ავტორი:

"კანონიერი ქურდების" მორიგი ბრძოლა გავლენებისთვის - აფხაზეთში რაულ ბარცბას ავტორიტეტი სუსტდება: "მის იმპერიას ჩუმად, თითო-თითო აგურის გამოცლით არყევენ"

"კანონიერი ქურდების" მორიგი ბრძოლა გავლენებისთვის - აფხაზეთში რაულ ბარცბას ავტორიტეტი სუსტდება: "მის იმპერიას ჩუმად, თითო-თითო აგურის გამოცლით არყევენ"

ხანმოკლე პაუზის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კრიმინალური კლანები ისევ გააქტიურდნენ. ამის პარალელურად, ადგილობრივი გამოცემა АБХАЗИЯ-ЦЕНТР-ის ცნობით, 2017 წლის შემდეგ, პირველად, აფხაზეთში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების იმ ნაწილის დარბევა იგეგმება, რომლებიც ადგილობრივ მაღალ "ქურდულ არისტოკრატიას" წარმოადგენენ...

გამოცემის ცნობით, რეგიონში წინასაახალწლოდ, ზღვარსგადასული "პაკას" (იგივე, სტანისლავ ციშბა) და "პიზას" (იგივე რაულ ბარცბა) გავლენები და ავტორიტეტი უნდა შერყეულიყო.

"საქმე ის არის, რომ 2019 წლის შემდეგ, მას მერე, რაც ბარცბას მარჯვენა ხელი და მთავარი მოკავშირეები, "ხასიკი" (ასტამურ შამბა) და "ასტიკი" (ალხას ავიძბა) სოხუმის ცენტრში ჩაცხრილეს, მისი გავლენები ისეთივე ურყევი ვეღარ არის. უფრო ადრე კი, მათი კიდევ ერთი მოკავშირე იური პიჯაკა გაანეიტრალეს, მთლიანობაში კი, ეს დანაკლისი მათ შესაძლებლობას არ აძლევს, წინააღმდეგობა გაუწიონ მერაბ ჯანგველაძის ("მერაბ სუხუმსკის") გავლენიან კლანს", - წერს გამოცემა.

არსებული ინფორმაციით, "პიზა" ახალწვეულებმა "ოფიციალურად" დაიბარეს, მაგრამ ის შეხვედრაზე არ წასულა...

ადგილობრივების ცნობით, რასაკვირველია, ყველაფერი ერთი დაბარებით არ დასრულდება. ბარცბას გავლენების შეზღუდვა ისედაც დაწყებულია, მისი იმპერია, რომელიც მართალია, ადგილობრივ მასშტაბებზე იყო გათვლილი, მაგრამ აფხაზეთში უპირობოდ ყველაზე ძლიერი იყო, ნელ-ნელა სუსტდება. კრიმინალური ავტორიტეტები ჩუმად, უხმაუროდ, მაგრამ თითო-თითო აგურის გამოცლით არყევენ მას.

რაულ ბარცბა უკვე რამდენიმე წელია, აფხაზეთში სრული გავლენით სარგებლობდა, იმდენად, რომ რეგიონის ყველა ხელმძღვანელი პირი, ასევე ოპოზიციური ძალების მეთაურები, მცირე გამონაკლისის გარდა, მასთან ვალში იყვნენ, რადგან უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში, თამაშში სწორედ ბარცბა და მისი მოკავშირეები ერთვებოდნენ. მხარეებს გარიგებას სთავაზობდნენ, პირობებს აცნობდნენ. მათი სიტყვა კი ჭრიდა.

რაულ ბარცბა

იგივე ხდებოდა ბიზნესსფეროში, რომელიც შეიძლება ითქვას, ოკუპირებულ რეგიონში მთლიანად კრიმინალური ავტორიტეტების კონტროლის ქვეშ არის. იმდენად, რომ მათ უკვე ე.წ. საბიუჯეტო სახსრებზეც მიუწვდებოდათ ხელი. რომ არაფერი ვთქვათ, ტურიზმზე, ციტრუსისა და თხილის ბიზნესზე, რომელიც რეგიონში, მართალია, სეზონურ, მაგრამ საკმაოდ მსუყე შემოსავლად ითვლება.

ბჟანია-არძინბა, ალექსანდრე ანქვაბისგან განსხვავებით, კრიმინალებთან შედარებით ხისტი პოლიტიკის გატარებას ცდილობდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა რუსეთის დაკვეთით ხსნის. მათი მოსაზრებით, ეს შეტევაც რუსეთიდან მოდის, რადგან ბოლო ხანებში "პაკა"-"პიზას" დუეტი, რუსულ-აფხაზური ბიზნესის თავიანთი გავლენის ქვეშ მოქცევას ცდილობდა.

რაც შეეხება ჯანგველაძის კლანს, ის არასდროს მოდუნებულა, უბრალოდ, შესაფერის მომენტს ელოდა. დიდი ალბათობით, მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია პირადი შურისძიება, მაგრამ თუ ამის წინაპირობას ადგილობრივი ხელისუფლება შექმნის, დანარჩენ საქმეს ბოლომდე ისინი მიიყვანენ.

"სამად გაყოფას, ცხადია, ორად გაყოფა სჯობს. ბარცბას კი ბჟანიას მიმართ ნამდვილად ზედმეტი მოსდიოდა, ხშირად პრეზიდენტს ასისტენტივით უყურებდა, რაც მას მოსახლეობის თვალში აკნინებდა" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ალიას აფსუა.

"აქ მხოლოდ წილებისა და გავლენების საქმე არ არის, "პიზას" კონფლიქტური ხასიათი აქვს, რაც ყველამ იცის. მასთან საქმიანი, მოკავშირული ურთიერთობა ძნელი წარმოსადგენია, მას უნდა ყველა ემორჩილებოდეს. ეს შესაძლოა, ადგილობრივ მასშტაბებზე ძნელი არ იყო, მაგრამ მუდმივი ვერ იქნებოდა, მით უფრო, რომ მის წინააღმდეგ "მერაბ სუხუმსკი" იყო, რომელიც სოხუმის კლანს ხელმძღვანელობს, ამიტომ "პიზას" მეფობა მხოლოდ დროებითია... კიდევ ერთი, ბარცბა იმდენად გადავიდა ზღვარს, რომ მისი დაპატიმრება, ბევრს შვებასაც კი მოჰგვრის" - მიაჩნია ნიკოლა კოშინის.