ცნობილი ონლაინ ინფლუენსერი და ქალთმოძულე ენდრიუ ტეიტი დააკავეს. 35 წლის თვითგამოცხადებული გურუ, რომელიც არაერთ ახალგაზრდა მამაკაცსა და თინეიჯერზე ახერხებდა გავლენის მოპოვებას და მიზოგინიური აზრების გავრცელებას, ახლა რუმინეთის ციხეში იმყოფება თავის ძმასთან და ორ თანამზრახველთან ერთად. მას ბრალად ედება ადამიანებით ვაჭრობა, გაუპატიურება და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა.
ტეიტი წარმოშობით დიდი ბრიტანეთიდანაა და წარსულში პროფესიონალი კიკბოქსერი და რეალითი სატელევიზიო ვარსკვლავი იყო, თუმცა ბოლო 1 წლის მანძილზე მისმა კარიერამ პიკს მიაღწია. წარმატებას მან ახალგაზრდა მამაკაცების და თინეიჯერების მანიპულაციით მიაღწია, თუმცა საბოლოოდ ის მრავალმა სოციალური მედიის პლატფორმამ დაბლოკა სიძულვილის ენით საუბრისა და მიზოგინიური კომენტარების გამო.

"ენდრიუ ტეიტს, მის ძმას და მათ ორ თანამზრახველს 24 საათით დააკავებენ" - განაცხადეს ორგანიზებული დანაშაულის საწინააღმდეგო განყოფილების თანამშრომლებმა.
განცხადება მათი ქონების რეიდის შემდეგ გააკეთეს. ძმებმა უარი განაცხადეს კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ მათმა ადვოკატმა დაადასტურა, რომ ორივე დაკავებულია. ტეიტის სპიკერმა კი Daily Mirror-თან განაცხადა, რომ "ენდრიუ და ტრისტან ტეიტები უაღრესად დიდ პატივს სცემენ რუმინეთის ხელისუფლებას და მათთან თანამშრომლობაზე ყოველთვის თანახმა არიან."
ძმებზე ჯერ კიდევ აპრილში გაიხსნა სისხლის სამართლის საქმე. გამომძიებლების განცხადების მიხედვით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ სექსუალურად ექსპლოატირებული 6 ქალი იდენტიფიცირებულია.
"როგორც ჩანს, ოთხმა ეჭვმიტანილმა, ქალების გაქირავების, დაბინავების და ექსპლუატაციის მიზნით ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი შექმნა. მათ აიძულებდნენ პორნოგრაფიული კონტენტი შეექმნათ, რომელთა ნახვაც, ხალხს, სპეციალიზებულ ვებსაიტებზე გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეძლებოდა. მათ დიდი მოგება უნდა ჰქონოდათ", - აცხადებენ გამომძიებლები.

ამ კვირის დასაწყისში, ტეიტმა კლიმატის აქტივისტს, გრეტა ტუნბერგს მიმართა და უთხრა, რომ მას 33 მანქანა ჰყავდა, "წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით გამონაბოლქვით". რაზეც გოგონამ ურჩია, რომ "საქმე მოენახა". საბოლოოდ, რუმინეთის ხელისუფლებამ სწორედ გრეტასადმი მიძღვნილი ვიდეოს წყალობით შეიტყო, რომ ტეიტი რუმინეთში იმყოფებოდა, რადგან ძებნილ ინფლუენსერს ვიდეოში ადგილობრივი პიცერიის ყუთი ედო მაგიდაზე.
წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ნახეთ ასევე: