულ მიწასაც ვერ ამუშავებს. ამ ფონზე მსგავსი პროექტების განხორციელება ცოტა არარეალური ჩანს. ეს არის უზარმაზარი სირთულის საქმე, ამასთანავე, სპეციალისტებისაგან მსმენია, რომ შეიძლება მთლიანად დაირღვეს ეკოლოგიური ბალანსი, რომელიც იმ რეგიონშია.

ამგვარი პროექტები ადრეც არსებობდა - საბჭოთა კავშირის პერიოდში, მაგალითად, აპირებდნენ მდინარეებისათვის მიმართულება შეეცვალათ. ეს უფრო ავტორიტარული პროექტებია, რომელსაც პრაგმატულ სახელმწიფო საქმიანობასთან საერთო არაფერი აქვს. "კეთილისმყოფელი სპეციალისტების" ნაკლებობას ჩვენი ქვეყანა არასოდეს უჩიოდა. როგორც ჩანს, მსგავს გიჟურ პროექტებს "მეფის კარზე" სწორედ ისინი გეგმავენ და არ იციან, რომ ბუნებაზე უკეთესი შემოქმედი არ არსებობს.

- რას იტყოდით ე.წ. სიმბოლურ ფასებზე? ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში, სადაც 30 ახალი სასტუმრო უნდა გაიხსნას, ბიზნესმენებისათვის 1 ლარად უნდა გადაეცათ 3,5 ჰექტარი მიწის ფართობი, თუმცა დიდი კამათის შემდეგ ეს ფართობი 0,5 ჰექტრით განისაზღვრა.

- ასეთი სქემები ბევრ ქვეყანაში არსებობს, მთავარია მიწის სიმბოლურ ფასში გადაცემას რეალური შედეგი მოჰყვეს. ამიტომაც, ამ მოვლენას არ ვაფასებ ნეგატიურად. ადრე სიმბოლურ ფასში მიწას, ძირითადად, პოლიტიკოსებს გადასცემდნენ ხოლმე. თუ ბიზნესმენს მიწას გადავცემთ იმ პირობით, რომ მან ეკონომიკურ აქტივობას შეუწყოს ხელი, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

სხვა საქმეა, რომ ეს არ უნდა იყოს გარიგების ან თავის მოქონვის საშუალება. მე უფრო სხვა რამ მაწუხებს - გაუგებარია, როცა ამბობენ, რომ ეს ბიზნესმენები 15 წლით გადასახადებისაგან უნდა გაათავისუფლონ. როგორ შეიძლება, ზეპირი შეთანხმებით აწესებდნენ ამგვარ შეღავათებს? ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, არავითარი უფლება პრეზიდენტს ან სხვა ჩინოსანს არა აქვს, ვინმეს ასეთი პირობა მისცეს, თუ კანონში შესაბამისი ცვლილება არ შევა. განხილვისას პარლამენტს შეუძლია საერთოდ ჩააგდოს ეს ინიციატივა და ბიზნესმენი, რომელსაც გადასახადებისაგან გათავისუფლებას შეჰპირდნენ, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

თუმცა ჩვენ ბევრი "გადაგდებული" ბიზნესმენიც გვინახავს და თუ მათ კიდევ რამდენიმე დაემატება, ტრაგედიას ამისაგან ალბათ არავინ შექმნის. მტკივნეული საკითხია, თუ ვის გადაეცემა სიმბოლურ ფასად ეს მიწა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება კაპიტალი, რომელიც "თბილ" ურთიერთობაშია ხელისუფლებასთან. მართალია, დასახელდა რამდენიმე კომპანია, რომელმაც ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმროები უნდა ააშენოს, მაგრამ მათი სახელები არაფერს გვეუბნება. დაველოდოთ 1 დეკემბერს, როცა უნდა გადაწყდეს ეს საკითხი და ბევრი რამ, ალბათ, უფრო ნათელი იქნება.

- ბატონო გია, ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ბევრს მსჯელობენ ბურების ჩამოსახლებაზე...

- ნამყოფი ვარ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ვიცი, როგორ ცხოვრობენ ბურები და ამ საკითხის გამო ატეხილი აჟიოტაჟი გადაჭარბებულია. უნდა სჭირდებოდეთ მათ საქართველოში ჩამოსახლება? შეიძლება ვიღაცას წარმოუდგენია, რომ ისინი რომელიღაც მესამეხარისხოვანი ქვეყნის ლტოლვილები არიან. ასე ნამდვილად არ არის. ბურები არიან სახელისუფლებო ელიტის დიდი ნაწილი იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ, მათ აქვთ სამშობლო. 40 ათასი ოჯახის ჩამოსვლა აქ წარმოუდგენელია. ისე ინტენსიურად ლაპარაკობენ ამ თემაზე, ზოგჯერ ვფიქრობ, სხვა ქვეყანაში ხომ არ ვიყავი-მეთქი.  

- სხვათა შორის, ხელისუფლება აცხადებს, რომ თავდაპირველად მხოლოდ ასამდე ოჯახი ჩამოვა, რომ ბურები ძალიან კარგი ფერმერები არიან და მათგან ბევრ რამეს ვისწავლით.

- 100 ფერმა ქვეყანაში ამინდს ვერ შექმნის. სჯობს, ქართველებს შევუწყოთ ხელი ფერმერული მეურნეობების განვითარებაში და არა უცხოელებს. სამწუხაროა, რომ ქართველ გლეხს არა აქვს საინვესტიციო რესურსი და მხარდაჭერა სახელმწიფოსაგან. ისე კი, თუ მაინცდამაინც ბურები ჩამოვლენ, ეს არ იქნება ყველაზე უარესი, ამაზე ცუდი პერსპექტივაც არსებობს...

- ან ხელები დაიკაპიწე და იშრომე, ან ვისაც შრომა უნდა, მიწა იმას მიეციო - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

- სამწუხაროდ, ხელისუფლება ხშირად შეურაცხყოფს ჩვენს ხალხს: ოროსანი მოსწავლეებიო, უსაქმური გლეხებიო და ა.შ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქართველი გლეხი ზარმაცია და შრომა არ უნდა, ძალიან საწყენია. ასე რომ ყოფილიყო, არ გვექნებოდა სამიათასწლოვანი ისტორია და საქართველო დღემდე ვერ მოვიდოდა. პრობლემა ზუსტად ის არის, რომ გლეხის შრომას ფასი არა აქვს, ეს კი უსუსური სახელმწიფო პოლიტიკის ბრალია. მერწმუნეთ, როგორც კი უცხოელები გამოჩნდებიან ქართულ ბაზარზე, ხელისუფლება მაშინვე დაიწყებს მათი ინტერესების დაცვას, ქართველი გლეხის დაცვაზე კი ამ ქვეყანაში არავის უფიქრია.

მიწის დამუშავებას მარტო ხელების დაკაპიწება და თოხის მოქნევა რომ არ შველის,  ეს ყველამ კარგად ვიცით. ამის მაგალითია სკანდალური ისტორია, რომელიც ზუგდიდში დატრიალდა: ქართველი მასწავლებლის ასეთი სურათები რომ სადმე ვინმეს ენახა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა? - იმ ადამიანს სამუდამოდ გაასახლებდნენ საქართველოდან, შეიძლება დაეჭირათ კიდეც, უცხოელს კი ყველაფერი აპატიეს. სპეცსამსახურებმა ლამის დააშინეს ყველა, რომ ამ ფაქტზე ხმა არავის ამოეღო. ეს არის პროვინციული მიდგომა, რომელსაც კარგად შეესაბამება გამონათქვამი - შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო. სწორედ ამის კლასიკური ნიმუშია ამჟამინდელი ხელისუფლების საქმიანობაც.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"