ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტთან კლინიკაში მეორე ადვოკატი ილია ლომია იმყოფება, რომელმაც შეატყობინა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცუდად გახდა და ამ ეტაპზე უარს აცხადებს, რომ ჩაერთოს სასამართლოს.
“ახლახან დამიკავშირდნენ და თქვეს, რომ ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი. მიხეილ სააკაშვილი გახდა ცუდად, აქედან გამომდინარე, ექიმიც გამოიძახეს და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე.
მაგრამ თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს და ჩართავს, არ ვიცი, შეიძლება გამომჯობინდეს და ჩაერთოს სასამართლო პროცესზე", - თქვა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, დღეს ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ პირველად მიეცა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა, რომ სასამართლოს დისტანციურად, კლინიკა "ვივამედიდან" დასწრებოდა. სააკაშვილმა საუბარი უკრაინულ ენაზე დაიწყო, რისი საშუალებაც მოსამართლემ არ მისცა.