რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში უკრაინული ძალების მიერ სარაკეტო დარტყმის განხორციელებას ხელი რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ მობილური ტელეფონების უკანონო გამოყენებამ შეუწყო.
"ამ ფაქტორმა მტერს საშუალება მისცა, თვალყური ედევნებინა და განესაზღვრა ჯარისკაცების ადგილმდებარეობის კოორდინატები სარაკეტო დარტყმისთვის“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ამასთანავე, უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 89-მდე გაიზარდა.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად ხორციელდება საჭირო ზომები, რათა მომავალში მსგავსი ტრაგიკული ინციდენტები გამოირიცხოს.
შეგახსენებთ, უკრაინელებმა, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, HIMARS -ის სარაკეტო იერიშის შედეგად, დონეცკის ოლქის ოკუპირებულ მაკეევკაში, რუსეთის მიერ ორგანიზებული, მობილიზებულების ბაზა გაანადგურეს. მსხვერპლი იმდენად დიდია, რომ კრემლმა ამ ამბის დამალვა ვერ შეძლო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო დარტყმა 2 იანვარს დაადასტურა და განაცხადა, რომ დაიღუპა 63 სამხედრო, თუმცა უკრაინის გენერალური შტაბის წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია რუსეთის მიერ მობილიზებული სულ ცოტა 400-მდე პირი, რომლებიც პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში იმყოფებოდნენ და ახალი წლის საზეიმოდ ემზადებოდნენ.
იხილეთ ასევე: