"წიგნის თაროს" სტუმარია ცნობილი ადვოკატი ლია მუხაშავრია. ქალბატონი ლია წიგნის დიდი მოყვარულია და პროფესიულ წარმატებასაც ამ გატაცებას უკავშირებს:
- დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, იმის დამსახურებაა, რომ გავიგე, რა არის წიგნი, დავაფასე და ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ვაქციე.
მიხარია, იმ თაობას რომ ვეკუთვნი, რომელსაც წიგნის უსაზღვრო სიყვარული ჰქონდა. 16 წლის შვილი მყავს და ვხედავ, წიგნს ჩემნაირად არ აღიქვამს.
- რატომ გაუნელდათ ახალგაზრდებს წიგნის მიმართ ინტერესი?
- მათთვის, ალბათ, სხვა ფასეულობები უფრო მნიშვნელოვანია. ჩემი თაობა გაცილებით რომანტიკული იყო, ისინი კი პრაგმატულები არიან. უამრავ ახალგაზრდას ვიცნობ, რომლებიც პროფესიულ ლიტერატურას კითხულობენ, მაგრამ მხატვრულისთვის დროს არ კარგავენ. ჩვენ დიდ ლიტერატორებსა და იდეალურ გმირებთან ვამყარებდით ურთიერთობას, ახალი თაობა კი ერთმანეთთან ამყარებს. ჩვენ გამოგონილი, ამაღელვებელი გმირები გვიზიდავდა, მათ კი მხოლოდ თავიანთი ნაცნობები და უცნობები აინტერესებთ...
- მხატვრული ლიტერატურა პროფესიულ საქმიანობაში თუ გეხმარებათ?
- რომ გადავრჩი და ტიპურ, უინტერესო ადვოკატს არ ვგავარ, წიგნისა და კინოს სიყვარულის დამსახურებაა. როცა ძალიან მიჭირს და რთული პროფესიული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავარ, წიგნს, კინოს მივმართავ. ეს კი საშუალებას მაძლევს, საკუთარ თავს დავუბრუნდე, გავცდე პროფესიულ ჩარჩოებს და საკითხს ორიგინალური კუთხით შევხედო, რაც მეხმარება, განსხვავებული და წარმატებული ადვოკატი ვიყო.
- საყვარელი მწერალი...
- უამრავი საყვარელი მწერალი მყავს: ჰიუგო, ჟიულ ვერნი... ახლახან წავიკითხე ლიოსა და აღვფრთოვანდი. ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძე, გალაკტიონ ტაბიძე... ვაჟას ვაღმერთებ! ვცდილობ, ახალგაზრდა მწერლების ნაწარმოებებიც წავიკითხო, ლიტერატურულ სიახლეებს რომ არ ჩამოვრჩე.
- ახალგაზრდა მწერლებიდან რომელი მოგწონთ?
- მერიდება, მომწონს-მეთქი, ვთქვა, მაგრამ სიამოვნებით ვკითხულობ აკა მორჩილაძეს. ღვინოს დაძველება სჭირდება, უკეთ რომ დააგემოვნო. მწერლობაც ასეა - შესაძლოა, კარგად იკითხებოდეს, მაგრამ რომ მოგეწონოს, დაძველებაა საჭირო.
- თქვენც ხომ არ წერთ?
- ჩემი ოცნებაა, საჩივრების ნაცვლად, რამე უფრო საინტერესო ვწერო. როდესაც პენსიაზე გავალ, აუცილებლად დავწერ და შესაძლოა, ჩემი ნაშრომი ბესტსელერადაც იქცეს (იცინის)... შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ დეტექტივები არასოდეს მიყვარდა.
- რომელ პერსონაჟს ამსგავსებთ ლია მუხაშავრიას?
- ჩემს თავს სხვაში არასოდეს ვეძებ. თუ ადამიანი სრულყოფილია (და დიდი ხანია მივხვდი, რომ ასეთი არ ვარ), აუცილებლად ინდივიდი უნდა იყოს.
- წიგნს ხშირად ყიდულობთ?
- წიგნის ყიდვის ცდუნებას ვერასოდეს ვუძლებ. შინ უამრავი წიგნი მაქვს და როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემი შვილი კლასში ყველაზე ნელა კითხულობდა, მივიყვანე წიგნის თაროებთან და ვკითხე: დედი, ამ თაროებზე აწყვია ქართული, რუსული, ინგლისური და ფრანგული წიგნები. თუ ასე ნელა გააგრძელებ კითხვას, როგორ ფიქრობ, ამ წიგნების წასაკითხად რამდენი წელი დაგჭირდება-მეთქი. ამან ისე შეაშინა, სასწრაფოდ ისწავლა სწრაფად კითხვა...
- როგორ ფიქრობთ, წიგნიერებას, განათლებას აფასებენ ჩვენს ქვეყანაში?
- ვფიქრობ, სათანადოდ - არა. ყოველთვის, როდესაც შესაძლებლობა მაქვს, ქალბატონი ნაირა გელაშვილი ვნახო, ვცდილობ, ჩემი სიყვარული და პატივისცემა დავუდასტურო. მიმაჩნია, რომ ვერ ვაცნობიერებთ, რამხელა მწერლები გვყავს; ამას წინათ ლაშა ბუღაძე დავინახე "ლიტერატურულ კაფეში" და მივხვდი, ახალგაზრდობის მიუხედავად, როგორც მწერალს, მეტი აღიარება უნდა ჰქონდეს...
- ჩვენი პოლიტიკოსები რომელ პერსონაჟებს ჰგვანან?
- უარყოფითი ლიტერატურული პერსონაჟებიც კი ძალიან მიყვარს და არ მინდა, ჩვენს პოლიტიკოსებთან გაიგივებით გავანაწყენო...
დავით ოქრუაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)